სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "გამოდის, რომ ჩვენ გვყავს გაზულუქებული და კიდევ უფრო გამდიდრებული უცხოური ავიაკომპანია"
    მარი ჩიტაია
    10.10.2018

     ავიაკომპანიების იაფი ბილეთები საქართველოში მხოლოდ მითია. ერთი შეხედვით იაფი სატარიფო პოლიტიკის მიღმა დაბალბიუჯეტიანად წოდებული ავიაკომპანიები მომხმარებლების კეთილგანწყობით სარგებლობენ და გაუმართლებლად აწესებენ სხვადასხვა ტიპის გადასახადებს, რაც, საბოლოო ჯამში, მომსახურებას აძვირებს. ბოლო ასეთი ცვლილება "ვიზ ეარის" მიერ ბარგის გადატანის საფასურს უკავშირდება, რამაც მგზავრების აღშფოთება გამოიწვია.

    "ვიზ ეარის" კლიენტებისთვის ბარგის ჩაბარება და ბორტზე განთავსება ფასიანი ხდება. მართალია, მგზავრებს საშუალება ექნებათ, ერთი უფასო ხელბარგი აიტანონ ბორტზე, თუმცა მისი მოცულობა იმდენად მინიმალურია, რომ სათვალავში ჩასაგდები არც არის.

    10 კგ-იანი ბარგის ჩაბარება, რაც ადრე თვითმფრინავის ბილეთის ფასში შედიოდა და, ასე ვთქვათ, უფასო იყო, 1-ლი ნოემბრიდან 25 ლარი ეღირება. ფაქტია, რომ შეღავათიანი ტარიფის მიღმა ავიაკომპანიის მგზავრები, რეალურად, საკმაოდ ძვირს იხდიან და მომავალში ხარჯი კიდევ გაეზრდებათ.

    პარადოქსია, რომ ამ დროს ავიაკომპანიის წარმომადგენლებს არგუმენტად მოჰყავთ მომსახურების პირობების გაუმჯობესება, რაც მათი აზრით, ჩასხდომის პროცედურას კიდევ უფრო გაამარტივებს. ამასთან, ყველა მგზავრს საშუალება ექნება, უფასო ხელბარგი ბორტზე გარანტირებულად აიტანოს.

    "ავიაკომპანიის გამოცდილება მოწმობს, რომ წელიწადში 10 000-ზე მეტი რეისი ბარგთან დაკავშირებული საკითხების გამო იგვიანებს. ბოლო 5 წლის მონაცემები ასევე ცხადყოფს, რომ დანიშნულების ადგილზე მოგზაურების დარჩენის საშუალო პერიოდი დღითი დღე მცირდება. უახლესი ინფორმაციით, "ვიზ ეარის" ყოველი მესამე მგზავრი ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში მხოლოდ 3 დღით ან უფრო ხანმოკლე პერიოდით მიემგზავრება.

    გამომდინარე იქიდან, რომ მოგზაურობის პერიოდი მცირდება, მომხმარებლები უპირატესობას უფრო მსუბუქ და ჭკვიანურად ჩალაგებულ ბარგს ანიჭებენ. როგორც წესი, ავიაკომპანიის ყოველი მესამე მგზავრი რეგისტრირებულ ბარგს შეიძენს მაშინ, როდესაც მხოლოდ ყოველი მეშვიდე სარგებლობს სამგზავრო ჩანთით, რომლის ბორტზე განთავსებაა შესაძლებელი", - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

    პირველი ნოემბრიდან ყველა მგზავრს საშუალება ექნება, ბორტზე აიტანოს ერთი უფასო ხელბარგი (40/30/20 სმ). მგზავრებს, რომლებიც ე.წ. "პრიორიტეტის" სერვისით ისარგებლებენ, საშუალება ექნებათ, უფასო ხელბარგთან ერთად, თვითმფრინავის სალონში აიტანონ საგორებელი ჩანთაც (55/40/23 სმ).

    მომხმარებელთა გამოხმაურებისა და ცვალებადი სამგზავრო მოთხოვნების შესაბამისად, ავიაკომპანიამ 10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის გადატანის შეთავაზება შეიმუშავა. რეგისტრირებული ბარგის ფასი 7 ევროდან იწყება.

    "ვიზ ეარის" მარკეტინგის უფროს ოფიცერ იოჰან ეიდჰაგენის განცხადებით, მგზავრებს საკუთარ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი სჭირდებათ, რასაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია უზრუნველყოფს.

    "ჩვენ გვსურს, მომხმარებლებს შევთავაზოთ ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ბილეთები და გამჭვირვალობა ამ ბილეთის ფასის არჩევის დროს. ინდივიდუალური პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზებით ჩვენ ხელს ვუწყობთ მოგზაურობის დემოკრატიზაციას", - აცხადებს იოჰან ეიდჰაგენი.

    ქართველი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და "ვიზ ეარი" ფასების ზრდის პოლიტიკას გააგრძელებს. საავიაციო სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ ავიაკომპანიამ საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემული პირობა დაარღვია.

    "ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზ ეარის" არსებობა ქვეყანაში მითია. ის მოლოდინი, რაც გვქონდა და რასაც ავიაკომპანია ჰპირდებოდა მოსახლეობას, მისი შემოსვლის შემდგომ არ გამართლდა. სახელმწიფომ ეს ნაბიჯი (დაბალბიუჯეტიანი კომპანიის შემოყვანა) გადადგა იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად გაეიაფებინა ავიაბილეთები ქართველი მომხმარებლებისთვის, მაგრამ ჩვენ მივიღეთ შედეგი, როცა 30-40-ევროიანი ბილეთები არ არსებობს. ის რამდენიმე საჩვენებელი მარკეტინგული სვლა კომპანიისა მხოლოდ მარტივი სატყუარა იყო მოსახლეობისთვის.

    თქვენ რომ დაჯავშნოთ ბილეთები მომავალი წლის სექტემბრისთვის, დამერწმუნეთ, რომ იგი 120 ევროზე იაფი არ ეღირება, ზაფხულის პერიოდში კი მათი ბილეთების ფასი სხვა ავიაკომპანიების ტარიფების იდენტური იყო. ის მითი, რომ ქუთაისიდან "ვიზ ეარი" დაფრინავს დაბალი საფასურით, არის მარტივი სატყუარა მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, მილიონობით დოლარი იხარჯება მათი მარკეტინგისთვის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან", - აცხადებს ზაუტაშვილი და დასძენს, რომ იაფი და მოქნილი ფასის მიღმა, რეალურად, მაღალი ტარიფებია, რისი გადახდაც მგზავრებს უწევთ.

    "გამოდის, რომ ჩვენ გვყავს გაზულუქებული და კიდევ უფრო გამდიდრებული უცხოური ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ჯიბის ხარჯზე მდიდრდება. გაძვირების პროცესი იქნება თანმიმდევრული, ჯერ ბარგის გადატანის საფასურს ზრდიან. ერთი ჩემოდანი რომ წაიღო, მისი ღირებულება უკვე 32 დოლარია, თუ მეორესაც დაამატებ, უკვე 64 დოლარია. მგზავრს თავისი შეცდომის გამო "ინტერნეტჩეკინგის" გაკეთება თუ შეეშალა, ამისთვის ჯარიმას კიდევ ცალკე იხდის 70 დოლარის ფარგლებში.

    გარდა ამისა, მომსახურების ყველა სერვისი ფასიანი გახდა და ადამიანი მგზავრობის ყველა მომსახურების საფასურს ერთად თუ დაითვლის, გამოდის, რომ "ვიზ ეარი" შეღავათიანი ტარიფით არ მუშაობს.

    ჯერ აძვირებენ ბარგის გადაზიდვას, მერე მგზავრობასაც გააძვირებენ. ერთი შეხედვით იაფი და მოქნილი ფასის მიღმა შენიღბული, მაღალი ტარიფებია, რაც ბილეთების ჯამურ ღირებულებას, მინიმუმ, 230 ევრომდე აძვირებს", - აცხადებს "რეზონანსთან" იასე ზაუტაშვილი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved