სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მსოფლიო ბანკის კვლევა და საზოგადოების განწყობა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება
    თამარ ვეფხვაძე
    09.10.2018

     არის თუ არა საქართველოში სისტემური კორუფცია - ამაზე საუბარი ბოლო პერიოდში ძალიან გამწვავდა. ოპოზიცია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მექრთამეობის დონემ ქვეყანაში აიწია. ამ მოსაზრებას ჯერჯერობით არ ეთანხმებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომელებიც სპეციალურ კვლევებს ატარებენ.

    მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევის თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკმა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ლიდერ ქვეყნებს შორისაა.

    საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 პოზიციაზეა და უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ 13 სახელმწიფოს, როგორებიცაა მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი.

    საქართველოს ქულა, კორუფციის კონტროლის მხრივ, კერძოდ, შეფასების რანგირების 100%-იანი სკალაზე 77,40%-ს გაუტოლდა და 48-ე პოზიცია დაიკავა. აღნიშნულ ინდიკატორში ეს ქვეყნის ისტორიული მაქსიმუმია.

    მსოფლიო ბანკის "მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები" მსოფლიოს 200 ქვეყანას მმართველობის 6 მიმართულებით აფასებს:

    - გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება;

    - პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობასთან ბრძოლა;

    - მმართველობის ეფექტიანობა;

    - რეგულაციების ხარისხი;

    - კანონის უზენაესობა;

    - კორუფციის კონტროლი.

    კიდევ ერთი ინდიკატორი, სადაც საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა, რეგულაციის ხარისხია. შეფასების რანგირების 100%-იანი სკალიდან 81.73% დაიმსახურა და 2017 წელს მსოფლიოში 38-ე ადგილი დაიკავა.

    აღსანიშნავია, რომ, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია აღნიშნულ ინდიკატორში 17 ადგილით გაუმჯობესდა.

    რეგულაციის ხარისხის ინდიკატორში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ბალტიის ქვეყნებთან ერთად ლიდერია.

    სხვათა შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით საუკეთესო 20-ეულში ყოფნას პროფესორი ვახტანგ ჭარაია მნიშვნელოვან მიღწევას უწოდებს.

    ბოლო პერიოდში გააქტიურებულია საუბარი, რომ საქართველოში კორუფციის დონემ მოიმატა და ქვეყანაში ვითარება თანდათან საგანგაშო ხდება. ჯერჯერობით ამას საერთაშორისო ანალიტიკოსები არ ადასტურებენ. ფაქტია, რომ მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშში თითოეულ პარამეტრში წინსვლა დასტურდება.

    პროფესორი ვახტანგ ჭარაია აღნიშნავს, რომ ეს კვლევა მოიცავს როგორც კორუფციის ყველა დონეზე შესაძლებლობას, ასევე ე.წ. ელიტურ კორუფციას. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს აქვს 100%-იან სკალაზე 77,20%, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საუკეთესო მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით.

    "გარდა ამისა, ჩვენ გადავუსწარით პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა ქვეყანას, მხოლოდ ესტონეთი გვისწრებს. საუბარი არ არის რეგიონზე. აქ ვჯობივართ ორივე მეზობელ ქვეყანას და ერთადერთი მაჩვენებელი, რომელიც სხვაზე ნაკლებია (აზერბაიჯანზე უკეთესი, მაგრამ სომხეთზე უარესი), ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის არარსებობა. სწორედ ამ ინდიკატორით ჩამოვრჩებით სომხეთს, ანუ მათთან პოლიტიკური სტაბილურობა უფრო მეტად არის, თუმცა ამას ობიექტური მიზეზები აქვს...

    ჩვენ "ვარდების რევოლუცია" გვქონდა და მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო ვართ უკან, რაც კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ სხვა ნებისმიერი პარამეტრი რომ ავიღოთ, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც (კანონის აღსრულება იქნება ეს, კორუფციის კონტროლი, მმართველობის ხარისხი თუ სხვა) ყველგან საქართველო საუკეთესოა რეგიონში. ეს მაჩვენებელი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ევროპის საუკეთესო ოცეულში ვართ", - აცხადებს "ჯიბისისთან" ჭარაია.

    მსოფლიო ბანკის კვლევა სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა ხელისუფალთათვის. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას განცხადებით, მსოფლიო ბანკის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ კორუფციის კონტროლითა და მმართველობის ეფექტიანობით საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, სინამდვილეს შეესაბამება და აუცილებელია, ასეთი აღქმა საზოგადოებასაც ჰქონდეს.

    "მსოფლიო ბანკის განმარტება ყოველთვის გარკვეულ კრიტერიუმებს ეფუძნება. დასკვნას აქედან გამომდინარე აკეთებენ და არა - ზედაპირულად. ოპონენტების მოსაზრებას ვერ გავიზიარებ, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფცია არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მსგავსი აღქმა საზოგადოებასაც ჰქონდეს.

    სამწუხაროდ, ამ კუთხით სხვაგვარი ვითარებაა. საზოგადოებაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, რომლებიც დომინირებს და მის აღქმას აყალიბებს. ხშირად, რეალობასა და აღქმას შორის შეიძლება აცდენა იყოს, თუმცა საზოგადოებას ვერ დავავალდებულებ, უნდა თუ არა, ყველა კომპეტენტური წყარო შეისწავლოს და თავისი პოზიცია შემდეგ ჩამოაყალიბოს.

    მსოფლიო ბანკის დასკვნა მნიშვნელოვანია, სინამდვილეს შეესაბამება, რადგან ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები საერთოდ არ გვაქვს. ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, ხელისუფლების მხრიდან აქცენტის გაკეთება აუცილებელია, რათა ეს აღქმა საზოგადოებაშიც ჩამოყალიბდეს. ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა ამ დასკვნასთან ერთად", - აღნიშნა რომან კაკულიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved