სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წლის პირველ ნახევარში კაპიტალდაბანდება 10%-ით შემცირდა, უცხოელი ინვესტორების კრიტიკამაც იმატა
    თამუნა მუკბანიანი
    11.10.2018

     2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10%-ით შემცირდა. ბიზნესი, პოლიტიკოსები და ანალისტიკოსები ფაქტს ხელისუფლების ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს უკავშირებენ. ბოლო დროს გამოიკვეთა გულგრილობაც კაპიტალდაბანდების მიმართულებითაც.

    ბიზნესმენები ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ჩივიან და მათი პოზიციის დასტურად კითხვებს აჩენს ოფიციალური სტატისტიკაც, რომელიც ასე გამოიყურება:

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ 676.2 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10%-ით ჩამოუვარდება.

    პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ბიზნესგარემოზე, უცხოურ ინვესტიციებსა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, საქართველო დღეს ეკონომიკის მიმართულებით არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, პრობლემის სათავე კი სახელისუფლებო წრეებშია.

    "ვიმყოფებოდით ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის პრეზენტაციაზე, რომლის ინვესტიციაც 1 მილიარდი ევრო დაჯდა. პროექტი ესტონელმა ინვესტორმა განახორციელა და იქ უამრავი ბიზნესმენი გახლდათ ევროპიდან. თითქმის ყველას პირადად ვესაუბრე და აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მთავრობისთვის უცხოური ინვესტიციები პრიორიტეტული აღარ არის. შედეგად, შენელებულია თავად ინვესტიციების მოზიდვის ტემპიც და უშუალოდ ინვესტორების სანდოობის კოეფიციენტიც კლებულობს. ეს არის უდიდესი პრობლემა საქართველოსთვის.

    თუნდაც ესტონელი ინვესტორი, რომელმაც ამხელა მასშტაბის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში და, წესით, მთავრობა უნდა იყოს მადლობელი და ხელის შემწყობი, ხდება პირიქით. მას აქვს სერიოზული პრობლემები ჩვენს ოფიციალურ თანამდებობის პირებთან, რადგან, როგორც ჩანს, ისინი რაღაცებს სხვაგანაც ათანხმებენ; იღებენ ნებართვას, შეხვდენენ თუ არა კონკრეტულ ინვესტორს და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ცუდად მოუბრუნდეთ ყველაფერი", - განუცხადა "კომერსანტს" უსუფაშვილმა.

    ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკიც ღიად საუბრობს პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში ინვესტირებას სდევს თან. მისი აზრით, მთავრობისთვის უცხოური ინვესტიციები პრიორიტეტი აღარ არის.

    "ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი მასშტაბური, მილიარდი ევროს ღირებულების პროექტის პრეზენტაცია რომ იმართებოდეს. აი, მაგალითად, გერმანიაში რომ იხსნებოდეს, თავად მერკელი მოვიდოდა. აბა, მიმოიხედეთ, ხედავთ აქ სადმე ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს? ამას ვგულისხმობ, როდესაც დამოკიდებულების ცვლილებაზე ვსაუბრობ. როგორც ჩანს, დღეს ხელისუფლებას და მთავრობას სხვა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვთ და არა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და შენარჩუნება ქვეყანაში", - ამბობს ოლეგ ოსინოვსკი.

    ესტონელმა ბიზნესმენმა სელისუფლების მხრიდან კომუნიკაციის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება.

    "უკვე წლებია, მე საქართველოს პოტენციალისა და შესაძლებლობების პოპულარიზაციას ვეწევი მის ფარგლებს გარეთ. ჩემ მიერ შემოყვანილი ინვესტორების უმეტესობას აქ ათობით მილიონის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ქვეყანაში არავინ არის ისეთი, რომ ინვესტორთან კომუნიკაცია გადააბარო. დღეისათვის არ არსებობს არანაირი ინსტრუმენტი, რომლითაც შეგიძლია, შემოსული პოტენციური ინვესტორი დატოვო ქვეყანაში", - განუცხადა ოსინოვსკიმ "ბიზნეს მედიას".

    ქვეყანაში რომ ინვესტორებისათვის უსაფრთხო გარემო არ არის და ხელისუფლება სირაქლებას პოით პასუხობს ლეგიტიმურ კითხვებს, ეს სპეციალისტებისთვის ახალი ამბავი არ არის. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გამოჩნდა გარკვეული სახიფათო დინებები, რაც აფრთხობს ინვესტორს.

    "მიუხედავად ძალიან საინტერესო ინიციატივებისა, რაც ახალ პრემიერს აქვს ინვესტიციებთან და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრარებასთან დაკავშირებით, ნათელია ისიც, რომ გამოჩნდა გარკვეული სახიფათო დინებები, რაც აფრთხობს ინვესტორს.

    თუნდაც ოქუაშვილის საქმე ძალიან პრობლემურია ინვესტორებისთვის და, ზოგადად, ბიზნესგარემოსთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენთან ბიზნესის კეთება მარტივია და ამ მხრივ ნამდვილად ვაკმაყოფილებთ მათ ინტერესსა და მოთხოვნებს, აუცილებელია უსაფრთხო გარემო. ამ ტიპის საქმეები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის იმიჯს და იწყება კაპიტალის გადინება.

    ვფიქრობ, ხელისუფლება სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს ნაცვლად იმისა, რომ სირაქლემას პოზიდან ხელი აიქნიოს, რომ ეს ანტიპიარია. უნდა მოახდინოს სწრაფი რეაგირება, რათა ინვესტორებმა გარანტირებულად დაცულად იგრძნონ თავი, თორემ კლების ტენდენცია შეუქცევადი იქნება", - აცხადებს "რეზონანსთან" ხუხაშვილი.

    აღსანიშნავია, რომ წელსაც ინვესტიციებში ბოლო ადგილს სოფლის მეურნეობა იკავებს, სადაც მხოლოდ 6.2 მილიონი დოლარი ჩაიდო

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved