სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რა ეშველება ქუჩებსა თუ კორპუსის ეზოებში "დაგდებულ" მანქანებს?
    თამუნა მუკბანიანი
    19.03.2019

     ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში ჯართად ქცეული და გაჩერებული მანქანების რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. რა უნდა მოუხერხოს მას მოსახლეობამ, ამაზე არაფერია ცნობილი. სხვადასხვა ინფორმაციით, თბილისში საერთო ავტოპარტის 10% უკვე უმოძრაოდაა ქუჩებსა თუ ეზოებში. რთული სათქმელია, რამდენით გაიზრდება მათი რიცხვი. მანქანების თითქმის ნახევარი 20 წელს გადაცილებულია.

    მაშინ, როცა დედაქალაქში მანქანების რაოდენობა ბევრად აღემატება საპარკინგე ადგილების რაოდენობას, დიდ პრობლემას ქმნის ეზოებში, კორპუსებთან, ქუჩებში მუდმივად მდგომი ავტომობილები, რომლებიც თვეების განმავლობაში იკავებენ ადგილს. მათი 99% საერთოდ გამოუსადეგარია.

    პრობლემა აშკარაა, თუმცა კანონში არ არსებობს არავითარი რეგულაცია ჯართად ქცეული მანქანის მფლობელთათვის. ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი, ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ როგორ შეიძლება შეიზღუდოს და რა სანქციები დაწესდეს იმ მანქანებზე, რომლებიც უკვე გამოუსადეგარია და მთელი ქალაქის მასშტაბით ადგილს იკავებს.

    "ბიზნეს-რეზონანსი" ამ პრობლემას პირველად არ ეხება. 2 წლის წინ ფონდის - "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ხელმძღვანელი გელა კვაშილავა აცხადებდა, რომ ქვეყანაში 150 000 გაჩერებული ავტომობილია.

    "ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების დიდი ნაწილი, დაახლოებით 150 ათასი ავტომობილი, გაჩერებულია და საერთოდ არ მოძრაობს. გარდა ამისა, არის ავტომობილები, რომლებსაც ძალზე იშვიათად იყენებენ მფლობელები და ისეთებიც, რომელთა ექსპლოატაცია დაუშვებელია ტექნიკური გაუმართაობის გამო.

    აყველა ქვეყანაში მუშაობს მეორადი ავტომობილების განსაკუთრებული მონიტორინგის პროგრამა, რაც ჩვენთანაც აუცილებლად დასანერგია," - აცხადებდა ჯერ კიდევ 2017 წელს კვაშილავა.

    მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო სფეროს არაერთი რეგულაცია შეეხო ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაინც არ დამდგარა დღის წესრიგში გამოუსადეგარი მანქანების უტილიზაციის მექანიზმის მოფიქრება. არადა, სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ამ კონცეფციის შემუშავება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო.

    "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოფიქრებული, როგორ არ უნდა შექმნას პრობლემა გაჩერებულმა მანქანებმა.

    "არა მხოლოდ ექსპერტთა წრეებში, ამაზე საუბარი პარლამენტის დონეზეც კი იყო. საუბარი მიმდინარეობდა რეგულაციაზეც. შემდეგ რატომღაც ეს ცვლილება გაიყინა და აღარ ვიცი, რა ბედი ეწია. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ 41% ავტომობილებისა არის 20 წელს გადაცილებული და შეიძლება მათმა დიდმა ნაწილმა ვერ გაიაროს ინსპექტირება, რასაკვირველია, ჯართად გადაიქცევა.

     სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ის, რაც წერია თბილისის განვითარებისა და, ასევე, გარემოს დაცვის განვითარების გეგმაში, რომ უტილიზაციის სქემა უნდა შემუშავდეს, ანუ რას ვუშვრებით ჯართადქცეულ მანქანებს, რომლებიც ქვეყანაში უკვე ძალიან ბევრია. იმის გამო, რომ რეგულაცია ამ სექტორში არ არსებობდა, ავტომობილები მთელი მსოფლიოდან შემოდიოდა აბსოლუტურად უკონტროლოდ.

    ფაქტია, ქვეყანა მეტ ყურადღებას უთმობს ადრინდელთან შედარებით ამ მიმართულებას, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. პრემიერმა დააანონსა მწვანე კონცეფცია, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც აუცილებლად უნდა იყოს ძველი ავტოპარკისაგან გათავისუფლება და ეკონომეგობრული ტრანსპორტის წახალისება," - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ლალიაშვილი.

    სავარაუდოა, რომ ტექინსპექტირება წლის ბოლომდე მანქანების 15-20%-ს ჯართად გადააქცევს. საავტომობილო სფეროს სპეციალისტ მევლუდ მელაძის თქმით, დაახლოებით ასეთი მოცემულობა გვექნება საბოლოოდ წლის ბოლოს.

    "პირველადი დახარვეზება დაახლოებით მანქანების 60%-ს ეხება, საბოლოოდ ავტომობილების 15-20% გამოუსადეგარი გახდება. რეალურად, პრობლემა იმგვარია, რომ უფრო იაფი ჯდება ახალი მანქანის შეძენა, ვიდრე ძველის იმ კონდიციამდე მიყვანა, ტექდათვალიერების გავლა შეძლოს. ზოგიერთის ნაწილებიც კი არ იშოვება.

    აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით ეს რეალური სტატისტიკა არც არის, რადგან ვინც იცოდა, რომ მათი მანქანა ტექინსპექტირებას ვერ გაივლიდა, ავტომობილები ახლობლებზე გადააფორმეს და ამით გადაავადეს მათი "ჩამოწერა". ამიტომ წლის ბოლოს გაჩერებული მანქანების რიცხვი კიდევ გაიზრდება. 2020 წელს კი პირობები ბევრად მკაცრი იქნება, თუნდაც გამონაბოლქვის კუთხით.

    წესით, ეს მანქანები, გაჩერების ნაცვლად, დაშლილები ჯართად უნდა ჩაბარდეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა აქტიური პროპაგანდა, რაშიც მედიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, სახელმწიფოსათვის კი პირდაპირი მოვალეობაა.

    მოქალაქეებმა არ იციან, როგორ და სად უნდა ჩამოწერონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, როგორ შეწყვიტონ რეგისტრაცია და რა პროცედურებია საჭირო. ფაქტია, ტექდათვალიერება ბევრად მეტ მანქანას აქცევს ჯართად, ვიდრე ქვეყანაში დღესაა," - აცხადებს მელაძე "ბიზნეს-რეზონანსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×