სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ეს არის მავნებლობა მომავალი თაობების წინაშე"
    თამუნა მუკბანიანი
    10.10.2018

     2019 წელს საქართველო ბიუჯეტის უპრეცედენტოდ დიდ ვალს აიღებს. გაისად ახალი საშინაო და საგარეო ვალდებულებების მოცულობა 2.160 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც ბიუჯეტის 1/6-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 1 ლარიდან თითქმის 20 თეთრი ვალების მომსახურებას ხმარდება.

    მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც, ვალი 1.221 მლრდ ლარით იზრდება. მომავალ წელს მთლიანად მისაღები ვალდებულებების მოცულობა 2.160 მლრდ-ს შეადგენს. აქედან შიგა ვალი 500 მლნ ლარია, ხოლო საგარეო - 1.660 მლრდ. აღსანიშნავია, რომ ეს არის ვალების აქამდე არსებული ყველაზე მაღალი ნიშნული. 2018 წელს საბიუჯეტო ვალდებულებები 1,986 მლრდს შეადგენდა.

    როგორც ჩანს, "ოცნების" ხელისუფლების დაპირება ვალების ეკონომიკის ინვესტიციების ეკონომიკად გადაქცევასთან დაკავშირებით, მეშვიდე წელსაც ოცნებად დარჩება, ვალის ზრდის ტენდენცია კი წლიდან წლამდე ნარჩუნდება.

    "მავნებლობა მომავალი თაობების წინაშე", - ასე აფასებს ეკონომისტი აკაკი ცომაია დამატებით 1.221 მლრდ-ით ვალის გაზრდას. ეს ნიშნავს, რომ მომავალ თაობებს ძალიან ცუდ პერსპექტივას ვუტოვებთ.

    "შემაშფოთებელი ტენდენციაა, როცა ყოველი 1 ლარიდან თითქმის 20 თეთრი საშინაო და საგარეო ვალების მომსახურებას ხმარდება. გარდა ამისა, საგარეო ვალის მზარდი ტემპი იმ პროცესთან მიმართებაში, როცა ლარი უფასურდება, კიდევ უფრო მეტად აძვირებს გასასტუმრებელ ვალდებულებებს. ეს არის შემდეგი თაობების ვალი, რომელსაც მათ ვუტოვებთ.

    როცა მთავრობა იღებს ვალს, აუცილებელია მისი მიზანშეწონილობის დასაბუთება, ასევე მისი ხარჯვითი ნაწილის გაწერა და სამომავლო მოგების გათვლა, გარანტირებული უკუგების პროექტი. დღეს არაფერი მსგავსი არ ხდება და, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება ვალის აღების შესახებ არის სარისკო ქმედება. ეს ქვეყანას მომავალში დაუჯდება იმად, რომ როდესაც ეკონომიკა გაიზრდება, დიდი ნაწილი წავა ამ ვალის მომსახურებაში, რაც დიდი მავნებლობაა", - აცხადებს "რეზონანსთან" ცომაია.

    ეკონომისტი იმ რისკებზეც საუბრობს, რომლებსაც ქვეყნისათვის საშინაო და საგარეო ვალდებულებების ზრდა იწვევს.

    "რისკფაქტორია ის პირობებიც, რომლებსაც შიგა ვალის აღების ტენდენცია ქმნის, რაც საპროცენტო განაკვეთს კიდევ უფრო მაღლა ექაჩება. საზოგადოებას ერთმევა შესაძლებლობა, უფრო დაბალი სარგებლის განაკვეთით აიღოს სესხი. ამის საშუალებას, ფაქტობრივად, არ იძლევა ფისკალური პოლიტიკა. ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა ნიშნავს ინფლაციურ მოლოდინს, რაც საშიშია. შეიძლება, მან გამოიწვიოს ფასების ინდექსის მატებაც.

    საგარეო ვალის ზრდა კი იმ რისკთანაა დაკავშირებული, რაც ლარის გაუფასურებას ახლავს. ამით ვალი პირდაპირპროპორციულად ძვირდება. რამდენად მოხერხდება ამ ვალის დაბრუნება და რამდენად მოგვცემს ვალით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები საკმარის სარგებელს, ეს კიდევ ცალკე საკითხია", - აღნიშნა ცომაიამ "რეზონანსთან".

    აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე აცხადებს, რომ საგარეო ვალის ზრდა არ არის საგანგაშო მაშინ, როცა მაღალია მთლიანი სამამულო პროდუტისა და ეკონომიკური ზრდის ტემპიც. ამ ეტაპზე ქვეყანაში ეს მაჩვენებელი არასაკმარისია და, შესაბამისად, ბიუჯეტისათვის პრობლემური იქნება ვალის ზრდაც.

    "ქვეყნისათვის არასაურველია ვალის ზრდა და ეს ცალსახაა. არსებობს სტანდარტული გათვლა - საგარეო ვალმა არ უნდა გადააჭარბოს მთლიანი სამამულო პროდუქტის 60%-ს. ეს ამ პარამეტრებში ეტევა და არ აჭარბებს. ჩემი აზრით, ზრდის ის ტემპი, რომელიც აქვს ეკონომიკას, არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ ამ პარამეტრს მივაქციოთ ყურადღება, მიუხედავად იმისა, როგორია საერთაშორისო სტანდარტი.

    გარდა ამისა, არსებობს გარემოება, რომელიც ვალის ზრდას ეკონომიკისათვის უფრო მტკივნეულს ხდის. უახლოესი 1 წლის განმავლობაში, საქართველოს ძალიან დიდი საგარეო ვალის დაბრუნების ვალდებულება აქვს, რაც დიდ წნეხად აწვება ეკონომიკას.

    ხელისუფლებას სჭირდება ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომ ვალმა პრობლემა არ შექმნას. აქვე არამიზანშეწონილია მთლიანი აქცენტის აღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როცა სათანადო ყურადღება არ ეთმობა რეალური წარმოების განვითარებას, რაც ზრდის მოსახლეობის კეთილდღეობასა და მთლიანი სამამულო პროდუქტის წილს. მით უფრო ინფრასტრუქტურული პროექტები, მხოლოდ სეზონურ სამუშაოებს ითვალისწინებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" სილაგაძემ.

    აკადემიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ სამეცნიერო წრეებთან შეთანხმებით, ლადო პაპავასთან ერთად, ამკვიდრებს ახალ ტერმინს - მთლიანი სამამულო პროდუქტი (მსპ), რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს აქამდე არსებული მთლიანი შიგა პროდუქტი. ახალი ტერმინი უკვე მოხვდა მის მიერ გამოცემულ წიგნში, მედიასაშუალებებში კი პირველად "რეზონანსის" მეშვეობით გავრცელდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved