სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბოლო 2 წელიწადში ავტომობილებზე დაწესებული სხვადასხვა გადასახადი უკვე 300 ლარს აჭარბებს
    მარი ჩიტაია
    07.02.2019

     მანქანების შენახვის ხარჯი მძღოლებს საგრძნობლად გაეზარდათ და ეს ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება. მთავრობა ძალისხმევას არ აკლებს, რომ მანქანა ფუფუნების საგნად იქცეს და მისი მოვლა-შენახვა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვერ შეძლოს. ბოლო 2 წელიწადში ავტომობილებზე დაწესებული სხვადასხვა გადასახადი უკვე 300 ლარს აჭარბებს. იმის გათვალისწინებით, რომ მანქანა ტექდათვალიერებისათვის სათანადოდ უნდა მომზადდეს, ხარჯი რეალურად 1000 ლარზე მეტია.

    მძღოლს დაზღვევის, პარკირების, ტექდათვალიერების ხარჯი უწევს, რასაც ემატება ცალკე გადასახადი "ტაქსისტებისათვის" და საბოლოოდ ამ ყველაფრის ზიდვა მძღოლების დიდ ნაწილს ძალიან გაუჭირდება. შესაბამისად, ტრანსპორტის დარგი უბრუნდება იმ დროს, როცა მანქანა ფუფუნების საგანი იყო. არ არის გამორიცხული, ხალხმა მანქანების მოშორება დაიწყოს ან დროებით გააჩეროს ავტომობილი და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაერთოს, რომელიც ისედაც ძალიან გადატვირთულია.

    საქმე ისე მიდის, რომ გაძვირდება ყველაფერი, რაც მანქანასთანაა დაკავშირებული, ამას კი ჩვეულებრივი მოქალაქეების ჯიბე ვერ გასწვდება. მიუხედავად ამისა, თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი შალვა ოგბაიძე ფიქრობს, რომ მანქანის შენახვის ვალდებულება არ იქნება ტვირთი, რომელსაც მძღოლები ვერ ზიდავენ.

    "ტრანსპორტის შენახვის ვალდებულება არ უნდა გახდეს ტვირთი, ეს არის მთავარი. ცხადია, რომ მანქანას ყიდულობს ადამიანი, ვისაც ამისათვის ხარჯი გარკვეულ დონეზე გათვალისწინებული აქვს. მეორეული მანქანა რომ ავიღოთ, დაახლოებით 7-8 ათასი დოლარი მაინც ღირს და მის მფლობელს რაღაც მინიმალური თანხაც უნდა ჰქონდეს, რომ თავის დროზე შეუცვალოს მუხრუჭის ხუნდი, საბურავი და სხვა, რათა ტრანსპორტი მწყობრში ჰყავდეს.

    უცვეთელი მანქანა ბუნებაში არ არსებობს. ავტომობილს, ისევე როგორც ნებისმიერ ნივთს, თავისი მოვლის რეკომენდაცია აქვს. ის მომეტებული საფრთხის საგანს წარმოადგენს და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, ავტომობილს როცა ვიძენთ, სიამოვნების გარდა, არის ვალდებულება.

    ტექდათვალიერების, პარკირების ტარიფი, დაზღვევის ხარჯი თუ სხვა ტიპის გადასახადი ან თუნდაც გაძვირებული საწვავი მანქანას ფუფუნების საგნად ვერ აქცევს, მაგრამ მძღოლებს გარკვეული ხარჯის გაწევა ნამდვილად მოუწევთ. ცხადია, თუ ფული არ მაქვს, მანქანით სიარულისაგან თავს შევიკავებ. ეს ელემენტარულია, რასაც ჩვენი მოქალაქეები გაითვალისწინებენ", - განუცხადა "რეზონანსს" ოგბაიძემ.

    გამოდის, რომ ერთადერთ ალტერნატივად კერძო ავტომობილების მფლობელებისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომელიც ჯერ კიდევ განუვითარებელია.

    სატრანსპორტო რეგულაციების არსიც ისაა, რომ ავტომობილის რაოდენობა შემცირდეს და მძღოლების ნაწილმა სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს. ამაზე აკეთებს აქცენტს ორგანიზაციის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი. ის ფიქრობს, რომ სხვანაირად უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოუდგენელია.

    "ყველა ქვეყანაში, სადაც იცავენ უსაფრთხოების ნორმებს, არის ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც მძღოლებს მოეთხოვებათ. ტექდათვალიერება, ტაქსების რეგულაცია, პარკირება და სხვა უსაფრთხო ქვეყნების მიდგომაა და, ადრე თუ გვიან, ჩვენს ქვეყანაშიც უნდა დაინერგოს. ვერ ვიტყვი, რომ ამით მანქანა ფუფუნების საგნად იქცევა. ამისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ დონეზე უნდა განვითარდეს, რომ ადამიანს ყოველდღიურად არ უწევდეს საკუთარი ავტომობილის გამოყენება.

    რეალურად ისეთი პირობები უნდა შეიქმნას, რომ მანქანა ფუფუნების საგანი არ გახდეს, უბრალოდ, ყოველდღიურ რეჟიმში არ უნდა გამოიყენებოდეს. ეს იმ ცივილური ქვეყნების მიდგომაა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილების ნომერი პირველი საშუალებაა.

    ჩვენთან დადის საკმაოდ მოძველებული ტრანსპორტი, რაც ავარიების ხელშემწყობი ფაქტორია. ეს იწვევს ჰაერის დაბინძურებასაც. სამწუხაროდ, არ ვითვლით ზარალს, რასაც ქვეყანა ასეთი ტრანსპორტის გამო იღებს. ჩვენ თუ შევამცირებთ მათ რაოდენობას, შედეგს გაცილებით უკეთესს მივიღებთ", - ამბობს ლალიაშვილი და აქვე ადასტურებს, რომ ეს პროცესი მოქალაქეების გარკვეული ნაწილისათვის მტკივნეული იქნება.

    "ზოგიერთი მოქალაქისათვის შეიძლება, ეს პროცესი მტკივნეული იყოს, მაგრამ მთავარია, გარემო ადამიანების კეთილდღეობაზე იყოს მორგებული და უსაფრთხო. ამისათვის ძველი ტრანსპორტი თანდათან უნდა შევამციროთ, ეს არის ჩვენი ხედვა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის საშუალებაც, რომ ჩააბარონ ძველი მანქანები, რაღაც საფასური მიიღონ და უკეთესი ტრანსპორტის შეძენა შეძლონ, თუ ეს მათ დასჭირდებათ", - ამბობს "რეზონანსთან" ლალიაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (07.02.2019)
    ამიტომ უფულო ადამიანმა მანქანა არ უნდა იყიდოს.გაჭირვებით იჭინთება და მერსედესი რომ უნდა,მაგას რჩენაც უნდა მერსედესური...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×