სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი გოცირიძე
    13.03.2019

     "საქართველოს ბანკმა", ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საქართველოში სოციალური წარმოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. გამარჯვებულ ხუთ პროექტზე "საქართველოს ბანკი" 250 000 ლარამდე დაფინანსებას გასცემს. "საქართველოს ბანკის" ფონდ "სიცოცხლის ხის" მიერ ორგანიზებული კონკურსი მესამე წელია, ტარდება. საგრანტო კონკურსის მიზანი ისეთი სოციალური საწარმოების დაფინანსებაა, რომლებიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას უზრუნველყოფს.

    2018 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სოციალური საწარმოს 143-მა პროექტმა მიიღო, 5 გამარჯვებული კი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა.

    როგორც "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, სოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნასა და განვითარებას, რაც დადებითად იმოქმედებს სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე.

    "საქართველოს ბანკი" სოციალური მეწარმეობის განვითარებას უჭერს მხარს. მესამე წელია, სოციალური საწარმოების დაფინანსება დავიწყეთ, თითოეულ საწარმოს 50 000 ლარის მოცულობის გრანტს გადავცემთ. კონკურსის მიზანია, ჩვენ მიერ დაფინანსებულმა საწარმოებმა კონკრეტული სოციალური მისია შეასრულოს, დაასაქმოს შშმ პირები და შექმნას მდგრადი საწარმო. ეს საწარმოები იქმნება იმისთვის, რომ მოაგვაროს სოციალური საკითხები და გარემო შეცვალოს უკთესობისაკენ. მოხარული ვართ, რომ პროექტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 143 მონაწილიდან ჟიურიმ შეარჩია გამარჯვებულები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. ისინი ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩვენს საზოგადოებაში ჩართვას", - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

    გამარჯვებული პროექტებია:

    სოციალური საწარმო "მოირგე", რომლის მიზანია ქ. ზესტაფონში საერთაშორისო სტანდარტის მქონე სავარძელ-ეტლების წარმოება და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება საშუალო და მძიმე მოტორული შეზღუდვის მქონე პირთა ფუნქციური დამოუკიდებლობისა და მობილობის გაუმჯობესების მიზნით.

    საწარმოს "მოირგე" დამფუძნებელმა, პროექტების მენეჯერმა მაია ბაგრატიონმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ადაპტირებული სავარძელ-ეტლების ახალი საწარმო ბაზარზე კონკურენციას გაზრდის და ხარისხიანი სერვისის მიწოდების შესაძლებლობას შექმნის.

    "ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტის შესაბამისად დაფუძნებული სერვისი მივაწოდოთ. ეს გულისხმობს, რომ მძიმე მოტორული შეზღუდვის მქონე ბავშვებს სრულიად მოვარგოთ სავარძელ-ეტლი, რომლის შესაძლებლობა დღეს საქართველოში პრაქტიკულად აღარ არის. სამწუხაროდ, ბაზარზე არსებული მოდელები ამ ბავშვების საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. ჩვენ მიერ წარმოებული ეტლები სრულიად იქნება მორგებული ბავშვების ფიზიკურ და მოტორულ საჭიროებებზე, სერვისი მიწოდებული იქნება მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ფორმით. კონკურსში მონაწილეობამდე ინტენსიურ კომუნიკაციას ვაწარმოებდით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთანაც, რომელიც გახლავთ სავარძელ-ეტლების სერვისის მხარდამჭერი.

    "საქართველოს ბანკის" კონკურსში გამარჯვებით შევძლებთ სერვისის უფრო გამრავალფეროვნებასა და გაუმჯობესებას, ამ შესაძლებლობას "საქართველოს ბანკი" გვაძლევს. დღეს საქართველოში მხოლოდ ერთადერთი სავარძელ-ეტლების პროვაიდერი კომპანია არსებობს თბილისში და შესაძლებელი გახდება, გაჩნდეს კიდევ ერთი სერვისი რეგიონში, წარმოება დაფუძნდეს და დასაქმდნენ იქ შშმ პირები, რაც ბაზარზე კონკურენტულ გარემოს შექმნის და ხარისხსაც გააუმჯობესებს", - აღნიშნა მაია ბაგრატიონმა.

    საინიციატივო ჯგუფ "თეატრი მობილეს" "ფორთოხლისფერი ავტობუსი"

    "ფორთოხლისფერი ავტობუსი" წარმოადგენს მობილურ, ადაპტირებულ თეატრალურ სივრცეს, 25 მაყურებელზე გათვლილი დარბაზით, სადაც შესაძლებელი იქნება თითების, თოჯინური, ჩრდილებისა და მონო სპექტაკლის გამართვა. ასევე, უფრო ფართო აუდიტორიისათვის ღია ცის ქვეშ წარმოდგენის მოწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს, თეატრი გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მთაში, კონფლიქტისპირა ტერიტორიებზე, სოფლებში, გაიმართოს ქუჩის პერფომანსები, სპექტაკლები. თეატრალური ავტობუსი ადაპტირებული და მორგებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც მათ დასაქმებასა და მასპინძლობას, ასევე მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ინკლუზიური გარემოს შექმნას.

    საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, "თითების თეატრის" დამფუძნებელი ბესიკ კუპრეიშვილი ამბობს, რომ "საქართველოს ბანკი" 19 წლის სურვილის განხორციელებაში დაეხმარა.

    "პროექტზე დიდხანს ვმუშაობდი. თავდაპირველად ბათუმში გავაკეთე 2000 წელს, რა შესაძლებლობასაც იმ დროისთვის არსებული ტექნიკა იძლეოდა. ამისთვის ვიქირავე კონკა, შევფუთე ტენდით, დავდიოდით სხვადასხვა ტერიტორიაზე და წარმოდგენებს ვმართავდით. მთელი ჩემი არსებით ვემსახურებოდი ხელოვნებას, ადამიანების სიამოვნებასა და აბსოლუტურად სხვა ინტერესი მქონდა. შემდეგ ბათუმიდან თბილისში გადმოვედით. თანდათან გაგვიცნო ხალხმა, მოსწონდათ ჩვენი შემოქმედება, მაგრამ ბევრი წინააღმდეგობაც იყო, რადგან მუდმივად ფინანსური სახსრების ძიება გვიწევდა. ბოლოს "სიცოცხლის ხის" პროექტში მოვსინჯეთ ძალები და გაგვიმართლა. ვფიქრობ, რომ "საქართველოს ბანკმა" ამით უდიდესი საქმე გააკეთა. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საქართველოში 5 საწარმო ამუშავდეს და ადამიანები დასაქმდნენ. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ განვავითარებთ იმ იდეას, რის გამოც "საქართველოს ბანკმა" ჩვენი პროექტები გამარჯვებულად ცნო და განვითარების შანსი მოგვცა", - განაცხადა ბესიკ კუპრეიშვილმა.

    პოლიეთილენის ნარჩენების მართვა -Plastic watcher - პროექტი გულისხმობს სოციალური საწარმოს შექმნას პოლიეთილენის გამოყენებული პარკების შეგროვება/გადამუშავებისა და მდგრადი გამოყენების ნივთების შესაქმნელად. საწარმოს მიზანია, საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებზე პოლიეთილენის პარკის ნაკლებად მოხმარების, გარემოს პარკებით დანაგვიანებისაგან დაცვის მიზნით. საწარმოში დასაქმდებიან შშმ პირები.

    საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტი - ბაბალეს ჭრელი წინდები - სოციალური საწარმოს მიზანია ბაბალეს ჭრელი წინდების წარმოება. საქმიანობიდან შემოსული მოგება მოხმარდება ინტელექტუალური დარღვევების მქონე ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობის, მოზარდთა წინაპროფესიულ მომზადებას. წინდების ნაწილი შეიქმნება ბენეფიციარების ნახატების გამოყენებით. საწარმოს შექმნის შედეგად მოხდება ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა.

    "პროექტი მხარდაჭერას გაგვიწევს იმაში, რომ წლის განმავლობაში შევძლოთ, გამოვუშვათ წინდები ჩვენთვის სასურველი დიზაინით, ჩვენი გოგო-ბიჭების ნახატებითა და ბევრი საინტერესო თემით. წინდებს შევთავაზებთ საზოგადოებას, მას ასევე ექნება დატვირთვა ცნობიერების ამაღლების კუთხით და გაჰყვება საინტერესო საინფორმაციო ისტორიები. დარწმუნებული ვარ, ბევრს მოეწონება და ჩვენ მიერ შექმნილ წინდებს სამომავლოდ ბევრი მიმდევარი და გულშემატკივარი გაუჩნდება", - აღნიშნა ლია ტაბატაძემ, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ხელმძღვანელმა.

    ადაპტური და საორსულე ტანისამოსის პროექტი - "ინკლუზიურობა მოდაში" - პროექტი გულისხმობს ინოვაციური სოციალური საწარმოს შექმნას, რომელიც მოდის ინდუსტრიაში დანერგავს ინოვაციურ პროდუქტს - "ფერადი, თერაპიული, ადაპტური და საორსულე სამოსი". შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული ტანისამოსი დაეხმარება მათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ტანისამოსის შექმნაში კი თავადაც მიიღებენ მონაწილეობას. ქართული ბრენდის ქვეშ შექმნილი საორსულე და ინტერაქტიული თერაპიული სამოსის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა ორსულ ქალბატონებსაც მიეცემათ.

    "საქართველოს ბანკი" ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას, ამ დრომდე ჯამში 10 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომლებიც ბანკმა 400 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved