სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ამ სექტორის ბოლომდე გაკონტროლება ძალიან რთული და შეუძლებელია"
    თამუნა მუკბანიანი
    09.01.2019

     იანვრიდან, სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რეგულაცია შეეხოთ კერძო გამსესხებლებსაც. მევახშეები, რომლებსაც 20-ზე მეტი კლიენტი ჰყავთ, ვალდებულნი ხდებიან, დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში და 10 000 ლარი გადაიხადონ. ცვლილების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში, რეგისტრაციის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. როგორც ჩანს, საქმე ასე მარტივად არ არის. ახლა მთავარი კითხვა ისაა, რა კონტროლის მექანიზმი არსებობს და რა ელით მევახშეებს, რომლებიც რეგისტრაციას თავს აარიდებენ.

    საფინანსო ბაზრისათვის ცვლილებები ძალაში შევიდა. ონლაინ სესხების სეგმენტის შემცირების შემდეგ შესაძლოა, ბაზარი კერძო იპოთეკარებმა (ე.წ. მევახშეებმა) დატოვონ. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაექვემდებარა სესხის გამცემი სუბიექტი, კერძოდ, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს საკრედიტო ვალდებულება.

    იანვრიდან სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისათვის 10 000 ლარის გადახდა მოუწევთ. რას გამოიწვევს ეს ცვლილება საკრედიტო ბაზარზე და მოხდება თუ არა საპროცენტო განაკვეთების ზრდა, თუ კერძო მევახშეები კანონში შავ ხვრელებს იპოვიან და კვლავ უპრობლემოდ განაგრძობენ საქმიანობას კანონის მიღმა, ახლა საზოგადოებას ეს კითხვა აწუხებს. მით უფრო, რომ ცვლილების ამოქმედების კვირაშივე, რეგისტრაციის ვადამ გადაიწია და თუ თავდაპირველად 31 მარტამდე ჰქონდათ დრო გამსესხებლებს, ახლა ის 1-ელ მაისამდე გახანგრძლივდა.

    სებ-ის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილის ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, სუბიექტებს ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენა 2019 წლის პირველი იანვრიდან 30 აპრილამდე შეეძლებათ. თავდაპირველად ეს ვადა 31 მარტამდე იყო განსაზღვრული.

    "სესხის გამცემ სუბიექტს სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ შეუძლია, განახორციელოს სესხის გაცემა-დაფარვა-ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები ეროვნული ბანკის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე. სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ბრძანებაში.

    სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10 000 ლარია. ასეთი თანხის გადახდის სურვილი, რა თქმა უნდა, ძნელად თუ ვინმეს გაუჩნდება. ამიტომ კერძო მევახშეები ეცდებიან, თავი აარიდონ რეგისტრაციის პროცესს. შესაბამისად, კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღირიცხონ კერძო გამსესხებლები და რა მეთოდით უნდა გამოვლინდნენ ისინი, ვინც რეგისტრაციას თავი აარიდა ან რა იქნება მათთვის ჯარიმა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საფინანსო სექტორში მევახშეები ყველაზე მეტად დერეგულირებული სეგმენტია და დასაკუთრებული ქონების დიდი ნაწილიც მათზე მოდის.

    ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 2018 წლის დეკემბერში ამბობდა, რომ არალეგალური მევახშეობა მთავრობის ზედამხედველობის საგანი გახდება და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდება.

    კერძო მევახშეების სეგმენტის რეგულირებას აუცილებლად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორიც, თუმცა მათი მხრიდან აქცენტი მოქალაქეთა ინფორმირების სიძნელეებზე კეთდება.

    ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების დეპარტამენტის ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ სრულად დერეგულირებული სფეროს მთლიანად გაკონტროლება შეუძლებელი იქნება.

    "ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია, საუბრობს ეკონომიკის ჩრდილოვანი სექტორის, კერძო გამსესხებლების მიერ ფინანსურ ბაზარზე შექმნილი პრობლემების შესახებ. ჩვენ ყოველწლიურად ვაქვეყნებთ კვლევებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ მსესხებელთა დასაკუთრებული ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ მევახშეებზე მოდის. ახალი რეგულაციით აუცილებელი ხდება მათი რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულებების კანონიერება შესაძლოა, დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

    ასე რომ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის მომხმარებლის ინფორმირება, რა უფლებები აქვთ და რა დოკუმენტაცია უნდა მოითხოვონ კერძო გამსესხებლისაგან, რათა შემდგომში თავი აარიდონ სერიოზულ პრობლემებს, ისეთს, როგორიც, არაერთ შემთხვევაში, ბინის დასაკუთრებაა.

    ბოლომდე ამ სექტორის კონტროლი იქნება ძალიან რთული. მევახშეები ყველა ალტერნატივით შეეცდებიან გადასახადისაგან თავის არიდებას. სახელმწიფოს მოვალეობაა, ამოგმანოს ყველა ღრიჭო, რათა არ დარჩეთ კერძო მავახშეებს საშუალება, კანონს თავი აარიდონ", - აცხადებს "რეზონანსთან" ალიბეგაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ილია   (09.01.2019)
    შავი ხვრელი მევახშეების ისაა რო სანოტარო კანტორებში დიდი ხანია მიდის ტრანზაქცია ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით სადაც ყველა მევახშე ასე აპროცენტებს ათასობით დოლარს უხრავი ქონების გარანტიით ასე რომ მევახშეს კანონი არ აინტერესებს . არ ხდება ამ ტრანზაქციების კონტროლი

    მაკა   (09.01.2019)
    ნასყიდობა გამოსყიდვით აპროცენტებენ თანხებს მევახშეები ასე რომ ეგ ბლა ბლა ზედმეტია , ვინ დარეგისტრირდება მაგ კაბალურ პირობებზე


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved