სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "დაშლილებისა" და მეორეული საბურავების ბიზნესს სექტემბრიდან შეზღუდავენ
    თამუნა მუკბანიანი
    14.03.2019

     დედაქალაქში მეორეული საბურავებითა და ავტონაწილებით ვაჭრობა დაჯარიმდება. პირველ ჯერზე ფიზიკური პირი 500, ხოლო იურიდიული პირი 1000 ლარით დაჯარიმდება. მაქსიმალური სანქცია 6000 ლარს შეადგენს. კანონის ამოქმედება ქვეყანაში ათასობით ადამიანს სამუშაო ადგილის გარეშე დატოვებს. გენგემის მიხედვით, უნდა მოხდეს ელიავას, ისნისა და ელმავალმშენებელი ქარხნის მიმდებარედ არსებული ავტონაწილების ბაზრობების გადატანა.

    თბილისში მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების რეალიზება მკაცრად გაკონტროლდება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მსგავსი სახის პროდუქტის განთავსება და რეალიზება ახალი წესებით დარეგულირდება.

    "მხოლოდ დაშვებულ ზონაში განთავსდება და რეალიზება დარეგულირდება გარკვეული წესებით. ჩვენ ამას გვკარნახობს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ბევრი ადგილი გაქვს ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ერთ-ერთი მაგალითი ჩვენთან ახლოს არის - ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელი ზონაა და იქ ხდება ასეთი მასალების ყიდვა-გაყიდვა", - განაცხადა კახა კალაძემ.

    მერის შეფასებით, ეს გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

    "ყველაფერი უნდა დარეგულირდეს, გარკვეული ბუფერული ზონები შეიქმნას ასეთ სამეწარმეო და საცხოვრებელ ადგილებს შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ქალაქში მსგავსი ზონები არ არსებობს და მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, აღწეროს ტერიტორიები, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება და უფლებრივი ზონირების მიუხედავად, კონკრეტული სახის საქმიანობა აკრძალოს", - განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

    პარლამენტში უკვე შევიდა მმართველი პარტიის წევრთა მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ქალაქის ზოგიერთ საცხოვრებელ ზონაში დასახელების პროდუქტებით, მათ შორის მეორეული საბურავებით, ჯართითა და აალებადი ნივთიერებებით ვაჭრობა იკრძალება. მერმა მხოლოდ ელიავას ბაზრობაზე ისაუბრა, რეალურად კი დედაქალაქის ათასობით მოვაჭრის ბიზნესი გაქრობის წინაშე დგება.

    "თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით", - წერია კანონპროექტში.

    ამ ქმედების განმეორებისთვის კანონით ფიზიკური პირები 1000 ლარით, იურიდიული პირები კი 3000 ლარით დაჯარიმდებიან. მაქსიმალური სანქცია 6000 ლარია. კანონპროექტის მიხედვით, ამკრძალავი ნორმის მოქმედება 2019 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.

    ცვლილების მიზეზად მერმა გენგემაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციები დაახელა. გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი, მერაბ ბოლქვაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ელიავას ბაზრობის გარდა გადატანის რეკომენდაცია ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიასა და ისანში არსებულ ავტობაზრობებს შეეხო.

    "ელიავაზე სრულიად უწესრიგო და საშინელი სიტუაციაა, ეს კი დაუშვებელია. ჩვენი რეკომენდაცია ელიავას ბაზრობას, ელმავალმშენებელ ქარხნასთან არსებულ და ისნის ავტონაწილების ბზარობას შეეხო. ელიავასთან დაკავშირებით მერიას პრობლემები შეექმნა, რადგან მფლობელები დიდ თანხას ითხოვდნენ და იქ, როგორც ვიცი, მხოლოდ შემჭიდროვებასა და მეტი მწვანე სივრცის წარმოქმნაზეა საუბარი", - აცხადებს ბოლქვაძე.

    "ეს არის ხრიკი ელიავას ბაზრობის გამოსათავისუფლებლად", - ასე აფასებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ინიციატივას საბურავებისა და მეორეული ნაწილების აკრძალვის შესახებ.

    "პირველ რიგში, ისმის კითხვა, რა შუაშია საერთოდ თბილისის მერი ამ საკითხთან, როცა ინიციატივა შესულია პარლამენტში უმრავლესობის წევრის სახელით და ეხება მთელ ქვეყანას? მერის კომპეტენცია არ არის ვაჭრობის დაშვება-აკრძალვა, როდესაც ასეთი რადიკალური ნაბიჯი იდგმება. უამრავი ადამიანის ბედი წყდება და უნდა დაიდოს კველევა, რა ზიანი მოაქვს ბაზრობებს, რამდენი იქნება ზიანი და უნდა იყოს კონკრეტიკა.

    ახლა ვიცით მხოლოდ საჯარიმო თანხა და ზოგადი ინფორმაცია, მაგრამ არ ვიცით, რა სტანდარტების დაკმაყოფილებას მოსთხოვენ ბიზნესს, რომელიც უკვე არსებობს. მეორეულ საბურავებზე თუა საუბარი, არ ვარ ამ ვაჭრობის მომხრე, რადგან ექსპლუატაციის ვადა შემოტანილ საქონელს უკვე გასული აქვს, მაგრამ საგზაო უსაფრთხოებაზე არ ფიქრობს მერი და მერია, ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ. სამიზნე არის ელიავას ბაზრის ტერიტორია და სწორედ ეს მოიყვანეს არგუმენტად.

    მცირე ეშმაკობას მიმართეს. ბაზრობის დახურვისა და გადატანის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ დაარტყეს ბიზნესს, რომელიც იქ განვითარდა. ელიავას ბაზრობას დიდი ხანია, უტევენ და ვერაფერი უქნეს. ახლა კი, თუ ვაჭრობა აიკრძალება, უზარმაზარი ფართობი, რომელიც ქალაქის ცენტრშია, მთლიანად გამოთავისუფლდება. ძალისმიერ მეთოდებსა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე უარი თქვეს და ამ ხრიკს მიმართეს.

    სამომავლოდ ამას მიჰყვება ბევრი ბაზრობა, მაგრამ ის, რისთვისაც მერია საკითხში ერევა, არის ელიავას ტერიტორია, რომლის მფლობელებთანაც შეთანხმებას ვერა და ვერ მიაღწიეს", - აცხადებს "რეზონანსთან" მესხიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved