სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მარშრუტკებში" 2 სავარძელი მოხსნეს, ახლა 16-მდე ადამიანი დგას ფეხზე და ასე ხდება მათი გადაყვანა
    მარი ჩიტაია
    06.12.2018

     ყვითელ მიკროავტობუსებში მსხდომი მგზავრების რაოდენობა ორით შეამცირეს. ტრანსპორტიდან წინა და უკანა 2 სავარძელი ისე ამოიღეს, რომ სპეციალისტებისათვის რჩევა არავის უკითხავს. იმის ნაცვლად, რომ ფეხზე დგომის ნებართვა აეკრძალათ, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმეს. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ სავარძლების შემცირება მგზავრების დისკომფორტს გამოიწვევს, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ცვლილებას ასაბუთებენ იმით, რომ ამით ავარიული გასასვლელი შექმნეს.

    მიკროავტობუსების გამართულობაზე ზრუნვა ისე დაიწყო, რომ უსაფრთხოების თითქმის ყველა სტანდარტი იგნორირებულია. უკანა სავარძლის ამოღება რომ პრობლემას ვერ შველის, სპეციალისტებიც ადასტურებენ და მგზავრებიც, რომლებიც გაუმართავი ტრანსპორტით რისკის ფასად მგზავრობენ. ელემენტარულად ვერ მოხერხდა, რომ ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა აიკრძალოს და ტრანსპორტმა უსაფრთხოების მოთხოვნებს უპასუხოს.

    ზოგიერთ მიკროავტობუსში უკანა სავარძლები ამოიღეს იმ მოტივით, რომ "მარშრუტკას" ორი ავარიული გასასვლელი ჰქონდეს. ამის მიზეზად კი სპეციალისტები ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებს ასახელებენ. აღნიშნულ საკითხს "ურბანული ლაბორატორიაც" გამოეხმაურა:

    "მიკროავტობუსებში უკანა სავარძლის ამოღება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ახალი მოთხოვნით არის განპირობებული. კერძოდ, მიკროავტობუსში გათვალისწინებული უნდა იყოს უკანა კარიდან საევაკუაციო გასასვლელი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში, სავარძლის ამოღება მძღოლების ინიციატივა არ ყოფილა, მისი ოპერატიული შესრულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არსებული რეგულაციების შესრულება დამოკიდებულია არა იმდენად მონიტორინგის მექანიზმებზე, არამედ თავად მიკროავტობუსების მძღოლების კეთილ ნებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნა დაემთხვა მძღოლების ინტერესს, რაც მეტი ფეხზე დაყენებული მგზავრის გადაყვანაში მდგომარეობს.

    ამავე დროს, უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის ხელშემწყობი ის მოთხოვნები არ შეესაბამება მძღოლებისა და კომპანიის ფინანსურ ინტერესებს. იგნორირებულია კონდიციონერის ჩართვა ზაფხულში, ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანის დაუშვებლობა და ავტომობილების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა. იმედია, შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ადმინისტრაცია ამ მოთხოვნებსაც ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება, როგორც უკანა სავარძლის დემონტაჟის მოთხოვნას", - აღნიშნავენ "ურბანულ ლაბორატორიაში".

    სპეციალისტების განცხადებით, ასეთი ნაბიჯით დასაჯდომი ადგილების რაოდენობა მიკროავტობუსებში 14-მდე შემცირდა, ხოლო ფეხზე მდგომთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, რითაც უსაფრთხოების სტანდარტი დაირღვა.

    სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური ექსპერტი ნოდარ რამიშვილი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში მგზავრი საავარიო სიტუაციისას განწირულია, რადგან არათუ 16 მგზავრის, 1 ადამიანის ფეხზე დგომაც კი სასტიკად უნდა იკრძალებოდეს.

    "წინა მარჯვენა სავარძელი ამოიღეს მარჯვენა კართან და ერთიც - უკანა სავარძელი, გაოგნებული ვარ. გამოდის, რომ 16 ადგილი იყო და 14 დარჩა. ეს არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყვითელი ავტობუსები თურქეთმა ცხოველების გადასაყვანად შექმნა, ეს იყო ამ ტრანსპორტის დანიშნულება. შემდეგ ჩადგეს სავარძლები და სამგზავროდ გამოიყენეს. ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია კიდეც (რასაც არავინ კითხულობს) "16%0", რაც ნიშნავს, რომ თუნდაც ერთი მგზავრის ფეხზე დგომა აკრძალულია", - ამბობს "რეზონანსთან" რამიშვილი.

    მისი განცხადებით, მგზავრების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და ათასობით ადამიანს ყოველდღიურად საშიშ მდგომარეობაში უწევს გადაადგილება.

    "გიგი უგულავამ თავისი მერობის პერიოდში მძღოლებს ნება დართო, რომ 6 მგზავრი ფეხზე მდგომი გადაეყვანათ, რეალურად ყოველთვის მეტი იდგა ფეხზე ყვითელ მიკროავტობუსებში, დღეს კი ვნახეთ, რომ 2 სავარძელი მოხსნეს. ფაქტობრივად, ახლა 16 ადამიანი დგას ფეხზე და ასეთ მდგომარეობაში ხდება მათი გადაყვანა. ცხადია, რომ ავარიის დროს ყველა მგზავრი განწირულია. ათასობით მოქალაქეს საშიშ ვითარებაში უწევს გადაადგილება.

    ყოვლად გაუგებარია, რა გააკეთეს ამით, რატომ ამოიღეს 2 სავარძელი? გასაგებია, რომ ავარიის შემთხვევაში უკანა გასასვლელი გაჩნდება, მაგრამ იმ კარს შიგნიდან მაინც ვერავინ გააღებს, რადგან მხოლოდ გარედან იღება. გამოდის, რომ მსხდომი მგზავრების რაოდენობა შეამცირეს, როცა ფეხზე დგომა უნდა აეკრძალათ. ეს საშინელ დისკომფორტს გამოიწვევს. მერიამ ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს რაღაც დაავალა, მაგრამ საქმე გააფუჭეს", - აცხადებს "რეზონანსთან" რამიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved