სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს თაღლითური სისტემაა"
    თამუნა მუკბანიანი
    11.01.2019

     დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე ამოქმედდა, თუმცა მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი ინფორმაცია, ვისთვის და რა ვადით არის სავალდებულო რეფორმაში ჩართვა ან ვის უნდა მიმართონ 40 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა, თუ არ სურთ დაგროვება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ახალი მიღებულია პარლამენტში, უკვე მუშაობენ შესატან ცვლილებებზე, საპენსიო ფონდში კი "რეზონანსის" კითხვებს არ პასუხობენ.

    იანვრიდან პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდა 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისათვის, 40 წელს ზემოთ გადაცილებულთათვის კი სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია. მიუხედავად ამისა, პირველი სამი თვე აღნიშნული კატეგორიისათვისაც სავალდებულოა სისტემაში ჩართვა. შედეგად, ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 6% გადაირიცხება საპენსიო ფონდში, თუმცა უშუალოდ მოქალაქეს მხოლოდ 2%-ის გაღება მოუწევს, დარჩენილ 2-2%-ს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო ჩარიცხავენ.

    მიუხედავად იმისა, რომ კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ ძალაში შევიდა, მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა არც კი იცის დეტალები და არც ის, რომ თუ 3 თვის გასვლის შემდეგ 2 თვის განმავლობაში განცხადებას არ დაწერენ პროგრამის დატოვების შესახებ, ისინი სამუდამოდ დარჩებიან სისტემაში და ხელფასიც კვლავ ჩამოეჭრებათ.

    საინფორმაციო კამპანია, ფაქტობრივად, არ წარმოებს და ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ კონკრეტულად "რეზონანსის" რედაქციაში დღის განმავლობაში არაერთი მკითხველი რეკავს და ცდილობს, ჟურნალისტებისაგან შეიტყოს ინფორმაცია. მოქალაქეებმა ხშირ შემთხვევაში ისიც კი არ იციან, ვის უნდა მიმართონ.

    მიუხედავად იმისა, რომ კითხვის ადრესატი "რეზონანსმა" იპოვა, მაინც ვერ მიიღო პასუხები, თუ რატომ არის პირველი სამი თვე სავალდებულო, რატომ არ წარმოებს საინფორმაციო კამპანია ან იმ შემთხვევაში, თუ 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეს სამი თვის შემდეგ არ სურს, განაგრძოს სისტემაში ყოფნა, ვის უნდა მიმართოს განცხადებით. ფონდში არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაგვცეს.

    პარლამენტში კი ალტერნატიული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზეც უკვე მუშაობენ. უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე განიხილება და მთავარი შესწორება მეორე სვეტის გაჩენა იქნება, რაც თაობათა შორის სოლიდარობას გულისხმობს, ანუ შვილები დააფინანსებენ მამების პენსიას.

    "ცვლელებებზე მუშაობა, ვიმედოვნებ, დაიწყება პირველივე სასესიო კვირიდან და მაშინვე მოხდება განხილვაც. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ, არის მეორე სვეტის გაჩენა, რომელიც გულისხმობს თაობათა შორის სოლიდარობას. ამის საფუძველზე შვილების თაობა უზრუნველყოფს მშობლების თაობის პენსიას. სწორედ ამ მეორე სვეტის საფუძველზე მოხდება პენსიის გაცემა იმის გათვალისწინებით, თუ რა ნამსახურეობა და რა სტაჟი გააჩნიათ ადამიანებს.

    გარდა ამისა, თუ ახალი სისტემა ჩაირთვება, მაგალითად, 2019 წელს, პირველი შენატანის განხორციელება მოხდება 2019 წელს, უკვე 2020 წელს ის ადამიანები, რომლებიც პენსიაზე გავლენ, გაზრდილ პენსიას მიიღებენ სწორედ ჩვენი შეთავაზებული მეორე სვეტის საფუძველზე. ახლა თუკი ვივარაუდებთ, რომ შენატანები განხორციელდება მხოლოდ 40 წლამდე ადამიანებისაგან, ესე იგი მამაკაცები მას უნდა დაელოდონ 25 წელიწადს, ხოლო ქალბატონები - 20 წელიწადს, დღევანდელი საპენსიო ასაკის გათვალისწინებით.

    ჩვენ კი ვამბობთ, რომ არანაირი ლოდინი საჭირო არ არის. სწორედ ახალი სისტემის საფუძველზე 2019 წელს დაგროვება დაიწყება და ისინი, ვინც პენსიაზე გავლენ 2020 წელს, უკვე გაზრდილ პენსიას მიიღებენ. ასევე, საყურადღებოა გადანაწილების პრინციპი, რომლითაც დაბალშემოსავლიანები მიიღებენ მეტს. გარდა ამისა, აუცილებელია, გათვალისწინებული იქნეს მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულთა უფრო ადრე გასვლა პენსიაში", - აცხადებს "რეზონანსთან" ნაცვლიშვილი.

    სამომავლო ცვლილებით დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო უნდა იყოს ყველასათვის და არა ნებაყოფლობითი - გარკვეული სეგმენტისათვის. ასევე აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება, რაც უკვე დაგვიანებულიცაა.

    "არა მხოლოდ 40 წელს ქვემოთ მყოფი ადამინებისათვის, ჩვენი ცვლილების მიხედვით, რეფორმაში ჩართვა სავალდებულო უნდა იყოს ყველასათვის. ხალხმა საერთოდ არ იცის, რა ხდება.

    საინფორმაციო კამპანია აქამდე უნდა წარმართულიყო, ახლა რაღა დროსია, უკვე კენჭი ეყარა და კანონიც ამოქმედდა. დაგვიანებულიცაა ეს პროცესი, თუმცა მაინც აუცილებელია, მოსახლეობას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია და ავუხსნათ, რომ მათი შემდგომი კეთილდღეობისათვის საჭირო რეფორმაა", - აცხადებს ნაცვლიშვილი.

    თუ პარლამენტარი რეფორმაში ყველა მოქალაქის ჩართვას სავალდებულოდ მიიჩნევს, ეკონომისტი პაატა შეშელიძე თვლის, რომ ყველა ასაკის ადამიანს არჩევანის თავისუფლება უნდა ჰქონდეს, "ახალი ეკონომიკური სკოლა" დაგროვებით სისტემას თაღლითობას უწოდებს.

    "ამ რეფირმის მთავარი პრობლემა კონცეფიციაა, რომელიც ეწინააღდეგება, ეკონომიკურ ლოგიკას, კონსტიტუციასა და იმ ღერძს, რომელიც ქვეყანაში ოფიციალურად არის გაცხადებული, ვგულისხმობ ეკონომიკურ თავისუფლებას. კონცეფცია კი შემდეგია, დაიბეგროს ყველა და ფული მიიღოს საინვესტიციო საბჭომ. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო კომპნიები ზარალით ამთავრებენ ყველა წელს.

    ასევე აუცილებლად მივიჩნევ, ყველა ასაკში ადამიანებს ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება. რეფორმის ანტიკონსტიტუციურობა კი გამოიხატება იმაში, რომ დამქირავებელს ეკისრება 2%-ის გადახდა დაქირავებულის სასარგებლოდ. სინამდვილეში, ეს გახლავთ საგადასახადო ტვირთი მისთვის, რაც ეწინააღდეგება კონსტიტუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ არ შეიძლება გადასახადის შემოღება რეფერენდუმის გარეშე. თუ ეს გატარდა, ხვალ ვიღაცას გაუჩნდება იდეა, რომ ასე დაფინანსდეს განათლება და ჯანდაცვაც.

    შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს თაღლითური სისტემაა და ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ის ადამიანები, რომლებიც ლობირებენ მას", - აცხადებს შეშელიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved