სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვის სჭირდება ისეთი სტატისტიკა, რომელიც რეალურ მდგომარეობას არ ასახავს?
    თამუნა მუკბანიანი
    10.10.2018

     "საქსტატი" ამტკიცებს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 999 ლარია. იმ ფრონზე, როცა ქვეყანაში სიღარიბე იზრდება, ყველაზე მეტი ადამიანი მომსახურების სფეროშია დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი 300-450 ლარია. გამოდის, რომ ოფიციალური და რეალური სტატისტიკა ერთმანეთს, მინიმუმ, ორჯერ არის აცდენილი.

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში 2017 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასულ წელთან შედარებით, 6.3%-ით გაიზარდა და 999.1 ლარი შეადგინა. ამ მონაცემებს მკვეთრად ზრდის მაღალანაზღაურებადი დარგები. 2017 წელს საქმიანობის მიხედვით ყველაზე მაღალი ანაზღაურება იყო საფინანსო და სადაზღვევო სფეროში და 2008 ლარს მიაღწია; შემდეგ მოდის პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1594 ლარი; მშენებლობა - 1465 ლარი; ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგები - 1425 ლარი.

    2017 წელს საშუალო ნომინალური ხელფასების დონე სახელმწიფო სექტორში თითქმის არ შეცვლილა წინა წელთან შედარებით და 861.2 ლარი შეადგინა. შესაბამისად, საშუალო ხელფასების ზრდა ქვეყანაში მთლიანად არასახელმწიფო სექტორზე მოდის: 2017 წელს არასახელმწიფო სექტორის ხელფასები 990.9 ლარიდან 1077.1 ლარამდე გაიზარდა. ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 8.7%-ით გაიზარდა და 1019.7 ლარი შეადგინა.

    ეკონომიკის დოქტორი, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ საშუალო სტატისტიკური ხელფასი საერთოდ არ ასახავს ქვეყნის რეალობას. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გაცილებით დაბალი ანაზღაურება აქვს და ეს ყველამ იცის.

    "საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი არანაირად არ ასახავს რეალობას. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ძალიან დაბალი ხელფასებია არა მხოლოდ მომსახურების სფეროში, არამედ - ორგანიზაციების დიდ ნაწილში. ეს მცირე ანაზღაურება ხშირად 300 ლარზე ნაკლებია. უბრალოდ, სტატისტიკურ მონაცემებს აბალანსებს მაღალანაზღაურებადი, საფინანსო, სამთავრობო და მენეჯერული სამსახურები.

    აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილი ხელფასს ვერც კი იღებს. ჩვენ ვისაც დასაქმებულად მივიჩნევთ, იქიდან ნახევარიც არ არის ხელფასზე (ე.წ. თვითდასაქმებულები) და ესეც, რა თქმა უნდა, ცდომილებას იწვევს სტატისტიკურ რეალობასთან.

    თუ იქნება ნება, რომ ნამდვილი სურათი გვქონდეს, პირველ რიგში, მედიანური ხელფასი უნდა განისაზღვროს. ეს უნდა დაადგინოს და დანერგოს სტატისტიკამ. რეალურად მაღალი ხელფასი აქვს 17%-ს, ძალიან მაღალი - 2%-ს, დანარჩენს კი დაბალი ან საშუალოზე დაბალი ანაზღაურება აქვს.

    სინამდვილეში, "საქსტატის" მონაცემები ერთგვარად გარე მოხმარებისათვისაა, რადგან ჩვენი უცხოელი პარტნიორები და ანალიტიკოსები ვერ ხედავენ ჩაშლილ სტატისტიკას", - აცხადებს გერლიანი "რეზონანსთან".

    ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ გასაშუალოებული მაჩვნებლის თვლა მსოფლიო პრაქტიკით ხდება საქართველოშიც, თუმცა ის, რაც "მართალია" ციფრებში, აცდენილია ცხოვრების რეალურ სურათს.

    "საქსტატის" მონაცემებში ეჭვის შეპარვის საფუძველი არ არსებობს. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომლითაც ანგარიშობს საქართველოს სტატისტიკის სამსახური. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ მოსახლეობის რეალური მდგომარეობა და ყოფითი რეალობა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვერ ასახავს გასაშუალოებული მაჩვენებელი.

    სტატისტიკურად გამოდის, რომ საშუალო ხელფასი 1000 ლარია. ამ დროს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რა თქმა უნდა, ბევრად დაბალი ანაზღაურება აქვს. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, დასაქმებულთა ნახევარს 500 ლარზე ნაკლები ხელფასი ეძლევა.

    აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ფონზე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები, ანუ მათი რაოდენობა, ვისაც წელიწადში 40 000 ლარის შემოსავალი უფიქსირდებათ და იხდიან ქონების გადასახადს, სულ 37 000-ია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

    ძალიან ცოტაა 3500 ლარს ზემოთ ანაზღაურებადი ადამიანი, უფრო ცოტაა, ვისაც 10 000-ობით ლარის ჯამაგირი აქვს და ამავდროულად ათეულ ათასობით ისეთი ადმიანია, ვისი ანაზღაურებაც 300, 400 და 500 ლარია. საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველის ხელფასი არ არის 999 ლარი, მაგრამ დათვლის დროს ყველაფერი წესრიგშია და ასე იანგარიშება საშუალო სტატისტიკური ციფრი. ის, რაც "მართალია" ციფრებში, აცდენილია ცხოვრების რეალურ სურათს", - აცხადებს "რეზონანსთან" ჭარაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved