სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რიგის დასაკავებლად მოქალაქეები ღამით მოდიან და ეწერებიან"
    მარი ჩიტაია
    08.02.2019

     ტექდათვალიერების ცენტრები მოთხოვნას ვერ აუდიან, ყოველდღიურად დაახლოებით 20-25 მანქანა მოწმდება. ერთი შეხედვით, მძღოლებს მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტექდათვალიერების პროცესს საკმაოდ ადვილად გადიან. სპეციალისტების მხრიდან ხშირად ისმის საუბარი პროცესების გაუმართაობაზე. შენიშვნა დიდწილად ბიუროკრატიულ მექანიზმს უკავშირდება. 

    ტექდათვალიერების ცენტრებში ამბობენ, რომ მოთხოვნამ მოიმატა და მომსახურების მისაღებად დიდი რიგებია. კომპანია "აირბალონის" წარმომადგნელის ნოდარ რამიშვილის თქმით, შემოწმებისას ყოველი 10 მანქანიდან 5 სტანდარტთან შეუსაბამოა, თუმცა მანქანების უმეტესობა შეკეთებას ექვემდებარება და ხარვეზის გამოსწორება ადგილზეც ხდება შესაძლებელი. 

    "ყველა მძღოლმა მანქანის ხარვეზის შესახებ თვითონაც კარგად იცის, მაგრამ შემოწმების პროცესს მაინც მოუმზადებელი ხვდება. ჩვენ ვაძლევთ მითითებას და შემდეგ ცდილობენ მანქანების მწყობრში მოყვანას.  ყოველდღიურად ბევრი მანქანა შემოდის. თუკი ორი თვის წინ 8-10 მანქანა მოწმდებოდა, ახლა მათი რიცხვი 20-25-მდეა. რიგის დასაკავებლად მოქალაქეები ღამით მოდიან. ერთხანს ეწერებოდნენ, მაგრამ სია 500-მდე ავიდა და ხალხმრავლობამ პრობლემა შექმნა. 

    ახლა ცოცხალ რიგში ჩადგომას სიის გარეშე ცდილობენ, ძალიან მაღალი აქტიურობაა. შესაძლოა იმის გამოც, რომ ჩვენს ცენტრში შემოწმების პარალელურად მანქანების შეკეთებაც ხდება. დარღვევები რომ აღმოჩნდება, ცდილობენ, ადგილზევე გამოასწორონ ხარვეზი, რიგი, ძირითადად, ამან შექმნა. შესაბამისად, ცენტრიც დატვირთული გრაფიკით მუშაობს. სხვადასხვა ცვლაში რამდენიმე ხელოსანია, მოთხოვნას სრულად ვპასუხობთ, ამ მხრივ პრობელმა არ გვაქვს", - განუცხადა "რეზონანსს" რამიშვილმა. 

    ცენტრებში მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილიც. 

    "ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელების მიმართვიანობა სამჯერაა გაზრდილი, ჩვენ გვაქვს 30-წუთიანი მოცდის პერიოდი. კარგი იქნება თუ მძღოლები სანამ მიიყვანენ ავტომობილებს ინსპექტირების ცენტრში, თავადვე ნახავენ და გამოასწორებენ ვიზუალურ ხარვეზებს. მაგალითად, ფარებთან, საბურავებთან, საქარე მინასთან, ღვედებთან დაკავშირებით. როგორც ვაკვირდები ძირითადად პირველადი ინსპექტირების დროს ასეთი ტიპის ხარვეზებია", - ამბობს იორდანიშვილი.

    აქტიურობის მიუხედავად, სპეციალისტები ტექდათვალიერების პროცესს წარუმატებლად მიიჩნევენ. მათი განცხადებით, პრობლემაა სისტემაში, რის გამოც რეფორმა ჩავარდა.  ასე ფიქრობს "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.

    მისი თქმით, ტექდათვალიერების პროცესი გაუმართავია, რადგან უამრავი ხარვეზია გამოვლენილი.

    ურუშაძის შეფასებით, ამ რეფორმაც საავტომობილო გზებზე არსებული ვითარებისა  და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება ვერ შეძლო. 

    ურუშაძე კორუფციული გარიგებების არსებობაზეც საუბრობს.

    "რეფორმამ არსებული ვითარების გამოსწორება ვერ უზრუნველყო, თუმცა ეს ერთი პრობლემა არ არის, სამწუხაროდ, იკვეთება პირადი ინტერესები გარკვეული მაღალჩინოსნების მხრიდან, რაც უკავშირდება ბიზნესს და შემოსავლებს. ამ შემთხვევაში ქვეყნის მთავარი ინტერესი უკანა პლანზე აღმოჩნდა, რამაც უკვე დიდი პრობლემა შეიქმნა. თურმე კორუფციის გზით ხდება პირდაპირ უაპელაციოდ დარიგება ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირების სერტიფიკატების, რაც რეფორმისთვის საბოლოო განაჩენია. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ რეფორმა ჩავარდა", - ამბობს "რეზონანსთან" ურუშაძე. 

    მისი თქმით, ასევე არაერთი ხარვეზი გამოვლინდა თავად დაგეგმარების პროცესში, დაწყებული საზოგადოების ინფორმირებულობიდან, დამთავრებული ტექინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციით.  

    "არაერთი ცვლილება მოხდა უშუალოდ სტანდარტში - ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირების რეგლამენტში, სადაც მაგალითად,  გამონაბოლქვის შემთხვევაში მოხდა იმ სტანდარტის შემსუბუქება, რაც 90-იან წლებში გვქონდა. გამონაბოლქვში  CO-ს შემცველობა თუ იყო 90-იანებშიც კი 0.3, ის გაიზარდა 0.5-მდე და მეორე შემთხვევაში თუ იყო 0.5 გაიზარდა 0.8-მდე. 

    ფაქტობრივად, რაც არ უნდა ტექნიკურად გაუმართავი ყოფილიყო ავტომობილი და ჰქონოდა გადაცდომები, ტექნიკურ დათვალიერებას თეორიულად მაინც გაივლიდა. ჩვენ რეალურად ვატარებდით ტექინსპექტირებას იმ მოტივებით, რომ ამის სათქმელი გვქონოდა საერთაშორისო დონეზე, მეტი არაფერი“, - აღნიშნავს "რეზონანსთან" ურუშაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×