სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    2030 წლისათვის მოხმარება 50%-ით გაიზრდება და ამხელა დეფიციტს აზერბაიჯანი ვერ შეავსებს
    მარი ჩიტაია
    10.10.2018

     ბუნებრივი აირის მოხმარების მკვეთრი ზრდით შესაძლოა, საქართველოში რუსული გაზის საჭიროება დადგეს. საეჭვოა, აზერბაიჯანული გაზი გაზრდილ მოთხოვნას გაუმკლავდეს. ერთ-ერთ ალტერნატივად ენერგეტიკოსების ნაწილი თურქმენული გაზის იმპორტს მიიჩნევს, რისი შესაძლებლობაც პერსპექტივაში რეალურია. რა გზას აირჩევს ქვეყანა საბოლოოდ, ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.

    ეს საკითხი დღეს საკმაოდ აქტუალურია იმ ფონზეც, როცა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია დამაფიქრებელ პროგნოზს აკეთებს, რომლის მიხედვითაც, 2030 წელს საქართველოში ბუნებრივი აირის წლიურმა მოხმარებამ შესაძლოა, 3.5 მლრდ კუბ/მეტრს გადააჭარბოს. ეს ნიშნავს, რომ გაზის მოხმარება ქვეყანაში 50%-ით გაიზრდება.

    ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელ თემურ გოჩიტაშვილის ინფორმაციით, გაზრდილი მოთხოვნა შეიძლება, აზერბაიჯანულმა გაზმა დააკმაყოფილოს, რადგან 2022-დან 2026 წლამდე ახალი წყაროების ათვისებას იწყებს.

    რაც შეეხება ბუნებრივი გაზის მიღების ალტერნატიულ წყაროებს, როგორიც თურქმენული და ირანული გაზია, გოჩიტაშვილი მათ ან შორეულ პერსპექტივად განიხილავს, ან საერთოდაც პესიმისტურად უყურებს.

    "თუკი თურქმენეთი მონახავს გაზის მყიდველს ევროპაში, საქართველოში ან სხვაგან, შეიძლება, აშენდეს გაზსადენი ირანისა და რუსეთის თანხმობის გარეშე, რომლებიც მანამდე წინააღმდეგნი იყვნენ. ამიტომ პერსპექტივა არის. ახლა უკვე საქმეა კომერციულ მომგებიანობაზე, რომ თურქმენეთი დაინტეტესდეს, საკუთარი გაზი გაიტანოს ან ევროპა დაინტერესდეს, თურქმენული აირი შეიძინოს.

    გარკვეული მოცულობა არსებულმა მილსადენებმაც შეიძლება, გაატაროს, მაგრამ თუ დიდ ოდენობაზე იქნა საუბარი, მაშინ აუცილებელი გახდება ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პერსპექტივები გაცილებით უკეთესია, ვიდრე აგვისტომდე იყო, მაგრამ რეალურად პროექტის რეალიზაციამდე ძალიან შორია", - განუცხადა "ბიემს" გოჩიტაშვილმა.

    ენერგეტიკოსები განიხილავენ რამდენიმე შესაძლებლობას, რამაც, მათი თქმით, ქვეყანაში გაზის დეფიციტი უნდა აღმოფხვრას. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, 2030 წლისათვის აზერბაიჯანული გაზის იმპორტის პერსპექტივა ბუნდოვანია და ქვეყანამ სხვა წყაროებზე აქედანვე უნდა დაიწყოს ფიქრი.

    "თეორიული პროგნოზია და, როგორც ჩანს, ის ეყრდნობა არსებულ ეტაპზე მოხმარების ზრდის მაჩვენებლებს. ძნელად სავარაუდოა, ნამდვილად გაიზრდება თუ არა იგი 50%-ით, მაგრამ ამ სიტუაციაშიც არის გამოსავალი. 2019 წელს, თუკი "შაჰდენიზის" მეორე ხაზი ამუშავდა და შევძელით როგორც სოციალურ, ასევე შეღავათიან და კომერციულ ფასში იმ რაოდენობის გაზის მიღება, რომელიც სჭირდება ქვეყანას, არა მგონია, სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდეს რუსული აირი ჩვენი ქვეყნისათვის.

    არც ის ვიცით, 2030 წლისათვის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რა ურთიერთობები იქნება. აქედან გამომდინარე, პროგნოზი, რომ გაზის მოხმარება მოიმატებს და ციფრების დასახელება ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ ზრდა აუცილებლად გვექნება.

    აზერბაიჯანული აირის იმპორტი თუ ჩვეულებრივ გაგრძელდება, საეჭვოა, "გაზპრომი" დაგვჭირდეს. მეზობელ ქვეყანას ეყოფა ის რეზერვები, რაც აქვს. "შაჰდენიზის" მეორე მილმა თუ გაატარა 17 მლრდ კუბ/მ, იქ ჩვენ სერიოზული წილი გვაქვს და სავსებით შევძლებთ, რომ მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ამდენად, "გაზპრომს" ნამდვილად არ "ჩამოვეკიდებით", - ამბობს "რეზონანსთან" არაბიძე და დასძენს, რომ 2030 წელს საქართველოს არ ექნება ისეთი რეალობა, რომ რუსეთზე გახდეს მიჯაჭვული, თუმცა ენერგეტიკოსი არც ამაში ხედავს პრობლემას.

    "არ არის პრობლემა, თუკი რუსული აირის იმპორტი დაგვჭირდება. ეს რაოდენობა არ იქნება ისეთი, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩააგდოს (გაზის ჩაკეტვის შემთხვევაში, რასაც უკვე ჰქონდა ადგილი) და მოსახლეობა დაზარალდეს. ელექტროენერგიას ხომ ვყიდულობთ რუსეთიდან, მცირე მოცულობით, მაგრამ არაფერი საგანგაშო არ ხდება. არა მგონია, ეს საფრთხის შემცველი გახდეს საქართველოსათვის. 2030 წელს ჩვენ არ გვექნება ისეთი რეალობა, რომ რუსეთს ვიყოთ მიჯაჭვული, მაგრამ არც ისაა პრობლემა, თუ მისგან გაზის გარკვეულ რაოდენობას ავიღებთ", - დასძენს არაბიძე.

    ალტერნატიულ შესაძლებლობებს შორის ტრანსკასპიური გაზსადენისა და "თეთრი ნაკადის" პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელ გიორგი ვაშაყმაძეს ყველაზე რეალურად თურქმენული გაზი ესახება. იქვე ამბობს იმასაც, რომ გაზის მოხმარების ამ ტემპით ზრდა საეჭვოდ მიაჩნია.

    "არ მესმის, რატომ უნდა გაორმაგდეს გაზის მოხმარება?! ენერგოეფექტურობა იზრდება მთელ მსოფლიოში, თუ ინდუსტრიას არ განავითარებ, შეგიძლია, პირიქით, მოხმარება შეამცირო. "შაჰდენიზმა" და "ბაქო-ჯეიჰანმა" დიდი სიკეთე მოგვიტანა, რომ არ ყოფილიყო ეს პროექტები, ბევრ რაღაცას დავკარგავდით.

    კონტრაქტები დაიდო 2001 წელს, იმის შემდეგ ნაბიჯი წინ არ გადადგმულა. ამ დროს ევროპა არის "მშიერი", გერმანია იძულებულია, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი" გააკეთოს, მიუხედავად იმისა, რომ თურქმენული გაზი იაფია და საკმაოდ კარგიც. თურქმენეთის მეშვეობით ჩვენც შეგვიძლია, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გავასამმაგოთ, ისევე როგორ თავის დროზე "შაჰდენიზი" მოგვეხმარა.

    აზერბაიჯანს პატარ-პატარა საბადოები აქვს დარჩენილი, ხოლო თურქმენეთს ასჯერ მეტი აქვს, თანაც, მისი მოპოვება ძალიან იაფი ჯდება. ამ ქვეყანამ გაზსადენი მოიყვანა კასპიის ზღვამდე, 2-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო, მაგრამ მას გაგრძელება აღარ აქვს, ვიღაცამ უნდა ითავოს ეს და შეუერთოს სამხრეთის დერეფანს.

    თუ პოლიტიკურად სახიფათო არ იქნება, შეიძლება რუსული გაზის იმპორტიც, მაგრამ ეს არ გვაწყობს. მოსკოვი ნებისმიერ დროს შეძლებს მიწოდების შეწყვეტას და ქვეყნის ინდუსტრიას დააზარალებს. თუ ეს იქნება თურქმენული გაზი და მასზე ავაწყობთ იმ ინდუსტრიას, რომელიც გაზს მოიხმარს, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.

    გვეუბნებიან, რომ მომარაგება გაგვორმაგდება, მაგრამ არავინ აკონკრეტებს, ამის შემდეგ რა წყაროებიდან აპირებენ გაზის შეძენას და როგორ აღმოფხვრიან დეფიციტს. რუსეთზე დამოკიდებულება თუ არ უნდათ, ეცადონ, რომ მოხმარება 50%-ით არ გაიზარდოს. ბევრი სხვა შესაძლებლობაა, რუსეთის გაზი შორსაა და არც ისე იაფიც. ჩვენ უნდა შევძლოთ თურქმენული გაზის იმპორტი, რათა შემდეგ პრობლემა არ შეგვექმნას და სახტად არ დავრჩეთ", - ამბობს "რეზონანსთან" ვაშაყმაძე.

    შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბოლომდე, საქართველოში ბუნებრივი გაზის სექტორში ევროპული კანონმდებლობის დანერგვა იგეგმება, რაც მომხმარებლებს მომწოდებლების არჩევის შესაძლებლობას მისცემს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved