სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პირველი ტალღა დაახლოებით 1 თვის შემდეგ არის მოსალოდნელი
    მარიკა გოგოხია
    12.02.2019

     სავალუტო რყევებით ბანკებმა არნახული მოგება მიიღეს. გადაჭრით არავინ საუბრობს, რომ ლარის გაუფასურებას ბანკები უწყობდნენ ხელს, მაგრამ ცხადია, რომ ამ ნეგატიური პროცესით ბანკებმა იხეირეს. ფაქტია, ისინი დიდძალ ფულს სწორედ სავალუტო მანიპულაციებითა და სპეკულაციით შოულობენ. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2018 წელს მათი მთელი მოგების მეოთხედი მარტო ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მიღებულ შემოსავლებზე მოდის.

    ეროვნული ბანკის მონაცემით, 2018 წელს ბანკების მოგება 915 მილიონი ლარი იყო. აქედან 230 739 497 ლარი სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალია, რაც 25,1 მლნ ლარით მეტია წინა წელთან შედარებით.

    2017 წელს ბანკების მოგება ვალუტის გაცვლით 206 674 869 ლარს შეადგენდა. ამასთან, კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2018 წლის მხოლოდ ერთ კვარტალში (მე-4 კვარტალი) ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მიღებული მოგება 68,1 მლნ ლარს შეადგენდა.

    ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ სარგებელს ბანკები შეელიონ და ადრე თუ გვიან, წელსაც დაიწყებენ მანიპულაციებს, რაც საბოლოოდ ლარის კურსზე მოახდენს გავლენას.

    სპეციალისტები ბანკების მანიპულაციებს ვერ ადასტურებენ, თუმცა კონტროლის გაძლიერებას ემხრობიან და სებ-ს გარკვეული ზომების მიღებისაკენ მოუწოდებენ. საბანკო სფეროს ექსპერტი ნიკა შენგელია "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ლარის კურსზე მანიპულაციები წელსაც გაგრძელდება. რაც შეეხება კურსს, შენგელია ფიქრობს, რომ მარტიდან ქვეყანაში სავალუტო რყევები დაიწყება.

    "ბანკებისათვის კურსთაშორისი სხვაობა მაღალი შემოსავლის განმსაზღვრელია. ისინი ყოველთვის შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ბოლო პერიოდში მთლად თავისუფლად ვერ მანიპულირებენ და რყევებზე დიდად ვერ ახდენენ გავლენას, მაგრამ ამის მცდელობა მაინც არის.

    ამ ეტაპზე კურსთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მარტამდე რყევას არ უნდა ველოდოთ. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თვითონ დოლარი ძალიან შესუსტებულია. თუკი სებ-ი პირდაპირ არ ჩაერევა სავალუტო ბაზრებზე 10-15-მილიონიანი ინტერვენციებით, მოკლე პერიოდში ლარის გამყარების მომსწრე გავხდებით, მაგრამ ტენდენცია დიდხანს არ გასტანს და დაახლოებით 10 მარტიდან ლარის რყევები დაიწყება.

    რაც შეეხება ბანკების სპეკულაციას, ის გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი "ბლუმბერგის" დახურულ სისტემაში ივაჭრებენ. სხვა ამ პროცესს ვერაფერს მოვუხერხებთ, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა მიიღოს ზომები, რათა "ბლუმბერგის" პლატფორმიდან ვაჭრობა "გარეთ" გამოიტანოს. თანაც, კარგად მოგეხსენებათ, რომ მიკროსაფინანსოები რეგულაციების გამო თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან და ბაზარს ტოვებენ. ბანკები ისე დომინირებენ საფინანსო სექტორში, რომ კონკურენცია, როგორც ასეთი, საერთოდ დავიწყებულია. ბაზრის 95%-ს ისინი აკონტროლებენ. ამ სფეროში წესრიგის დამყარებას საშველი არ დაადგა. შესაბამისად, მანიპულაციები იქნება, მაგრამ - არა დიდი რყევებით", - ამბობს შენგელია.

    ლარის კურსზე ბანკების გავლენის ფაქტორს არ გამორიცხავს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. მისი თქმით, ძნელად სავარაუდოა, ბანკები ამ სარგებელს შეელიონ, რამდენადაც მათი ძირითადი მოგება საკომისიოებიდან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს ემყარება, ხოლო კურსთა სხვაობამ ბანკებს დიდი შემოსავალი მოუტანა.

    "სპეკულაციური ელემენტებია, დავუშვათ, როცა ბანკი ყიდულობს ვალუტას სხვა კურსით "ბლუმბერგის" სისტემაში და შემდეგ მას უფრო მაღალი კურსით ყიდის. რა თქმა უნდა, ეს არ არის უკანონობა, ბანკი შესაძლებლობას იყენებს და ეს ჩვეული მომენტია. ბანკების მოგებას დიდწილად განსაზღვრავს სავალუტო ოპერაციებთან მიმართებაში კლიენტურასთან კონვერტაციებისას კურსთა სხვაობით მიღებული მოგება, რასაც ემატება ემისიები, ტრანზაქციები და ა.შ. რეალურად, ბანკი როდესაც ყიდულობს ვალუტას "ბლუმბერგის" მეშვეობით, შემდეგში კლიენტურასთან ახდენს ანგარიშსწორებას იქიდან გამომდინარე, რა შეკვეთებია, რა მოთხოვნებია დოლარის შეძენასთან დაკავშირებით.

    აქ ერთი ფარული მომენტია, რასაც ბანკის კლიენტებიც ვერ ამჩნევენ. პრაქტიკულად, კლიენტმა თავისთავად არ იცის, ბანკი ბაზარზე სავალუტო სახსრებს რა კურსით ყიდულობს და დამოკიდებულია პირდაპირ იმ გაცვლით კურსზე, რასაც ის სთავაზობს. ადრე, როდესაც ფუნქციონირებდა ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა, ბანკების მიერ კურსის ფორმირება იყო გამჭვირვალე, ანუ ყველამ იცოდა, რამდენი ბანკი მონაწილეობდა, როგორი იყო თავდაპირველი მოთხოვნა, როგორ იცვლებოდა მოთხოვნა-მიწოდება და რა ოპერაციები ჩაატარა სებ-მა, ეს ყველაფერი ნათელი იყო. აქედან გამომდინარე, ბანკებთან ურთიერთობის დროს კლიენტი ავალებდა ბანკს, მისთვის ვალუტა შეეძინა ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე საბირჟო კურსით. ამასობაში ბანკი კლიენტისაგან მხოლოდ საკომისიო გასამრჯელოს იღებდა", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ხომიზურაშვილი.

    მისი თქმით, სიტუაცია შეიცვალა და ასეთ დავალებას კლიენტი ბანკს ვერ მისცემს, რადგან აბსოლუტურად გაუმჭვირვალე სისტემაა.

    "ჩვენ ვხედავთ, რომ ბანკების მოგება სავალუტო ოპერაციების მეშვეობით მკვეთრად გაიზარდა. ყველა დოლარის შეძენაზეა ორიენტირებული და შემდეგ უკვე კლიენტურასთან ურთიერთობით არიან დაინტერესებული საკონვერციო ოპერაციების განხორციელებით, რა დროსაც ისინი იღებენ ძირითად მოგებას, რომელიც ანგარიშგებაშია ასახული", - აცხადებს ხომიზურაშვილი.

    სპეციალისტები გამოსავალს ფინანსური ბაზრის დივერსიფიცირებაში ხედავენ. პროფესორ გოჩა თუთბერიძის შეფასებით, შესაძლოა, ბანკებს თვითონ კურსის ფორმირების პროცესში მონაწილეობა არ მიეღოთ, მაგრამ შექმნილი სიტუაციით ისინი მაქსიმალურად სარგებლობენ.

    "ვფიქრობ, ბანკების მოგება გაიზრდება მომავალშიც, ეს გასაკვირი არ არის, ფინანსურ ბაზარზე ერთადერთი მთავარი ინსტიტუტები დარჩნენ ბანკები, არც მოსახლეობასა და არც იურიდიულ პირებს სხვა არჩევანი არ აქვთ, ისინი ფულს ვერანაირად ვერ მოიზიდავენ და ვერ განათავსებენ, რადგან აქ მეორეული ბაზარი არ ფუნქციონირებს. სანამ მონოპოლისტები იქნებიან ფინანსურ ბაზარზე ბანკები, იქამდე მათი მოგება ზღაპრულად გაიზრდება.

    2007 წლამდე საფონდო ბირჟა ვითარდებოდა საქართველოში და კარგი პერსპექტივა ჰქონდა, რაც გარკვეულწილად ფინანსური ბაზრების დივერსიფიცირებას მოახდენდა, მაგრამ ეს პროცესები შეიცვალა. ფაქტია, რომ ბირჟა საქართველოში ვერ განვითარდა. დარჩნენ ბანკები, სადაც შეიძლება, ადამიანმა მიიღოს ფული და განათავსოს თავისი დანაზოგები", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ანალიტიკოსმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved