სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ირაკლი ბერძენაძე: "მევახშეები გააქტიურდნენ, ხალხი მათ მიაწყდა"
    მარი ჩიტაია
    12.01.2019

     ახალი წლიდან მოქმედმა რეგულაციებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საყრდენი გამოაცალა. სწრაფი სესხების კომპანიები საფინანსო ბაზარს ტოვებენ და ეს ტენდენცია მთელი 2019 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სპეციალისტების განცხადებით, მიკროსაფინანსოებს სესხების გაცემის მექანიზმი მაქსიმალურად შეეზღუდათ და ისინი საქმიანობას ვეღარ ახერხებენ.

    როგორც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციობდა, თუმცა დეკემბერ-იანვარში მათი რიცხვი კიდევ შემცირდა.

    გუშინ ცნობილი გახდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "მისო მო მანი კრედიტის" რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის 4 იანვრის განკარგულებაშია აღნიშნული. ორგანიზაციაში უკვე ლიკვიდატორიც დაინიშნა.

    "ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში", - აღნიშნულია განკარგულებაში.

    სპეციალისტების შეფასებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაუქმების ტენდენცია გაგრძელდება და საბოლოოდ მათი რიცხვი მინიმუმამდე დავა.

    არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ბერძენაძე ფიქრობს, რომ მათ ნაცვლად მევახშეები გააქტიურდებიან და ეს პროცესი დაწყებულია კიდეც.

    "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა არათუ განახევრდება, მინიმუმამდე შემცირდება. სერიოზული პრობლემა აქვთ, რადგან ძალიან შეზღუდული არიან საქმიანობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი გახდა საფინანსო ბაზრის სრული რეგულატორი, რომელმაც მთალი ძალაუფლება საკუთარ თავზე აიღო. მის გადაცდომებზე კი პასუხისმგებლობას არავინ იღებს, ეს შეგნებულად გააკეთეს და საბოლოოდ ხალხი დაზარალდება.

    ბოლო პერიოდში ერთბაშად გაიზარდა მევახშეების საქმიანობა ქვეყანაში. თუკი სესხების გამცემ ორგანიზაციებს აღარ უღირთ საქმიანობის გაგრძელება და იხურებიან, სამაგიეროდ, მევახშეები აქტიურდებიან. ხალხი მათ მიაწყდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებებს უკვე ქონების გამოსყიდვის უფლებით აფორმებენ. ამაში მევახშეებს ხელს, ფაქტობრივად, არავინ უშლის. რეგულაციებმა სწორედ მათ აღზევებას შეუწყო ხელი.

    იკროსაფინანსოების ბაზარი მთლიან საფინანსო სისტემას თანდათან ეთიშებიან. მათი შემცირების ტენდენცია შარშან დაიწყო, წელს უკვე დაფიქსირდა 1 ფაქტი და უახლოეს პერიოდში საქმიანობის შეჩერება საკმაოდ ბევრს მოუწევს", - ამბობს "რეზონანსთან" ბერძენაძე და დასძენს, რომ ასე თუ გაგრძელდება, ქართული საფინანსო სექტორი 90-იანი წლების დონემდე დაეცემა.

    "რეგულაციებმა ლეგალურ ბიზნესს სახსრების დაბანდების საშუალება მოუსპო. სესხის გაცემის პროცედურები გართულდა. გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია, რომ ისინი საკრედიტო პორტფელებს გაყიდიან და რესურსი მსხვილ კომპანიებს ან ბანკებს ჩაუვარდებათ ხელში. ის, რაც საფინანსო ბაზარზე რეგულაციების სახით ხდება, სოციალიზმიკენ გვაბრუნებს და ლიბერალური ბაზრისგან ძალიან გვაშორებს. ახლა მიკროსაფინანოებისთვის ძალიან რთული სიტუაციაა", - ამბობს ბერძენაძე.

    სპეციალისტების ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ სამომხმარებლო სესხების შემცირების პარალელურად სესხის დიდი ნაწილი 1-ლი იანვრიდან იურიდიული პირების დაკრედიტებას მოხმარდება. საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი არ გამორიცხავს, რომ სესხის მიმღებთათვის საფინანსო ბაზარი იურიდიული პირების საშუალებით კიდევ უფრო გაფართოვდეს.

    "ბუნებრივია, რომ რეგულაციები სესხების შემცირებაზე გავლენას მოახდენს. ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომელიც სამომხმარებლო სესხით სარგებლობდა, შეზღუდვის გამო ფულად რესურსს მარტივად ვერ მიიღებს. საბოლოო ჯამში, ბაზარი კიდევ უფრო გაფართოვდება მათთვის, რომლებსაც შეუძლიათ სესხის აღება.

    ცხადია, სესხები არ არის სიღარიბისგან თავდაცვის საშუალება. ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი რეგულაციაა. სავარაუდოდ, სამომხმარებლო კრედიტების შემცირების პარალელურად, სესხის დიდი ნაწილი იურიდიული პირების დაკრედიტებას მოხმარდება", - აცხადებს "რეზონანსთან" თოქმაზიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გიორგი   (12.01.2019)
    ნასყიდობა გამოსყიდვის ტრანზაქციით ხდება თანხების გაპროცენტება მთელი ბაზარი მევახშეებს დარჩათ ურააააააა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved