სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მიწისქვეშა ქსელების ძალიან დიდი ნაწილი მოძველებული და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია"
    მარი ჩიტაია
    09.10.2018

     თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია გაიყიდა, მაგრამ იქ იმდენად რთული ვითარებაა, რომ შესაძლოა, მომდევნო წლებშიც ძირეულად არაფერი შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ახალი მფლობელი ჰყავს, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ უსაფრთხო გაზმომარაგების მხრივ არსებული ვითარება დარჩება, სანამ კანონი არ შეიცვლება. კომპანია "ვოლთბეი", რომელიც "ყაზტრანსგაზის" ახალი მფლობელია, საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშეა.

    "ყაზტრანსგაზ-თბილისის" შეძენის დეტალების შესახებ კომპანიამ განცხადება გუშინვე გაავრცელა. ირკვევა, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წილის შეძენა ყაზახური მხარის მიერ გასხვისების პროცესის ტექნიკური ნაწილის გამარტივების გამო მოხდა და ჯგუფი შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" წილს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას უახლოეს მომავალში გადასცემს.

    თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელის ახალი მფლობელი "ვოლთბეი" "სიბიეს ჯგუფში" შედის, რომელიც 2013 წლის 25 მარტს დაარსდა. ოფიციალურ საიტზე მითითებული ინფორმაციით, "სიბიეს ჯგუფის" პარტნიორი კომპანიები არიან "კავკაზუს ონლაინი", "თბილისის მიკროავტობუსი", შპს "მობიტელი" ("ბილაინი"), "ჯორჯიან სერვის ნეთვორქი" და "თისივი რეინლანდი". კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.

    სპეციალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ კომპანია უწყვეტი მომარაგების ნაწილში პირობას შეასრულებს, მაგრამ აქვე დასძენენ, რომ არსებულ საკანონმდებლო გარემოში გაზის უსაფრთხო მიწოდება ვერ მოხერხდება. ცხადია, რომ ამ მხრივ კომპანიის ახალ მფლობელს სერიოზული ინვესტიციები ექნება განსახორციელებელი, თუკი თავისი დაპირების შესრულებას შეეცდება.

    სწორედ ასე ფიქრობს ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, ვინც ასევე "ყაზტრანსგაზის" ყოფილი თანამშრომელია და კომპანიის წინაშე არსებული პრობლემები მისთვის კარგად ნაცნობი თემაა.

    "რა განცხადებაც არ უნდა გაავრცელონ, კანონი თუ არ შეიცვალა, არაფერი გამოსწორდება. ფაქტია, რომ დღეს "ყაზტრანსგაზი" უსაფრთხო მომარაგებას ვერ ახერხებს. ხშირად ბინები ფეთქდება, ხდება აალება და ეს შემთხვევები ყოველ ზამთარშია ბოლო წლების განმავლობაში. მე ვიცი და თვითონაც კარგად იციან, რატომ ხდება ეს - მიწისქვეშა ქსელების რეაბილიტაცია არ ხორციელდება და ამ დროს ყველა უბედურ შემთხვევაზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.

    ახალ-ახალი საქმეები პროკურატურაში შედის და საკმაოდ მრავლადაა, თუმცა კანონი კომპანიის სასარგებლოდ შეიცვალა და საქმეები რეალურად გამოუძიებელი რჩება. აღმოჩნდა, რომ კომპანიას უსაფრთხოების ნორმას კანონი კი არ უწესებს, არამედ თვითონ შეუძლია შიდა კანონის შეცვლა, როგორც მას მიაჩნია სწორად და სურს. შემდეგში ამ ნორმის დაცვა ევალება, მაგრამ ეს სტანდარტი მოირგეს ისე, რომ საბოლოოდ პასუხი არაფერზე აგონ, თუნდაც მთელი ქალაქი აფეთქდეს.

    რაც შეეხება უწყვეტი მომარაგების საკითხს, ისედაც არ არის პრობლემა. გაზმომარაგების სპეციფიკაა, რომ ყოველი გათიშვა ძალიან აზარალებთ, რადგან შემდგომში მისი აღდგენა დიდ ხარჯს უკავშირდება. გარდა ამისა, უსაფრთხიოების თვალსაზრისითაც არის საშიში, ამიტომ მუდმივად ცდილობენ უწყვეტ მომარაგებას და ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ არის.

    კომპანიის ახალი მფლობელის მიმართ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თვითონ სიტუაციაა მძიმე. მიწისქვეშა ქსელების ძალიან დიდი ნაწილი მოძველებული და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. სავსებით შესაძლებელია, გაზი მიწისქვეშა გვირაბებში ან სანიაღვრო ჭებში დაგროვდეს და აფეთქება გამოიწვიოს.

    ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა ინვესტორმა პირველ რიგში უნდა გამოასწოროს, მაგრამ საჭიროა კანონის შეცვლა, რისი მოლოდინიც ჯერჯერობით არ მაქვს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" სიმონიშვილი და დასძენს, რომ მისთვის ასევე გაუგებარია კომპანიაში სპეციალური მმართველის დარჩენა, რისი აუცილებლობაც, წესით, არ უნდა ყოფილიყო.

    "სპეციალური მმართველის დატოვება არ მესმის, გასაგებია, რომ ათეულობით მილიონ დავალიანებაზე იყო საუბარი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ კომპანიამ ამ ფულს თავი მოუყარა. ოფიციალურად მოხდა თუ არა გადახდა, უცნობია. თუკი გადახდა მოხდებოდა, ე.ი. სპეციალური მმართველის რეჟიმი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ვფიქრობთ, რომ კომპანიამ, რომელმაც "ყაზტრანსგაზი" იყიდა, ძალიან კარგად იცის ეს მდგომარეობა ან თავადაც მონაწილეობს ამ პროცესებში", - აცხადებს სიმონიშვილი.

    კომპანია "ვოლთბეის" მიერ ყაზახი ბიზნესმენებისთვის შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ნასყიდობისთვის წაყენებული წინაპირობა გახლდათ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისაგან გათავისუფლება და ყაზახი კრედიტორების მხრიდან "ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის" ნასესხები 347 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მოთხოვნის უფლების "ვოლთბეისათვის" დათმობა, რაზეც ყაზახურმა მხარემ თანხმობა განაცხადა.

    "საქართველოს მთავრობამ, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების პატიების სანაცვლოდ, ყაზახური მხარისაგან საერთაშორისო არბიტრაჟში არსებული საქმის საქართველოს სასარგებლოდ მორიგებით დასრულება, ხოლო კომპანია "ვოლთბეის" დათმობილ 347 მილიონ ლარზე მეტ მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა, რაც საქართველოს მთავრობის განმარტებითვე, მომხმარებელთა დაცვას ემსახურებოდა. კომპანია "ვოლთბეიმ" და ყაზახმა კრედიტორებმა საქართველოს მთავრობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადეს, რის სანაცვლოდაც შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" გათავისუფლდება სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისაგან.

    კომპანია "ვოლთბეი" მზადაა მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობისათვის, რაც მოსახლეობის ბუნებრივი აირით ხარისხიან და უსაფრთხო მომარაგებას გულისხმობს", - წერია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ახალი მფლობელის განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved