სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლევან დავითაშვილი: "ჩვენთვის ღვინო უმთავრესი სავიზიტო ბარათია"
    მარი გოცირიძე
    21.03.2019

     ბოლო წლებში ქართული ღვინის რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა იმისა, რომ პერმანენტულად ჩნდება ახალი ბრენდები უცხოურ ბაზრებზე, ქართული ღვინო უკვე მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ამ ეტაპზე ქართულ პროდუქციას იაპონიის ქალაქ ტოკიოში გაეცნენ. საგამოფენო ცენტრში ეუკკფვფ ცფკურწგთუ გამოფენა "საქართველო - ღვინის სამშობლო" ოფიციალურად გაიხსნა.

    ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. გამოფენის სტუმრებს საშუალება ეძლევათ, ინტერაქციის დახმარებით უძველესი ღვინის სამშობლოში იმოგზაურონ.

    გამოფენა იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია "ქართული ღვინის" ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, "საქპატენტისა" და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის "სონი მიუზიქ ქომუნიქეიშენისა" და კომპანია "ტოპანის" პარტნიორობით, რომელმაც უახლესი ტექნოლოგიის მეშვეობით ტოკიოში უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორია გააცოცხლა.

    ტოკიოში შეკრებილ სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული ღვინის უნიკალურ ისტორიასა და კულტურის შესახებ მოუთხრო.

    "მაქვს პატივი, უკეთ გაგაცნოთ ჩემი სამშობლო - საქართველო, რომელიც ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორიც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა", - მიმართა მან იაპონელ ხალხს და საქართველოს ერთგული მეგობრობისათვის მადლობა გადაუხადა.

    "ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წარმოვადგინოთ საქართველო, როგორც უძველესი ქვეყანა, საკუთარი კულტურით, ტრადიციებითა და თანამედროვეობით. ქართველები საუკუნეებია, ვიცნობთ და პატივს ვცემთ იაპონურ კულტურას, თქვენს ქვეყანას, სადაც უძველესი ტრადიციები და თანამედროვეობა ასე ჰარმონიულად არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული.

    ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ძალა და თანამედროვეობის, ინოვაციების, ტექნოლოგიების კუნძულია, დღეს საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოს ერთგული და სანდო პარტნიორია. მადლიერი ვართ იაპონიისა და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანესი მორალური და მატერიალური თანადგომისა, რომელიც ასე სჭირდება ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

     მამუკა ბახტაძემ ორი სახელმწიფოს დიპლომატიურ ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მიღწევა გახდა შესაძლებელი.

    "დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იაპონელ ხალხს გავეცნოთ, როგორც უძველესი და უნიკალური კულტურის ერი, რომელსაც ჩვენი ღვაწლი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში, როგორც ღვინის სამშობლოს. უკვე მეცნიერულადაც არის დადასტურებული, რომ მსოფლიოში მეღვინეობის კულტურა სწორედ საქართველოდან გავრცელდა და ამის აღიარება მოხდა ღვინის მსოფლიო დედაქალაქში - ბორდოში, სადაც პირველად მოეწყო ქართული ღვინის გამოფენა.

    შემთხვევითი არ არის, რომ მეორედ სწორედ იაპონიაში, მზის სამშობლოში გაეცნობიან ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს და მის 8000-წლოვან უწყვეტ ისტორიას. ამავე დროს ჩვენ გვაქვს საშუალება, იაპონელ ხალხს გავაცნოთ მდიდარი ქართული კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის, ჩვენი კულინარია და განსაკუთრებით, ქართული პოლიფონია, რომელიც ცალკე სიმაღლეა და რომელიც, ბევრ სხვასთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობად არის აღიარებული. დარწმუნებული ვარ, კულტურათა ასეთი შეხვედრებით ჩვენს უძველეს ერებს შორის გამყარდება მეგობრული კავშირები და კიდევ უფრო გაიზრდება", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

    ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის გახსნამდე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონელ ჟურნალისტებს ქართული ღვინის კულტურის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და პოპულარიზაციისათვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას.

    ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა თვისებებით გამოირჩევა ქართული ღვინო, მინისტრმა ქართული ღვინის დაყენების განსაკუთრებულ მეთოდსა და განსხვავებული ყურძნის ჯიშებით ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 500-ზე მეტი ქართული ადგილობრივი ყურძნის ჯიშია გავრცელებული საქართველოში, რომელიც აგრობიომრავალფეროვნებით ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა, რაც ქართული ღვინის წარმატების ფორმულაა.

    პრესკონფერენციაზე, თავის ემოციურ გამოსვლაში ლევან დავითაშვილმა აქცენტი სწორედ ღვინის ისტორიასა და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციაზე გააკეთა.

    "საქართველოსთვის ღვინო უმთავრესი სავიზიტო ბარათია. ის პლატფორმა, რომელსაც ჩვენ იაპონელ და დაინტერესებულ საზოგადოებას ვთავაზობთ, ძალიან საინტერესოა. ასეთი ფორმით გვინდა, ღვინის კულტურისა და ისტორიის ჩვენება განსაკუთრებით შთამბეჭდავი გავხადოთ. ღვინო საქართველოში დაიბადა და ჩვენ სწორედ ამ ისტორიისა და კულტურის შესახებ მოვუთხრობთ იაპონელ საზოგადოებას. ღვინო 8 ათასი წლის კულტურაა. ამდენი წელია, რაც კაცობრიობა მას აყენებს. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტოკიოს მცხოვრებლებმა და მისმა სტუმრებმა ეს ტრადიცია ჩვენთან ერთად გაიცნონ და გაიზიარონ.

    ღვინის კულტურის გაცნობით საქართველოს, როგორც ქვეყნის, გაცნობაც შესაძლებელია. იაპონიის ბაზარზე საქართველოსთან, ბრენდ "ჯორჯიასთან" სხვა პროდუქტებიც არის ასოცირებული, მაგრამ ჩვენი მთავარი ღირებულება, რომელიც მსოფლიოს მომხმარებელს უნდა გავაცნოთ, ნამდვილი ქართული ღვინოა, რომელიც ყველა სხვა ქვეყნის პროდუქტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსხვავდება იმით, რომ, პირველ რიგში, ქართული ღვინო უძველესია, განსხვავებული ტექნოლოგიით ყენდება. ის მზადდება ქვევრში ბუნებრივი მეთოდით და ეს ღვინის დაყენების ტექნიკა იქცა სწორედ იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად. ეს ძალიან ადვილად გასაგებია იაპონელი ღვინით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, რადგან 2003 წელს, როდესაც ჩვენი კულტურა აღიარეს, ასევე იაპონიის სამზარეულოს კულტურა გახდა იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი.

    ქართული ღვინო არა მარტო ძველია, არამედ განსხვავებული თვისებების მატარებელიც გახლავთ. ის მზადდება ქართული ადგილობრივი ყურძნის იმ ჯიშებისგან, რომლებიც დღეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება ნახოთ. მსოფლიოს უამრავი ქვეყნის პროდუქციისგან ქართული ღვინო ამით არის გამორჩეული და უნიკალური", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

     "ქართული დღისადმი" მიძღვნილი მიღება, ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაციასთან ერთად, მოიცავდა კულტურულ პროგრამას, "სუხიშვილებისა" და ანსამბლ "ბასიანის" გამოსვლას. ღონისძიებას იაპონიის აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ.

    აღსანიშნავია, რომ პროექტი პირველად 2017 წელს, საფრანგეთში, ღვინის მსოფლიო დედაქალაქში, ბორდოში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ "საქართველო ღვინის სამშობლოდ" აღიარა. ფაქტობრივად, ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ექსპოზიციას მსოფლიოს მასშტაბით უნდა ემოგზაურა.

    ღვინის სამშობლოდან ტოკიოში ჩასულ დელეგაციას თავმოსაწონი ნამდვილად ბევრი აქვს. აღსანიშნავია, რომ ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.

    დღეს საქართველოში ათასობით ყურძნის ჯიში მოჰყავთ. დაახლოებით 500 სახეობა მთელ მსოფლიოში ცნობილი ყურძნის ჯიშებიდან ქართული წარმომავლობისაა.

    2017 წელს საქართველო გახდა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, მეღვინეობის ახალ ცენტრში, მევენახეობისა და მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებების პირველი ორგანიზატორი ქვეყანა.

    სამი თვის განმავლობაში - აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით - გაცოცხლდა ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია. ერთად მოიყარა თავი არქეოლოგიურმა და ეთნოგრაფიულმა ექსპონატებმა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული არტეფაქტების ასლებმა. საგამოფენო ცენტრი გადაიქცა პატარა საქართველოდ - თავისი ტრადიციებით, სიმღერებით, ცეკვებითა და სუფრით.

    სამი თვის განმავლობაში ბორდოში ათობით გამოფენა და დეგუსტაცია გაიმართა, საფრანგეთში რთველიც კი აღნიშნეს.

    გარდა ამისა, ბორდოს სამთვიანი გამოფენის ფარგლებში წარადგინეს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ ფაქტს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. მეცნიერებმა საფუძვლიანად შეისწავლეს სხვადასხვა პერიოდში ნაპოვნი არქეოლოგიური მასალები, რომელთა შორის არის უძველესი ყურძნის თესლი, ძველებურ თიხის ჭურჭელზე აღმოჩენილი ლექი, რომელიც ღვინო აღმოჩნდა.

    ღვინის დამზადებისა და ქვევრში შენახვის ტრადიციული ქართული მეთოდი 2013 წლიდან იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვევრი ხრამის მთაზე მდებარეობს. იგი ჩვ.წ.აღ-მდე ქ| საუკუნეს ეკუთვნის.

    როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა ქართული ღვინის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს და ექსპორტზეც წლიდან წლამდე მზარდი შედეგი მივიღოთ.

    (ბიზნესპრესი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×