სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "აქ დაბრუნებული არავინ მინახავს, ხალხი ისე გაიქცა, რომ უკან მოხედვაც არ სურთ"
    მარი ჩიტაია
    22.03.2019

     რეგიონებში დაქირავებული მუშახელი ძნელად იშოვება. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი უმუშევრობაზე მუდმივად ჩივის, სეზონურ სამუშაოებზე დამხმარის შოვნა ოჯახებში ძალიან ჭირს. მოთხოვნა, შარშანდელისგან განსხვავებით, ამ მხრივ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამის მიზეზად მოსავლიანობის შემცირებას მიიჩნევენ. ამბობენ იმასაც, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობა სოფლიდან გასულია და საჭიროების შემთხვევაში მუშახელის შოვნას ვერ ახერხებენ.

    დაქირავებული მუშის მინიმალური ანაზღაურება 25 ლარია, მაქსიმალური კი – 50 ლარი. თუმცა დღიური ქირა დაქირავებულთა ყოფით პრობლემებს ბოლომდე ვერ აგვარებს.

    გურიის რეგიონში ამბობენ, რომ მუშახელზე მოთხოვნა არის, მაგრამ ასეთი ადამიანის შოვნა სოფლებში თითქმის შეუძლებელია. ოზურგეთში, სოფელ შრომის მცხოვრები დავით ბოლქვაძე ამბობს, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა სეზონურ სამუშაოებზე თურქეთში გარბის და ადგილზე სერიოზული დეფიციტია.

    "ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ფულს გადაუხდი და დამხმარედ დაიქირავებ, ხალხი არ დარჩა სოფელში. თითო დღის შრომის საფასური საშუალოდ 25-30 ლარია, მაგრამ ამ ფასადაც ჭირს მუშის შოვნა, ხალხი სოფლებიდან გაიქცა. ვისაც შესაძლებლობა აქვს, ევროპაში წავიდა სამუშაოდ, უმეტესობა კი თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დადის. არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება ადამიანი ოჯახში დააკავოს.

    მანდარინის მოსავალი შემცირდა, ფაროსანას გამო თხილიც ნაკლებადაა, ჩაი თითქმის გადაშენდა, მოტივაცია არ არის, რომ სახლებში დარჩნენ და მოსავალს მიხედონ, ყველაფერი უარესობისკენ მიდის. იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ არ ვიცი, წელს როგორ გაიტანს ხალხი თავს ან აქედან გაქცეული ადამიანი რამ შეიძლება მოაბრუნოს, სოფელი შრომისუნარიან ახალგაზრდებს კარგავს", - ამბობს გურული გლეხი.

    შრომაზე უარს ამბობენ ისინიც, რომლებიც წინა წლებში რეგიონებში დადიოდნენ სხვადასხვა სამუშაოზე და ამით ირჩენდნენ თავს. 

    ტყიბულის მკვიდრი გოგიტა მესხორაძე დასავლეთის რაიონებში გლეხებს მოსავლის ასაღებაში ეხმარებოდა. ამბობს, რომ წელს სამუშაოდ წასვლას არ აპირებს, რადგან მის მიერ გაწეული შრომას ანაზღაურება არ შეესაბამება.

    "დღეში 20 ლარადაც მიმუშავია და 30 ლარადაც. თუმცა ეს თანხა ვერ მიგვარებს ფინანსურ პრობლემებს, სჯობს, სახლს მივხედო და მოსავალი მოვიყვანო. ყველაზე ხშირად სამეგრელოში მივდიოდი, თხილის მოსავალი იყო და მუშა-ხელს ხალხი სანთლით ეძებდა. ახლა თხილი ცოტაა და სამუშაოებზე დამხმარის აყვანა არც უღირთ. მირჩევნია, სახლს მივხედო ან სადმე ახლომახლო სოფელში დავკავდე, თუკი სამუშაო გამომიჩნდება. ფინანსური პრობლემების გამო უარს ვერ ვიტყვი ვერანაირ შემოთავაზებულ სამსახურებზე, თუნდაც დაბალი ანაზღაურება იყოს", - ამბობს "რეზონანსთან" გოგიტა მესხორაძე.

    სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქეთო ლაგვილავა აღნიშნავს, რომ მუშახელს სეზონზე 23 ლარად ქირაობს. 

    "სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი ვცხოვრობთ. შვილები თბილისში არიან და მუშებისთვის განკუთვნილ გადასახადს ხან ისინი გვიგზავნიან, ხანაც – შემოსავლიდან ვფარავთ. ზოგ შემთხვევაში, ფულის ნაცვლად, მოსავალი მიაქვთ, რამდენსაც გამოიმუშავებენ. ადრე ყანაში დამოუკიდებლად ვმუშაობდით,  მაგრამ ახლა დამხმარის გარეშე არ შეგვიძლია. ბევრი ადამიანისთვის სხვის ოჯახებში მუშაობა შემოსავლის წყაროა, თუმცა, ეს არ არის ოჯახის სარჩენად საკმარისი ფული. 

    რაიონში ბევრი უმუშევარია და ამ გზით ფულის შოვნას ყველა ვერ ახერხებს. მოთხოვნაც, სიმართლე გითხრათ, არც ისე დიდია. ისედაც ჭირს და ხალხი ფულის დაზოგვას ცდილობს, დამხმარეს უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ", - ამბობს სენაკელი დიასახლისი.

    გაცილებით მძიმე ვითარებაა მთის რეგიონებში, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გიგი მდივნიშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახს მუშახელი ქუთაისიდან ჩაჰყავს.

    "სოფელი გორისუბანი იმდენად ცარიელია, რომ ზოგჯერ ხმის გამცემიც კი შეიძლება ვერ იპოვო. მთელ სოფელში 5 ოჯახია დარჩენილი, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ. სახლის შეკეთება გადავწყვიტე, ხელობა თვითონაც მეხერხება, მაგრამ საქმეს დამუკიდებლად ვერ გავაკეთებდი, ამიტომ იძულებული გავხდი, ხალხი ქუთაისიდან ჩამომეყვანა. ხან ტყიბულელ მუშებს ვქირაობთ და საოჯახო სამქეებს ასე ვუძღვებით. დღიური შრომის საფასური 30-50 ლარის ფარგლებშია, გაწეული შრომის მიხედვით, ცოტა არ არის, მაგრამ შრომა არავის უნდა. მთის კანონი შემოვიდა და ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ აქ დაბრუნებული არავინ მინახავს, ხალხი ისე გაიქცა, რომ უკან მოხედვაც არ სურთ", - ამბობს გივი მდივნიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (23.03.2019)
    შედეგი ქვეყნის არასწორი პოლიტიკის. დარწმუნებული იყავით რომ თუ სწრაფდ არ შეიცვალა სიტუაცია მალე ტაჯიკეთოდან მოგვიწევს მუშახელის ჩამოყვანა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×