სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტექდათვალიერების ცენტრებს უამრავი მანქანა აკითხავს, მაგრამ ყოველი მეორე ხარვეზდება
    მარი ჩიტაია
    10.01.2019

     ყოველი მეორე მარჯვენასაჭიანი მანქანა ტექდათვალიერებას ვერ გადის. ყველაზე მეტად პრობლემა მანქანებს ფარების რეგულირებასა და საქარე მინასთან დაკავშირებით აქვს. შარშანდელთან შედარებით, ინსპექტირების ცენტრებში მიმართვამ 4-ჯერ მოიმატა. რაც შეეხება საჭეგადატანილებს, ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მძღოლებს რამე განსაკუთრებული მოთხოვნა არ აქვთ. მთავარი პირობაა, რომ საჭის გადატანის თარიღი 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ფიქსირდებოდეს. მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების მძღოლებს მოუწევთ, რომ ყურადღება ფარებს, საქარე მინებსა და სავალ ნაწილებს მიაქციონ.

    როგორც შპს "დარეს" წარმომადგენელი გივი ნანობაშვილი ამბობს, ყოველდღიურად 60 ავტომობილს ემსახურებიან და აქედან ნახევარი მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. განმეორებითი დათვალიერებისას მძღოლებს ამ მხრივ პრობლემა არ აქვთ და უმეტესობას სატრანსპორტო საშუალების წესრიგში მოყვანა არ უჭირს.

    "მარჯვენასაჭიანების ყველაზე დიდი პრობლემა მაშუქი ფარების რეგულირებასთან დაკავშირებითაა. ამ კატეგორიის მანქანებში ხშირია შემთხვევა, როცა ფარები სხვა მიმართულებით ანათებს და განათების კუთხე შემხვედრი ავტომობილის მძღოლს მხედველობას უზღუდავს. ამ მხრივ რეგულირება აუცილებელია. რაც შეეხება საჭეგადატანილებს, ისინი მოწმდება როგორც ჩვეულებრივად მარცხენასაჭიანები და ამ მხრივ არანაირი აკრძალვა არ არის. ისინი, როგორც ჩვეულებრივი მარცხენასაჭიანი, ისე ტარდება, მაგრამ მოწმდება გადატანის ხარისხი.

    2018 წლის იანვრიდან საჭის გადატანა აკრძალულია, ამიტომ მთავარი პირობაა, რომ საჭე მანამდე იყოს გადატანილი. სხვა არავითარი დამატებითი მოთხოვნა არ არის, ჩვეულებრივ მიმდინარეობს ტესტირება.

    ყოველდღიურად, საშუალოდ, 60 მანქანას ვემსახურებით, აქედან ნახევარი სტანდარტს აკმაყოფილებს, ნახევარი - არა, თუმცა მძღოლებს განმეორებითი ვიზიტისთვის აქვთ საშეღავათო პერიოდი. 1 თვის განმავლობაში შეუძლიათ, მოაგვარონ პრობლემა, რასაც მძღოლების უმეტესობა წარმატებით ახერხებს", - განუცხადა "რეზონანსს" გივი ნანობაშვილმა.

    რაც შეეხება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მაშუქი ფარების რეგულირებას, უკვე არსებობს ავტოსერვისები, სადაც მძღოლებს ამ სახის მომსახურებას გაუწევენ. კომპანია "ტესტსერვისში" "რეზონანსს" განუცხადეს, რომ ნათების კუთხის შეზღუდვისათვის მოქალაქეებს სტიკერების გამოყენებაც შეუძლიათ, თუმცა ეს შესაძლებლობაც დროებითია და მხოლოდ 2020 წლამდე მოქმედებს.

    "მარჯვენასაჭიანი მანქანების ტექდათვალიერებისას ფარებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მათ რეგულირებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ფარების შეცვლის გარდა, გამოსავალი არის სტიკერების დაკვრა, მაგრამ იგი 2020 წლიდან იკრძალება და ამ ვადამდე მძღოლებს სტიკერების მოცილება მოუწევთ, ეს მომენტიც უნდა იქონიონ მხედველობაში. ამასთან, წინა საქარე მინა არ უნდა იყოს გაბზარული, განმეორებითი დათვალიერებისას მძღოლებს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებული აქვთ.

    საკმაოდ დიდი აქტიურობაა და მიმართვა მძღოლების მხრიდან 3-4-ჯერაც არის მომატებული. იყო შემთხვევა, როცა დღიურად 100-მდე მანქანის შემოწმება მოგვიწია. საჭეგადატანილებს რაც შეეხება, ასეთი ტრანსპორტი ფიქსირდება, როგორც მარცხენასაჭიანი და აქ მძღოლს არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ყველა დანარჩენი ჩვეულებრივი ტექნიკური მოთხოვნაა, რასაც მძღოლების ნაწილი აკმაყოფილებს", - აცხადებენ კომპანიაში.

    საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძის თქმით, ყველაზე ხშირად გაბზარული საქარე მინა ხდება პრობლემა, რაც ხელს უშლის ხილვადობას.

    "საქარე მინების შეძენა რთული არ არის, თანაც შეიძლება მეორეულის ყიდვა, რაც შედარებით იაფიცაა. მოწმდება საბურავებიც. შეიძლება მეორეული საბურავების შეძენა და გამოყენებაც, მთავარია, პროტექტორის სიღრმე 1,6 მმ-ზე ნაკლები არ იყოს. ამის შემოწმება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ, საბურავის ზედაპირზე, ღრმულში სახაზავს თუ მოათავსებთ.

    მნიშვნელოვანია ტექინსპექტირებამდე სავალი ნაწილის შემოწმებაც, რადგან ინსპექტირებისას სპეციალური დანადგარი დეტალურად ამოწმებს მანქანას.

    მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოწმებისას შემდეგი პუნქტი არის ფარები, რომლებიც სწორად უნდა აშუქებდეს. ესეც სპეციალური დანადგარით მოწმდება. როცა ავტომობილი ქარხნულია, პრობლემა არ იჩენს თავს, თუ, რა თქმა უნდა, მანქანა იაპონური არ არის. იაპონურ ავტომანქანებს, იმის მიუხედავად, მარჯვნვ აქვს საჭე თუ მარცხნივ, ფარები პირიქით აქვს იმიტომ, რომ იქ ავტომანქანები საპირისპირო მხარეს მოძრაობენ.

    ფარების გამოცვლა ძვირია, მაგრამ მძღოლებმა უკვე მოიფიქრეს გამოსავალი, რასაც ბევრ სერვისცენტრში აკეთებენ - შიგნით, ფარში აკრავენ სპეციალურ სტიკერს და ახშობენ იმ კუთხის ნათებას, რომელიც ჩვენი წესით არ უნდა ანათებდეს", - ამბობს "რეზონანსთან" მელაძე.

    მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია მანქანის გამონაბოლქვი.

    "ძრავა თუ დაზიანებულია, პრობლემის მოგვარება მძღოლს ძვირი უჯდება, მაგრამ თუ ავტომობილს ზეთს რეგულარულად უცვლის, შეიძლება, ძრავა არ იყოს ცუდ მდგომარეობაში და მანქანამ ტექნიკური ინსპექტირება გაიაროს.

    კატალიზატორის თემა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არ არის. გამონაბოლქვი ევრონორმით არ მოწმდება. საქართველოში ჯერ არ ვართ მზად, ტექინსპექტირება ევროსტანდარტით გავიაროთ. ნორმა ასეთია: ცოტათი თუ იკლებს ძრავაში ზეთი, მანქანა მაინც გაივლის ინსპექტირებას", - განაცხადა მევლუდ მელაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved