სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ენერგეტიკოსები ამტკიცებენ, რომ სამომავლოდ სხვა გამოსავალი არ იქნება
    მარი ჩიტაია
    12.03.2019

     ენერგეტიკულ სექტორში შექმნილმა პრობლემებმა ქვეყანა რთულ ვითარებაში ჩააგდო. ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ დარგში ჰესების მშენებლობის შეჩერებამ სერიოზული კრიზისი გამოიწვია და გამოსავალი უნდა მოიძებნოს. საჭიროა ფიქრი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაზე. საქართველოში მოსახლეობა ჰესების აშენებას გამუდმებით ეწინააღმდეგება და რა მოჰყვება ატომური სადგურის აშენების იდეას, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

    ენერგეტიკოს რევაზ არველაძეს მიაჩნია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირებაა, რაც გამოწვეულია მოსახლეობის წინააღმდეგობით - აშენდეს ჰესები. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საჭირო გახდება ატომური ელექტროსადგრის მშენებლობაზე ფიქრი.

    "ენერგეტიკაში სერიოზულად შემცირებულია ინვესტიციები. ამის მიზეზი ძირითადად არის ის, რომ სწორად არ მიდის აგიტაცია-პროპაგანდა მოსახლეობაში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი სტაბილური რესურსი - ჰიდრორესურსი, თუმცა უკვე აღარც მცირე სადგურს აღარ აშენებინებს მოსახლეობა კომპანიებს, რაც, ჩემი აზრით, გაუთვითცნობიერებლობით არის გამოწვეული.

    ენერგეტიკოსები მხოლოდ მაშინ ვუჭერთ მხარს პროექტს, თუკი ენერგეტიკული ობიექტი ეკონომიკურად ეფექტურია და ეკოლოგიურად მისაღებია. ასეთი ობიექტები ბევრია, მაგრამ მუშაობა მიდის ყველაფრის წინააღმდეგ. ეს მუშაობა დაიწყო 80-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა კარგად იცოდა, რომ ქვეყანაზე ზემოქმედება თუ გინდა, ენერგეტიკა უნდა ჩაიგდო ხელში და ამას მიაღწია კიდეც.

    ახლა კი უნდა აშენდეს თბოსადგურები. მომავალში ეს არ იქნება საკმარისი და აქედანვე უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე," - განაცხადა "ბიემთან" რევაზ არველაძემ.

    სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ატომური ელექტროსადგური ქვეყნისთვის შორეული პერსპექტივაა. აქედან გამომდინარე, როგორც ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი განმარტავს, უმჯობესია, ჰესების მშენებლობის ტემპი დაჩქარდეს, სადაც გარემოსდაცვითი ღონისძიებები და უსაფრთხოება მაქსიმალურ დონეზე იქნება გათვალისწინებული.

    "ვითვალისწინებ პოზიციას, რომ უნდა ვიფიქროთ ყველაფერზე, მათ შორის, ატომურ ელექტროსადგურებზეც, მაგრამ ეს არის საკმაოდ შორეული პერსპექტივა. პოლიტიკურად სენსიტიური თემაა, თანაც მშენებლობის დაწყებას და აღსრულებას 10 წელიწადზე მეტი სჭირდება. თუმცა ფიქრი შეიძლება დავიწყოთ, მაგრამ ჯერჯერობით ამის ხელშემწყობ გარემოებას ვერ ვხედავ.

     გარდა ამისა, პერსპექტივა უახლოესი პერიოდის პრობლემას ვერ გადაგვიწყვეტს. სამომავლო ალტერნატივად შეიძლება დავისახოთ, ტექნოლოგიებიც უფრო დაიხვეწება, არაფერი არ არის გამორიცხული. ცხადია, ამას მოჰყვება მოსახლეობის პროტესტი, მშენებლობის ხარისხის პრობლემა და ბევრი სხვა.

    რაც შეეხება ჰესებს, ჩემი პოზიციაა, რომ ყველა მიზანშეწონილი პროექტი უნდა განხორციელდეს ხარისხიანად და გარემოსდაცვითი სტანდარტით, სადაც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოვახერხეთ, რომ ეს ბალანსი სწორად დაგვეცვა და თანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირების რეჟიმში აღმოვჩნდით, რაც ყველაფერს აფუჭებს. ჰესებია თუ სხვა რამ, საზოგადოებისა და მოქალაქეების ინტერესში უნდა განიხილებოდეს, ეს თუ ვერ ბალანსდება, მაშინ ყველა ცალ-ცალკე ინტერესი გამოვა წინა პლანზე და იწვევს დაპირისპირებას," - ამბობს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი.

    ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის პერსპექტივას რეალურად მიიჩნევს ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა, რომლის ინფორმაციითაც, ეს საკითხი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც აქტიურად განიხილებოდა.

    "ენერგეტიკაში დღევანდელი სიტუაცია მძიმეა და ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რაც პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარება. თავის დროზე, როცა ვასაბუთებდით საქართველოს პერსპექტივას, ატომური სადგურების საკითხი ყოველთვის იდგა დღის წესრიგში, მაგრამ შორეული პერსპექტივის ჭრილში. ეს საკითხი თავის დროზე მუშავდებოდა და მივედით დასკვნამდე, რომ მისი მშენებლობა შეიძლება განხილულ იქნეს რეაქტორების მიწისქვეშა განთავსების პირობებში. იმ დროისთვის მიწისქვეშა უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების საკითხები არ იყო კარგად დამუშავებული ატომურ ენერგეტიკაში, მაგრამ გარკვეული უპირატესობა გვქონდა. კერძოდ, ენგურჰესის მიწისქვეშა სადგურის სისტემა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, გვაძლევდა საშუალებას, რომ საქართველოში ქართველი სპეციალისტების მეშვეობით რეაქტორების განთავსების საკითხი წარმატებით განხორციელებულიყო.

    დაიშალა საბჭოთა კავშირი და ეს კვლევა ჩაგვივარდა, მაგრამ ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ. ჩვენ ვერც ქარით, ვერც მზით, ვერც ჰიდროსადგურების კომბინირებული მუშაობით ვერ შევძლებთ იმ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რაც სამომავლოდ წინ გველოდება," - აცხადებს ჭითანავა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved