სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    უცხოელ მიგრანტთა ნაწილი სხვადასხვა სახის წვრილმან ბიზნესს არის ამოფარებული
    ნინა გარდაფხაძე
    12.02.2019

     "რამდენიმე დღეში ქვეყანა უნდა დავტოვო", - ამ სიტყვების მოსმენა საქართველოში მცხოვრებ იმ არაერთ მიგრანტს მოუწია, რომლებსაც ბინადრობის მოწმობის ვადა უკვე ამოეწურათ, თუმცა ქვეყანაში მაინც რჩებიან სამსახურებრივი თუ ბიზნესსაქმიანობის გამო. ბინადრობის წესის ცვლილების შემდეგ, რეზიდენტი პირების ნაწილმა უფლების გაგრძელება ვეღარ შეძლო, მათ შორის იმ ადამიანებმაც, რომლებსაც ბიზნესი აქვთ.

    სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ საქართველოში იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც ბინადრობის უფლება აქვთ, უფრო და უფრო იზრდება. 2018 წელს ბინადრობის უფლების მქონე უცხოელების რაოდენობამ 80 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის ზაფხულშივე, სახელმწიფომ მოწმობის მიმღებთა ახალი კრიტერიუმები შეიმუშავა. წესები გამკაცრდა საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყების მსურველთათვისაც.

    ევროკავშირში გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკისა და მათ შორის, ქართველების მასობრივი დეპორტაციის ფონზე, ეს თემა უცხო არ არის ქვეყნისათვის. ახლა გასარკვევი მხოლოდ ისაა, ვის და რატომ ეუბნებიან უარს საქართველოში ცხოვრებაზე ან რატომ აძლევენ ნებართვას.

    შაჰინ შაჰ ამრანს პოლიციამ მოსთხოვა, რომ ქვეყნა რამდენიმე დღეში დატოვოს. ის ბანგლადეშიდანაა და ბათუმში ბიზნესი 2011 წლიდან აქვს. მას დროებით ბინადრობაზე იუსტიციის სახლმაც უარი უთხრა.

    "იუსტიციის სახლმა დროებით ბინადრობაზე უარი 2017 წელს მითხრა. მანამდე არ იყო პრობლემა: მივდიოდი ყოველ 6 თვეში და ბინადრობის მოწმობას ვიღებდი, 2017 წელს კი მითხრეს, რომ ქვეყანაში დარჩენის მოწმობას მხოლოდ 10 დღით მაძლევდნენ. ვითხოვე განმარტება, რის გამო მეუბნებოდნენ უარს, მაგრამ არაფერი აუხსნიათ. მას შემდეგ არალეგალად ვითვლები, როგორც ძალიან ბევრი უცხოელი, ვისაც საქართველოში ბიზნესი აქვს. იუსტიციის სახლისათვის აღარ მიმიმართავს", - განუცხადა "ბათუმელებს" შაჰინმა.

    მსგავსი პრობლემის წინაშე უცხოეთის არაერთი მოქალაქე დგას, რომლებსაც საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლება ჰქონდათ, თუმცა კანონების ცვლილების შემდეგ შეუჩერდათ და არალეგალებად ითვლებიან.

    საქართველოს ინსტიტუციური რეფორმების ცენტრის დამფუძნებელი აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდამდე ბინადრობის მოწმობები სრულიად უკონტროლოდ გაიცემოდა, რამაც მდგომარეობა ქაოსამდე მიიყვანა.

    "ბინადრობის საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს სახელმწიფოს არაერთხელ შეექმნა პრობლემა იმის გამო, რომ ბოლო პერიოდამდე ყოველგვარი კონტროლის გარეშე გაიცემოდა ბინადრობისა და ქვეყანაში ყოფნის უფლებაც. წლების მერე საქმე იქამდეც მივიდა, რომ ეს ხალხი უკონტროლოდ იღებდა მოქალაქეობასაც. ტენდენცია ძალიან მზარდი იყო.

    საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ სახელმწიფო დადგა მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე და გასული ზაფხულის პერიოდში დაიწყო რეალური ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ამ დროს მომზადდა პირველი ცვლილებები და რეზიდენტობის მინიჭიების შემთხვევაში კატეგორიების რეგულაციაც გაიწერა, "ბინზეს ვიზასთან" დაკავშირებით" კი სრულიად ახალი მიდგომა დაინერგა.

    ჩვენი ეკონომიკა თავისი არსით მზარდია და ბუნებრივია, ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზეც ხდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რეგულირების საპირწონე. ჯიხურების ქვეყნიდან სუპერ და ჰიპერ მარკეტებამდე გავიარეთ გზა. მოვაგვარეთ ასე თუ ისე კარგად ეტიკეტირების საკითხიც და წარსულს ჩავაბარეთ კუსტარულად ჩამოსხმული ღვინო, გამსხვილდნენ კომპანიები და ექსპორტზეც გაგვაქვს საქონელი, შესაბამისად, ყველაფერი რაღაც კუთხით წინ წავიდა. მოუგვარებელი არ უნდა იყოს არც ბინადრობის პოლიტიკა. როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, რასაკვირველია, როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის კუთხითაც მოიწევენ საქართველოსაკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს არალეგალებისათვის გზის გახსნას", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩარგეიშვილი.

    სამართლის სფეროს სპეციალისტი იმ საკითხებზეც საუბრობს, რომლებიც სახელმწიფო რეგულირების მიღმა დარჩა. ამან ქვეყანა ქაოსურ მდგომარეობამდე მიიყვანა.

    "კრიზისული მდგომარეობის გამოსწორების კვალდაკვალ, უამრავი საკითხი დარჩა ისეთი, რომლებზეც სახელმწიფოს საერთოდ არ უფიქრია და შესაბამისად, ვერ ექნებოდა პოზიცია. ბანგლადეშის მოქალაქესთან დაკავშირებითაც საკითხი, სამწუხაროდ, ღიაა. თუკი 2011 წლიდან ადამიანი კეთილსინდისიერი ბიზნესმენია და ასაქმებს ადგილობრივებს, რატომ არ შეიძლება, მას გაუგრძელდეს ბინადრობა? ჩვენ ხომ მოქალაქეობაზე არ ვსაუბრობთ.

    ქაოსი შექმნა სწორედ დიდმა ტალღამ, რომელიც შემოდიოდა და მარტივად ახერხებდა ბინადრობის უფლების მიღებას. არც მაშინ და არც დღეს სახელმწიფო არ აღრიცხავდა მის საცხოვრისს, არადა, ეს არის პირველი რიგის ამოცანა. გარდა ამისა, ისმის კითხვაც, თუ ადამიანს 2017 წელს უთხრეს უარი ბინადრობაზე, დღეს, 2019 წელს რატომ დგას ისევ ეს პრობლემა მასთან დაკავშირებით? რა ხდებოდა ეს 2 წელი, სად იყო ის კაცი მთელი ამ ხნის განმავლობაში?" - ამბობს ჩარგეიშვილი.

    ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კავარაცხელია მიიჩნევს, რომ თუ ბიზნესმენი შემჩნეული არ არის სამართლის, კანონების დარღვევაში ან გადასახადებისათვის თავის არიდებაში, მას ბინადრობის უფლება უნდა მიეცეს.

    "რასაკვირველია, როცა ადამიანს აქვს ბიზნესი და ამ ქვეყანაში გაკეთებული ფულით ცხოვრობს, ის ტურისტად ვეღარ ჩაითვლება და ვერც ასეთი ადამიანის ქვეყნიდან გაძევებას ექნება რამე გავლენა ტურისტულ სფეროზე, თუმცა უცხო ქვეყნების პრაქტიკაც არსებობს - როცა შემდგარ და წარმატებულ ადამიანებსაც კი ბინადრობის უფლება ეწურებათ, მათ ქვეყნის დატოვებას აიძულებენ.

    მიუხედავად ამისა, წმინდა ადამიანური პოზიციიდან მიმაჩნია, რომ ისინი, ვისაც დასაქმებული ჰყავს ადგილობრივები და არ არიან შემჩნეული არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში, უნდა რჩებოდნენ ქვეყანაში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კვარაცხელიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved