სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ხშირად რამდენიმე თვის შემწეობას იღებენ წინასწარ და ძალიან ბევრს კარგავენ"
    მარი ჩიტაია
    12.02.2019

     დევნილებისა და პენსიონერების დაახლოებით 70% შემწეობისა და პენსიის კუთვნილ თანხას წინსწრებით იღებს. 240 000 დევნილი მუდმივად სესხზეა დამოკიდებული. მართალია, ეს არაოფიციალური მონაცემია, მაგრამ საკმაოდ ზუსტად ასახავს იმ უკიდურეს გაჭირვებას, რაშიც ამ კატეგორიის მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს. გამოდის, რომ 1 მილიონი პენსიონერიდან და დევნილიდან დაახლოებით 700 000 თავის გადასარჩენად სესხზეა ჩამოკიდებული.

    ოფიციალური მონაცემი, თუ ზუსტად რამდენი პენსიონერი და დევნილი იღებს წინასწარ კუთვნილ ფულს, უცნობია. "ლიბერთი ბანკში" ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადეს, თუმცა ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ მათ არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩაატარეს დამოუკიდებელი კვლევა და შედეგი საგანგაშოა.

    ეკონომისტ რამაზ გერლიანის ინფორმაციით, კუთვნილ თანხას წინასწარ იღებენ ისეთი კატეგორიის ოჯახები, რომლებიც საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონეა. დევნილთა ნაწილს, რომელსაც მაღალი შემოსავალი აქვს, ეს თანხა არ ერიცხება.

    "როგორც კი პირის შემოსავალი 1200 ლარს გადასცდება, ავტომატურად ეხსნება შემწეობა. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობიდან ზუსტი ციფრი, რომელიც ამ ტიპის სესხზეა დამოკიდებული, ძნელად შეიძლება დასახელდეს, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით, 70%-მდეა ადამიანი, რომელსაც წინმსწრებად უწევს თანხის აღება. ეს ეხებათ პენსიონერებსა და სოციალური დახმარების მიმღებ პირებს. პენსიონერების უდიდეს ნაწილს ასევე საპენსიო სესხი აქვს აღებული. ეს იმდენად კაბალური პირობით ხდება, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ფაქტობრივად, ეს არის ავანსად აღებული თანხა და ადამიანებს ახდევინებენ პროცენტს იმ ფულზეც კი, რომელიც არც კი აუღიათ.

    პირობითად, 500-ლარიანი სესხის შემთხვევაში, ხელზე ეძელვა 400 ლარი, ბანკი იტოვებს 100 ლარს, სინამდვილეში კი 500 ლარის ოდენობით თანხაზე აღრიცხავს პროცენტს. როგორც ეკონომისტს, არ მაქვს შენიშვნა, რომ სესხის გაცემისას გამსესხებელი სარგებელს იღებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, კონკრეტულად პენსიონერებთან მიმართებაში, არანაირად არ არის მისაღები. ეს ცუდი მიდგომაა, რადგან რეალურად დაწესებულ პროცენტზე გაცილებით მეტს აჭრიან", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" გერლიანი.

    პენსიონერები, ძირითადად, მოკლევადიან სესხებს იღებენ, თუმცა დევნილთა უმეტესობა მასობრივად გრძელვადიანი კრედიტით სარგებლობს. მათი დიდი ნაწილი ახალგაზრდაა და მათ, შემოსავლის სიმცირის გამო, მუდმივად უწევთ კუთვნილი თანხის წინმსწრებად აღება.

    "თუკი პენსიონერები მოკლევადიანი სესხით, ე.წ. ავანსებით სარგებლობენ, დევნილები ხშირად რამდენიმე თვის შემწეობას იღებენ წინასწარ და ამისათვის ძალიან ბევრს კარგავენ. როგორც წესი, დაბალშემოსავლიანია ოჯახი, რომლის შემოსავალი 500 ლარს არ აჭარბებს. 20-30% პენსიონერ დევნილებში ის ნაწილია, რომელსაც სხვა შემოსავლის წყარო არ აქვს.

    80 000 დევნილი ოჯახი დაბალშემოსავლიანია. საშუალოდ სამსულიანი ოჯახი რომ ავიღოთ, ეს დაახლოებით 240 ათასი ადამიანია. თითქმის ყველა, თუ რამე შესაძლებლობა აქვს, იღებს ამ სესხს და ბანკზე მუდმივად დამოკიდებული ხდება. მთავრობამ ბოლო წლებში მიდგომა შეცვალა და დაახლოებით 35 ათას დევნილს შემწეობის თანხის გაცემა შეუწყვიტა. ეს ჩემთვის ნაცნობი პრობლემაა, რომელსაც დევნილები მუდმივად აწყდებიან. ოჯახში ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, ის კონკრეტული ადამიანი არ იღებს, სხვა წევრები კი სარგებლობენ.

    287 ათასი დევნილი იყო ბოლო მონაცემებით სტატუსის მატარებელი. ამ რეფორმის შედეგად დაახლოებით 250 ათასია, ვინც შემწეობას იღებს. წესით, დაზოგილი თანხა დაბალშემოსავლიანებისათვის უნდა გადაენაწილებინათ, თავის დროზე ცვლილება სწორედ ამით ახსნეს, მაგრამ ეკონომია რისთვის გაკეთდა, ნამდვილად აღარ ვიცი. ფაქტია, რომ ეს "რეფორმა" გაჭირვებული ადამიანების კეთილდღეობაზე არ ასახულა და ადამიანები რეალურად უკიდურეს სიდუხჭირეში აგრძელებენ ცხოვრებას", - აღნიშნავს გერლიანი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

    საქმე ისე მიდის, რომ მოწყვლადი ფენა კუთვნილ თანხას ავანსად მომავალშიც ხშირად გამოიტანს, რადგან ამ კატეგორიის ადამიანებისათვის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება. ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ პერსპექტივა, დევნილების შემთხვევაში, არც დასაქმების მიმართულებით არსებობს.

    "ბანკებს ვერაფრით დავადანაშაულებთ, ის არ არღვევს კანონს და არც იძულებით გასცემს სესხს, ადამიანები თვითონ მიდიან ასეთ გადაწყვეტილებამდე, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ. წინმსწრებად თანხის მიღების შემთხვევაში პენსიონერებს უწევთ მოცდა ვალდებულების დაფარვამდე და ამ პერიოდის განმავლობაში ისინი უფრო დიდ გაჭირვებაში შეიძლება, აღმოჩნდნენ. ადამიანი, რომელიც ყოველთვე ელოდება ამ ფულს, ცხადია, სერიოზულ ზარალამდე მიდის. თანაც, მას ბანკისათვის გარკვეული სარგებლის გადახდა უწევს და მისი მდგომარეობა, სინამდვილეში, კიდევ უფრო მძიმდება.

    გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს სესხი იხარჯება მედიკამენტებში, კომუნალურ მომსახურებაზე და საკვებისათვის, ანუ სოციალური ხარჯებისაკენ მიიმართება და ძალიან მცირე რაოდენობა შეიძლება, ხანგძლივი გამოყენების პროდუქციის შეძენაზე დაიხარჯოს. ბანკი ამ შემთხვევაში ყოველთვის აიღებს თანხას და მაღალი სარგებლითაც, ხოლო მსესხებელი ყოველთვის ზარალდება.

    სამწუხაროდ, ცხოვრების პირობები არ უმჯობესდება, ფასები ზრდისკენ მიდის. დევნილები საკმაოდ მიზერულ შემოსავალზე არიან დამოკიდებული და ჯერჯერობით არც დასაქმების პერსპექტივა ჩანს. პენსიონერების შემოსავალი წამლების შესაძენადაც არასაკმარისია, საკვების ხარჯის გაწევა კი უფრო და უფრო უჭირთ. დღეს ეს ხალხი საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშეა", - ამბობს ექსპერტი.

    აღსანიშნავია, რომ დევნილებისათვის წინმსწრებად თანხის აღების პირობები წლების განმავლობაში ხშირად იცვლება. ბოლო დრომდე მათ რამდენიმე თვის განმავლობაში (რა ვადითაც იღებდნენ სესხს) ფულზე ხელი არ მიუწვდებოდათ, რადგან წინასწარ ჰქონდათ აღებული, თუმცა ამ ეტაპზე მათ საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხული თანხით სარგებლობა არ ეზღუდებათ, მაგრამ ამისათვის გარკვეული პირობების დაკმაყოფილება უწევთ.

    როგორც დევნილი მარინა გოცირიძე ამბობს, მან დაახლოებით 5 თვის წინ ოჯახისათვის 5 თვის შემწეობის თანხა აიღო (675 ლარი), რომელსაც ჯერაც ვერ ფარავს.

    "ზედიზედ რამდენიმე წელია, წინსწრებით ვიღებ შემწეობის ფულს და ბოლო შემთხვევაშიც ასე მოვიქეცი. მთლიანობაში, 675 ლარი ავიღე, ყოველი თვის ბოლოს მერიცხება ბანკში ფული, რომელიც გამომაქვს და ვხარჯავ. თვეში 135 ლარი მეკუთვნის, მაგრამ ლიმიტის ფარგლებში, ხელმისაწვდომი თანხა 115 ლარია. თავდაპირველად მეგონა, რომ დარჩენილი 20 ლარი ბანკის სესხს უნდა მოხმარებოდა, მაგრამ პირობების გასარკვევად ბანკს მივაკითხე და მითხრეს, რომ 20 ლარი პროცენტია და ჩემს სესხს რეალურად არაფერი დააკლდება, სანამ თანხას არ შევიტან ბანკში ან საკუთარ ანგარიშს არ დავბლოკავ. იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად ფულის დეფიციტს განვიცდი, ვსარგებლობ ამ ფულით და ეს პროცესი შეიძლება, წლობითაც გაგრძელდეს.

    ადრე 5-თვიანი სესხით სარგებლობისას 20 ლარზე ცოტა მეტი პროცენტში მიდიოდა და ზუსტად დათქმულ ვადაში "ვაბრუნებდი" ფულს, ახლა ეს პროცესი შეიძლება, წლობით გაგრძელდეს და ბანკმა, იმის გამო, რომ ჩემი ფულით ვსარგებლობ, თავად საკმაოდ დიდი მოგება მიიღოს", - ამბობს გოცირიძე "ბიზნეს-რეზონანსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Luiza   (15.02.2019)
    Xo zalian cud situaciadhi vart xalxi.gamosavals ki ver vpoulobt.mec samwliani devnilisvdesxi avige ar vici isedac mcire shemosavali gvqonda sam sulzecaxla or sulze gvericxeba.chvdni mshveleli aravin ar aris .es puli komunalurebs arveyopa.sachmelzelaparaki zedmetia


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×