სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რა ხდება "უნივერსამში" და სხვა სავაჭრო ობიექტებში
    თეო გუდავაძე
    12.04.2019

     სამწუხაროდ, ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა დღესაც მწვავედ დგას. მართალია, სურსათის უვნებლობის სამსახური მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და საკმაოდ ნაყოფიერადაც, მაგრამ კომპანიები მაინც აგრძელებენ მომხმარებლის მოტყუებას. ამჯერად "რეზონანსმა" პრობლემა სუპერმარკეტ "უნივერსამში" აღმოაჩინა.

    ვადაგასული პროდუქტის რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია, თუმცა მომხმარებელს უვარგის პროდუქტს მაინც აჩეჩებენ. "რეზონანსი" დაინტერესდა, აკვირდებიან თუ არა მომხმარებლები პროდუქტის შერჩევისას ვარგისიანობის ვადას, რამდენად ხშირად იძენენ გამოუსადეგარ პროდუქტს და იციან თუ არა, ვის უნდა მიმართონ საკუთარი უფლებების დასაცავად. ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ქსელურ სუპერმარკეტებში ვადაგასული პროდუქტებია დახლებზე. ხშირ შემთხვევაში რთულია ვადის გადამოწმება, რადგან ეტიკეტზე ნახევრად წაშლილია ის ადგილი, სადაც ვარგისიანობა უნდა იყოს მითითებული.

    ამჯერად პრობლემა სავაჭრო ქსელ "უნივერსამში" აღმოჩნდა, სადაც მთელი რიგი დარღვევები გამოაშკარავდა. სესილი თვალაბერიძე ერთ-ერთი უკმაყოფილო მომხმარებელია, რომელიც "რეზონანსს" დაუკავშირდა და გვითხრა, რომ 10 დღის წინ "უნივერსამში" შეიძინა სხვადასხვა პროდუქტი, რომლის 80% ვადაგასული იყო:

    "სამსახურის შემდეგ შევიარე "ახმეტელის" მეტროსთან არსებულ "უნივერსამის" სუპერმარკეტში და შევიძინე მაწონი, რძე და ქლიავის შავი ჩირი, ასევე, ხაჭოს კვერი ("სიროკი") ჩემი შვილებისთვის. მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ პროდუქტები, რაც ჩამოვთვალე, ყველა ვადაგასული იყო. სამწუხაროდ, ქვითარი თან აღარ მქონდა, რომ უკან მიმებრუნებინა.

    "სიროკის" გემოზე მივხვდი, რომ ახალი არ იყო. სულ 6 ცალი მქონდა შეძენილი და აქედან 4-ზე ვადა არც კი ჩანდა, თითქოს გადაშლილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქვითარი არ მქონდა, მივედი მეორე დღეს, უბრალოდ, პრეტენზიის გამოსახატად, თუმცა აქეთ გავხდი თავდასხმის მსხვერპლი. კონსულტანტებთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და მივხვდი, რომ მთელი პასუხისმგებლობა მომხმარებელზეა.

    გამოდის, საქართველოში მშვიდად ვერ შევსულვართ მაღაზიაში და ვერ შეგვიძენია პროდუქტები, ვალდებული ვართ, ყველაფრის ვადა ვამოწმოთ და ამაში დრო და ნერვები ვხარჯოთ. თვითონ სუპერმარკეტის ქსელები ამაზე ყურს არ იბერტყავენ და მომხმარებელს უწევს ამაზე ზრუნვაც," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას სესილი თვალაბერიძემ.

    სურსათის ეროვნული სააგენტო, კარგა ხანია, აქტიურად აკონტროლებს ბაზარს. გამკაცრებულია მიდგომაც და სანქციებიც, თუმცა, როგორც ჩანს, ბიზნესი მაინც რისკავს. სააგენტო უახლოეს მომავალში მეტად გააძლიერებს მონიტორიგს. "უნივერსამის" საკითხზე კი განაცხადეს, რომ მდგომარეობას შეისწავლიან და პასუხს მალე მოგვაწოდებენ. "უნივერსამის" ადმინისტრაციასთან კი "რეზონანსი" 2 დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებას როგორც ცენტრალურ ოფისის, ასევე ფილიალების მეშვეობით, თუმცა შეუძლებელი აღმოჩნდა.

    სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ პროდუქტები, რასაც ქსელური სუპერმარკეტები გვთავაზობენ, ხშირად ვადაგასულია და სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ძირითადად ეს პრობლემა შეინიშნება რეგიონებში. თბილისში ამ მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა დედაქალაქის გარეუბნებში მაინც რჩება პრობლემა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვადაგასული პროდუქტის რეალიზებასთან ერთად, ხდება ასევე პროდუქტის რეალიზაციის პირობების დარღვევა, რაც, სპეციალისტების განცხადებით, არანაკლებ საშიშია.

    "ჩემთვის ძალიან მარტივია სახელმწიფო სტრუქტურის უარყოფითად შეფასება, მაგრამ ეს არაკეთილსინდისიერი იქნება, ვინაიდან პირდაპირ ვამბობ - დღესდღეობით სურსათის სააგენტო ნამდვილად კარგად მუშაობს. პრობლემები კი, სამწუხაროდ, არ ილევა ამ ქვეყანაში, ვინაიდან ძალიან ბევრი ობიექტია. სურსათის უვნებლობას ჰყავს 12 ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც თბილისის შემოწმება ძალიან რთულია. უფრო რთული მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც უფრო ცოტა ჯგუფია და გასაკონტროლებელი ტერიტორია - უფრო მეტი.

    რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, კანონმდებლობას რომ თავი დავანებოთ, მორალური თვალსაზრისითაც დაუშვებელია ვადაგასული პროდუქტის რეალიზაცია. ვადაგასული პროდუქცია ექვემდებარება განადგურებას და მისი გაყიდვა ყოველგვარ ზღვარს სცდება. დღესდღეობით ქსელურ თუ მცირე სუპერმარკეტებში ხშირად ვაწყდებით მსგავს ფაქტებს, რადგან არასწორი მენეჯმენტი აქვთ და შიდა კონტროლი არასრულყოფილია. მაგალითად, იღებენ დიდი ოდენობით პროდუქციას, რომელიც არის დასაწყობებული და შეიძლება დახლებზე გავიდეს მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში ვადა უნდა გაუვიდეს ან უკვე ვადაგასულიცაა.

    აქედან გამომდინარე, უნდა მოწესრიგდეს შიდა მენეჯმენტი და მომხმარებელიც იყოს ყურადღებით. ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა ყოველდღიურად ვერ გააკონტროლებს მაღაზიებს - ეს შეუძლებელია. ამიტომ არსებობს სურსათის უვნებლობის ცხელი ხაზი, სადაც მომხმარებელმა უნდა დარეკოს დარღვევების შემთხვევაში და დაიცვას საკუთარი უფლებები და ჯანმრთელობა.

    რაც შეეხება კონკრეტულად მომხმარებელთა ფედერაციას, იმდენი წერილები შემოგვდიოდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეკრა გუნდი და ჩვენი ძალებით ვებრძვით ვადაგასულ პროდუქციას მიკროფონებით ხელში. რთული მდომარეობაა გარემოვაჭერეებთანაც, რომლებიც სხედან მეტროს ამოსასვლელებთან და იქ ყიდიან სურსათს, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. გადასწორებული ვადებით პროდუქტის რეალიზებაც ხდება," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მადონა კოიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved