სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ამ ტემპით თუ ვივლით, შეიძლება, თბილისში წლის განმავლობაში 30 კორპუსზე მეტი არც აშენდეს"
    მარი ჩიტაია
    08.02.2019

     საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაახლოებით 40-50%-ით შემცირდება. საბანკო და სამშენებლო სფეროს რეგულაციებმა უძრავი ქონების ბაზარს სერიოზულად დაარტყა. არაოფიციალური მონაცემით, თუკი აქამდე თბილისში ყოველწლიურად დაახლოებით 100-120 კორპუსი შენდებოდა, წელს შესაძლოა, 30-40 კორპუსზე მეტი ვერ აშენდეს. დეველოპერები ამბობენ კიდეც, რომ მასშტაბურ პროექტებს უკვე ვეღარ განახორციელებენ.

    კიდევ მეტი პრობლემა მოსალოდნელია რეგიონებში, სადაც ძლივს წამოიწია სამშენებლო სექტორმა და ახლა საერთოდ ჩაკვდება. მშენებლობის ტემპი შენელდება ბათუმშიც, ქუთაისში - კიდევ უფრო მეტად, სხვა რეგიონებში მოთხოვნა ისედაც არ იყო.

    ბოლო დროის ტენდენციამ აჩვენა, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი 50-70%-ით არის შემცირებული. კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მომხმარებლების აბსოლუტურ უმრავლესობას კრედიტის გარეშე ბინის ყიდვის საშუალება არ აქვს. ასეთ პირობებში ბიზნესი იძულებულია, მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე უარი თქვას.

    საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით სახელმწიფომ გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო და ბიზნესი დააზარალა.

    "ერთი წლის განმავლობაში თბილისში დაახლოებით 12 000 ერთეული ბინის რეალიზაცია ხდებოდა. აქედან ნახევარზე მეტი ახალია. ცხადია, რომ გაყიდვების ტემპი დაიკლებს და ეს პროცესი დაწყებულია. უკმაყოფილება დეველოპერების მხრიდან ის არის, რომ თითქმის ყველა კლიენტს, რომლებსაც ბინები შერჩეული ჰქონდათ და დოკუმენტები მათ შესაძენად გამზადებული იყო, სესხები არ დაუმტკიცდათ.

    ბანკების ინფორმაციით, 10-ჯერ შემცირდა იპოთეკური სესხების გაცემა. 100-დან 90 კლიენტი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა ხალხმა სხვა გზა გამონახა, კერძო პირებისაგან სესხულობენ და გზებს ბანკების გვერდის ავლით ეძებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ამას კლიენტების უმეტესობა ვერ ახერხებს. ბაზარზე სერიოზული პრობლემაა, გაუაზრებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საკმაოდ მძიმე შედეგი მივიღეთ.

    ბევრი ადამიანი სამუშაოს დაკარგავს. მათი დიდი ნაწილი დასაქმებას უკვე საზღვარგარეთ შეეცდება და ემიგრაციაში წავა. ასეთი, დაახლოებით, 4000-მდე ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ ხალხს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ. ყველა მხრიდან, მშენებლობის მიმართულებით პრობლემა იგრძნობა და ამით ქვეყანა ვერაფერს მოიგებს", - ამბობს როსტომაშვილი.

    მშენებლების ინფორმაციით, რეალიზაცია წელსვე განახევრდება. კომპანია "აი ჯი ეს ჯგუფის" ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ სამშენებლო ნორმების გამკაცრებაზე მეტად უძრავი ქონების ბაზარი საბანკო რეგულაციების, კერძოდ, დაკრედიტების კუთხით მიმდინარე ცვლილებების გამო დაზარალდა.

    "ბაზარზე არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. წინასაახალწლო პერიოდში რეგულაციების მოლოდინი იყო, რომ ბინები რადიკალურად გაძვირდებოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება სულ სხვა ეფექტი მივიღოთ. საბანკო სესხებზე წვდომა დაახლოებით 50%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ამდენივეთი დაიკლებს ბინების რეალიზაციის მაჩვენებელიც. კომპანიებს გარკვეული რაოდენობის ბინები გაუყიდავი დარჩება.

    სამშენებლო ნორმების გამკაცრებაზე მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი დაკრედიტების კუთხით მიმდინარე ცვლილებები აღმოჩნდა. სეზონურობიდან გამომდინარე, უძრავი ქონების ბაზარზე იანვარ-თებერვალი პასიური პერიოდია. მომდევნო თვეებში შეიძლება, ვითარება ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ დაკვირვებისათვის დაახლოებით ერთწლიანი პერიოდი გვინდა, რომ ტენდენცია გამოიკვეთოს და რეალობასთან მიახლოებული სტატისტიკა მივიღოთ", - განუცხადა "რეზონანსს" შოთა გუჯაბიძემ.

    კომპანია "ორბშიც" ასევე ვარაუდობენ, რომ მშენებლობის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ მხრივ განსაკუთრებით რეგიონებში შეიქმნება პრობლემა.

    "ბაზარი დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშეა. იმის მაგივრად, რომ სამშენებლო სექტორი კიდევ უფრო განვითარებულიყო, რეგულაციების გამო, ფაქტობრივად, ჩიხში მოექცა. რეალიზაცია საგრძნობლად არის შემცირებული. დიდი ალბათობით, 2019 წელს გაყიდვები დაახლოებით 40%-ით დაიკლებს. ამ ტემპით თუ ვივლით, შეიძლება, თბილისში წლის განმავლობაში 30 კორპუსზე მეტი არც აშენდეს", - განუცხადა "რეზონანსს" ვაჟა ნავროზაშვილმა, კომპანია "ორბის" წარმომადგენელმა.

    უძრავი ქონების ბაზრის პრობლემაზე საუბრობენ იურისტებიც. სამშენებლო სამართლის ლექტორ უჩა ზაქაშვილის თქმით, რეგულაციებით ბაზარზე უზარმაზარი პრობლემა შეიქმნა.

    "მოქალაქეები ბინებს იპოთეკური სესხებით ყიდულობდნენ, მაგრამ ამ ტიპის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა მკაცრად შეიზღუდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რაც ბინებზე მოთხოვნას შეამცირებას. ასევე შემაფერხებელია სამშენებლო რეგულაციები. ჯერაც დაუმტკიცებელმა გენგეგმამ, რომელიც ოფიციალური დოკუმენტი ჯერ კიდევ არ გახლავთ, გარკვეული პრობლემა შექმნა. მშენებლობის დაწყების ნებართვაზე ბევრ კომპანიას უარი ეთქვა.

    სამართლებრივად გენგეგმა დამტკიცებული არც არის, შესაძლებელია ისიც, რომ საერთოდაც არ იქნას მიღებული თავდაპირველი სახით და კიდევ გარკვეული ცვლილებები შევიდეს. რაც მთავარია, ის ჯერ არ არის კანონი და ესეც გახდა დამაბრკოლებელი გავლენა.

    ბევრი წინააღმდეგობაა, რაც აფერხებს დარგის განვითარებას და ინვესტორებსაც კაპიტალდაბანდების საფრთხეს უქმნის. სატრანსპორტო კვანძების ნაწილშიც ასევე ძალიან უცნაური რეგულაციაა. საბოლოოდ ეს ყველაფერი ქმნის არაპროგნოზირებულობისა და დაუცველობის განცდას ინვესტორებში და ყველაფერი ერთად ბიზნესზე უარყოფითად მოქმედებს. რეალურად ინვესტორებმა არ იციან, რა ნორმებით იხელმძღვანელონ, რეგულაცია ტენდენციის თვალსაზრისით კარგია, მაგრამ უკან მოდევნებული ლამპარივითაა", - ამბობს "რეზონანსთან" ზაქაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Ani   (08.02.2019)
    ძალიან კარგი აღარ არის ჰაერი,აღარაა საჭირო მეტი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved