სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თუ ბოლომდე სერიოზულად მიუდგებიან საკითხს, თითო ოჯახისთვის გასაწევი ხარჯი 700 ლარზე ნაკლები არ იქნება
    მარი ჩიტაია
    19.03.2019

     ერთ თვეში გაზის მომხმარებლებისთვის გამკაცრებული რეგულაცია ამოქმედდება, რაც მოსახლეობას მატერიალურ ტვირთად დააწვება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თითო ოჯახისთვის გასაწევი ხარჯი 700 ლარზე ნაკლები არ იქნება და ამ ვალდებულების შესასრულებლად მომხმარებელი მოუმზადებელია. დაკისრებული ვალდებულებები მოქალაქეების დიდი ნაწილს პრობლემას შეუქმნის, რაც შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს.

    გაზის გაჟონვა-აფეთქებების გამო გამკაცრებული რეგულაცია აპრილის პირველ ნახევარში ამოქმედდება. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. იგი ითვალისწინებს სპეციალური დოკუმენტაციის შექმნასაც, სადაც გაიწერება გაზის მიწოდების არსებული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. შემდგომ ეტაპზე კი დაგეგმილია ორგანიზაციების შექმნა, რომელთა მთავარი ფუნქცია ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული გაზ-დანადგარების მდგომარეობის შემოწმება-გადამოწმება იქნება. აუცილებელი გახდება სივრცეებში მეთანის გამჟონი დეტექტორის დამონტაჟებაც.

    სემეკის წევრ გიორგი ფანგანის თქმით, რეგულაციის გამკაცრება ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია.

    "მოსალოდნელი ცვლილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გამიჯვნა, რაც ნამდვილად დროული და საჭიროა. გარდა ამისა, ამოქმედდება ადმინისტრაციული ჯარიმებიც. თანხებზე ჯერჯერობით დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა შედარებისთვის გეტყვით, რომ, მაგალითად, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ადმინისტრაციული ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში ითვალისწინებს ჯერ გაფრთხილებას, შემდეგ კი 100 ლარის გადასახადს. იურიდიული პირის შემთხვევაში თანხა 15 000 ლარამდე იზრდება.

    როდესაც საუბარია ბუნებრივი გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ეს ბევრად რთული საკითხია, რადგან შესაძლოა, მას მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ამიტომ აქ უფრო მკაცრი იქნება სანქცია და ჯარიმა," - აღნიშნა ფანგანმა "კომერსანტთან" საუბრისას.

    სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ რეგულაციის შემოღება ვითარებას მხოლოდ ნაწილობრივ შეცვლის, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს ამ ვალდებულების შესრულება ძალიან გაუჭირდება. უსაფრთხოების ექსპერტი სოსო სიმონიშვილი ამბობს, რომ რეგულაცია გაზის გამანაწილებელ კომპანიებს საქმეს გაუადვილებს და პასუხისმგებლობის ტვირთი თითქმის მთლიანად მომხმარებელზე გადავა.

    "ახალი რეგულაციით, ყველაზე უფრო ახალი თაობის გაზის ხელსაწყოები იქნება მოხმარებისთვის დაშვებული, რომელიც უფრო საიმედოა, მაგრამ ამ ხარჯის გაწევა მომხმარებელს გაუჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ძველი ტექნიკა უვარგისია, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით მეტ ყურადღებას და ექსპლუატაციის წესების დაცვას საჭიროებს. გამოდის, რომ რეგულაცია უადვილებს საქმეს გაზის კომპანიებს, მათ არ დასჭირდებათ აქტიური მუშაობა, საინფორმაციო კამპანიის გაწევა და პასუხისმგებლობა უფრო მეტად მომხმარებელზე გადავა," - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" სიმონიშვილი.

    მისი აზრით, უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება გაუმჯობესდება, მაგრამ ხალხის შემოსავალი ხარჯს ვერ გასწვდება და მოსახლეობა მატერიალურად დაზარალდება.

    "რეგულაციით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ფინანსურად საკმაოდ მძიმე ტვირთია. დედაქალაქში რამდენიმე ასეული ათასი ოჯახი იძულებული გახდება, ერთდროულად იყიდოს გაზის ახალი გამათბობელი, გამაცხელებელი და დაამონტაჟოს, რაც, სულ მცირე, 700 ლარი ჯდება. ეს გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას.

    რეგულაციის უმრავლესობა წინასაარჩევნოდ ბუმერანგივით შემოუტრიალდებათ. მოსახლეობას მასობრივად დაავალდებულებენ და იძულებულს გახდიან, ახალი ტექნიკა შეიძინონ. თუკი გაზის კომპანიებს მიეცემათ უფლება, რომ ძველი თაობის დანადგარებით მოსარგებლე მოქალაქეებს გაზის მიწოდება შეუწყვიტონ, ცხადია, ხალხი იძულებული გახდება, ახალი ხელსაწყო შეიძინოს, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, დიდი უკმაყოფილება გაჩნდება, თანაც წინასაარჩევნო პერიოდში.

    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონმდებლები და ხალხი სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობენ. მთავრობა ცდილობს, გარეგნული ნიშნებით ჩვენი ქვეყანა დაამსგავსონ ევროპას და იქაური რეგულაციები შემოიღონ. უამრავ სტანდარტს გვახვევენ თავს, რისთვისაც ხალხი მატერიალურად არ არის მზად, არ აქვთ შემოსავალი და ვალდებულების შესრულება ძალიან გაუჭირდებათ.

    ჩვენი მოსახლეობის შემოსავალი არათუ ევროპის, აფრიკის საშუალოდ განვითარებული ქვეყნების დონეზეც აღარ არის. მაგალითად, ნიგერიაში ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მოსახლეობის მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინონ, ვხედავთ, რომ ხალხი ზარალდება," - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" სიმონიშვილი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved