სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ლარი ისეთ ნიშნულზეა, რომ ფასის შენარჩუნება შეუძლებელია, ყველა პროდუქტს გავაძვირებთ"
    მარი ჩიტაია
    14.09.2018

     ლარის არნახულმა გაუფასურებამ პროდუქტის მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა. დისტრიბუტორები არ მალავენ, რომ უახლოეს პერიოდში სურსათზე ფასები გაიზრდება. ერთი მხრივ, ლარის დევალვაციაა, თუმცა ფასებზე არანაკლებ გავლენას საწვავის გაძვირებაც ახდენს, რომელიც ასევე უკანმოხედავად მატულობს. უცხოურ ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 79 დოლარს გადააჭარბა. პირველადი მოხმარების საქონელი საწვავის გამოც ძვირდება.

    მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მხოლოდ იაფფასიან პროდუქტს სწვდება. დისტრიბუტორებმა ძვირი პროდუქტის რამდენიმე დასახელება რეალიზაციიდან საერთოდ ამოიღეს კიდეც, რადგან მათი გასაღება ვეღარ ხერხდება.

    მდგომარეობა მძიმეა კომპანიებისთვის. მათი წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხშირ შემთხვევაში წაგებაზე მუშაობენ, რათა გაკოტრებას გადაურჩნენ.

    სადისტრიბუციო კომპანია "გრანდის" დამფუძნებელი, იმპორტიორი ივა ჭყონია ამბობს, რომ ფასების შენარჩუნება უკვე შეუძლებელი ხდება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ჯერ პირველადი მოხმარების პროდუქტი გაძვირდეს, თუმცა იმპორტული ნაწარმის ფასიც მასობრივად მოიმატებს.

    "ფასების თემა უკვე ძალიან მტკივნეული გახდა ქვეყანაში. კურსი მუდმივად იცვლება და სამომხმარებლო ბაზარზე ეს ძალიან მძიმედ აისახება. სხვადასხვა აქციის ხარჯზე რაღაცნაირად ვცდილობთ ფასის გარკვეულ დონეზე შენარჩუნებას, მაგრამ გაძვირების ტალღას ამით ვერ გავაჩერებთ.

    ლარის კურსი უკვე კრიტიკულ ზღვარზეა. თუ ფასები ავწიეთ, მსყიდველუნარიანობა შემცირდება, ამიტომ იძულებული ვართ, რომ მოგების მაჩვენებელი შევაჩეროთ. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ნულზეც გავიდეთ, მაგრამ პერსპექტივისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა ღირს. პირველ რიგში, გაძვირდება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი - შაქარი, ზეთი, წიწიბურა და სხვა.

    ამ სეგმენტზე ცვლილება მყისიერად მოქმედებს, უცებ იმატებს ფასი, მაგრამ უმოკლედ პერიოდში იწევს დაბლა. ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. დღეს, როცა ქსელური მარკეტები იზრდება, ასეთი საფასო ცვლილება ბაზრის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს, განსაკუთრებით კი დისტრიბუციაზე აისახება.

    აყველაზე მეტად სწორედ იმპორტიორებს აზარალებს და გარკვეულწილად მწარმოებლებსაც, რომლებიც დიდწილად უცხოურ ნედლეულზე არიან დამოკიდებული", - განუცხადა "რეზონანსს" ჭყონიამ.

    ზოგიერთ სუპერმარკეტში არ მალავენ, რომ, აგვისტოდან მოყოლებული, ფასების გადახედვა თითქმის ყოველდღიურად უწევთ. როგორც სუპერმარკეტების თანამშრომლები აღნიშნავენ, საფასო ცვლილება თითქმის ყველა დასახელების პროდუქტს შეეხება. მაღაზია "არანისის" თანამშრომლის ინფორმაციით, პროდუქტის გაძვირება უახლოეს დღეებშიც მოუწევთ.

    "საფასო პოლიტიკას გადავხედეთ, ძალიან მალე მოვახდენთ ცვლილებას. შესაძლოა, ეს პროცესი სუპერმარკეტში ხვალიდან დაიწყოს. ლარი ისეთ ნიშნულზეა, რომ ფასის შენარჩუნება შეუძლებელია. ვფიქრობთ, ყველა პროდუქტის ფასი ერთიანად მოიმატებს.

    დისტრიბუტორების შემოტანილ პროდუქტსაც დაეტყო ცვლილება. ზედიზედ მესამე დღეა, მათი ნაწილი მომატებულ ფასში შემოაქვთ. რამდენიმე დასახელების პროდუქტზე ფასის შენარჩუნებას მეტ-ნაკლებად ვახერხებდით. ეს უფრო ადგილობრივი წარმოების სურსათს შეეხება, მაგრამ გარკვეულ დონეზე უკვე ისიც გაძვირდება", - ამბობს მაღაზიის წარმომადგენელი.

    დიდუბეში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის ადმინისტრატორმა ლელა კლდეისელმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ მუდმივად უწევთ ფასების კორექტირება, რის გამოც თითქმის ყველა პროდუქტის რეალიზაცია შემცირდა.

    "მაღაზიის ყველა სეგმენტს აქვს პრობლემა, რადგან გაყიდვამ ყველაფერზე იკლო. ჩვენი გასაჭირი ისაა, რომ მოსახლეობა მსყიდველუნარიანი აღარ არის. ხშირად გვიწევს ფასების შეცვლა, რაზეც მომხმარებელი უარყოფითად რეაგირებს. უმეტესწილად ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის შეძენას ცდილობენ, თანაც მიზერული რაოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვის თვალსაზრისით შემოდგომა აქტიური სეზონია, მომხმარებლის მხრიდან რომელიმე პროდუქტის დიდი მარაგით ყიდვა წარმოუდგენელია. ხალხი საკვებს აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით ყიდულობს", - ამბობს ლელა კლდეისელი.

    ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის მენეჯერი ლევან ფაილოძე ფიქრობს, რომ არსებული ფასი ორ დღესაც ვერ გასტანს და ამ მხრივ გარკვეული ზომების მიღება დასჭირდებათ.

    "ჩვენთვის თითო თეთრით გაძვირებაც მტკივნეულია, რადგან გაყიდვაზე ძალიან მოქმედებს. ლარის გამო კრიზისში ვარ, ხალხიც იშვიათად შემოდის. ყველა ცდილობს ისეთ ადგილებში სიარულს, სადაც შედარებით იაფად ექნებათ პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობა. რა გამოდის, ფასი მაღლა იწევს, რეალიზაცია კი გვიმცირდება.

    მომხმარებელიც უკმაყოფილოა და - ჩვენც. მარტო იმპორტირებული ნაწარმი არ ძვირდება, ადგილობრივზეც მატულობს ფასი. ახლაც იმაზე ვმსჯელობთ, რა მაჩვენებლით შევძლებთ საკვებისა და საყოფაცხოვრებო საქონლის ფასის მომატებას. იძულებული ვართ, ამ ღონისძიებას მივმართოთ. დღეს თუ ხვალ მომხმარებლისთვის სხვა შეთავაზება გვექნება. ლარის კურსმა სტაბილიზაციის შეგრძნება დაგვიკარგა", - ამბობს ლევან ფაილოძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved