სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ყველაზე მძაფრი ინდიკატორი მიგრაციაა. არ მეგულება ოჯახი, რომლის წევრი ან ძალიან ახლობელი ემიგრანტი რომ არ იყოს"
    თამარ მუკბანიანი
    16.04.2019

     ბოლო 10 თვეში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადაყენების მიზეზი სწორედ სიღარიბის მატება გახდა, რასაც მთელი სამთავრობო ეკონომიკური გუნდი შეეწირა. ეკონომისტები ამბობენ, რომ კვირიკაშვილის მმართველობის შემდეგ, მხოლოდ გვარები შეიცვალა, ეკონომიკა მხოლოდ ლარში გაანგარიშებულ ციფრებში იზრდება, ხალხი კი გაჭირვებიდან ვერა და ვერ ამოდის.

    იუნისეფ-ის კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე გაზრდილია, პენსიის ოდენობა კი საგანგაშოდ დაბალია. 2015 წელთან შედარებით, 2017 წელს ქვეყანაში უკიდურესად ღარიბთა რიცხვი 108 ათასი კაცით გაიზარდა, ღარიბთა რიცხვმა კი 124 ათასი კაცით მოიმატა.

    თავის დროზე, კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად სწორედ სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა და ჭარბვალიანობა დასახელდა. შეიძლება ითქვას, შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რაც გამოიხატება სამომხმარებლო ბაზრის სიძვირეში, ლარის გაუფასურებასა და მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების სიმცირეში. მართალია, ჭარბვალიანობასთან ბრძოლა დაიწყო, მაგრამ რამდენად შეცვლის ეს ვითარებას, ძნელი სათქმელია. შეიზღუდა ფულის მიწოდება, თუმცა მოთხოვნა არ შეცვლილა. შესაბამისად, მოსახლეობამ კერძო გამსესხებლებთან გადაინაცვლა, სადაც პირობები ბევრად კაბალურია.

    გარდა იმისა, რომ ხალხი დანაზოგს ვერ აკეთებს, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ელემენტარული საშუალებაც არ აქვს, რომ ყოველდღიურ ხარჯს გაუმკლავდეს. სამთავრობო ცვლილებების მიზეზად ქცეული "ენდიაის" კვლევა კი, რომელმაც ყოფილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აღაშფოთა და მინისტრთა კაბინეტის ცვლილება გადააწყვეტინა, სამოქმედო გეგმად არ ქცეულა. ყოველ შემთხვევაში, ეს ეფექტი მოსახლეობას ჯერ ისევ არ უგრძვნია.

    "ახალი ეკონომიკური სკოლის" წარმომადგენელი გია ჯანდიერი ამბობს, რომ არც ბოლო 7 წლისა და არც 10 თვის განმავლობაში ეკონომიკა არ გაზრდილა. ამას მოწმობს დოლარში გაანგარიშებული საშუალო ხელფასი, მშპ და სავაჭრო ბალანსი, რომელიც იგივე ან უფრო ნაკლებია 2012 წელთან შედარებით.

    "შეიძლება, ლარში ხელფასი ნამდვილად იზრდება, თუმცა დოლარში გადაანგარიშებული იკლებს კიდეც. არ მგონია, რომ ამას ვინმე ვერ ამჩნევდეს. მე, მაგალითად, როცა მაღაზიაში შევიდვარ, დახლზე მუდმივად გაძვირებული პროდუქტი მხვდება. ახლახან საწვავის ფასმა მოიმატა, ასევე - სატელეფონო მომსახურებამაც. ერთადერთი, რაც არ გაზრდილა, საქალაქო ტრანსპორტის ფასია და ისიც დამაზარალებელია, რადგან მძღოლები იძულებული არიან, უფრო დაბალი ხარისხის საწვავი გამოიყენონ, ეს კი ისევ ხალხის ჯანმრთელობას ურტყამს.

    2012 წლის ბოლოს საშუალო ხელფასი იყო 740 ლარი, რაც დაახლოებით 450 დოლარს შეადგენდა. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ანაზღაურება მაშინდელზე ბევრად მეტია ლარში გადაანგარიშებით, ამ ნიშნულს ვერც კი ვუახლოვდებით, გაუმჯობესებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მშპ-იც ასეა, 12 მლრდ-ია დოლარებში და თუ ვინმეს სერიოზულად ჰგონია, რომ საქართველოში შემომსვლელი რომელიმე ინვესტორი ლარში ნახულობს მონაცემებს, უბრალოდ, სასაცილოა. ყველაზე მძაფრი ინდიკატორი კი მიგრაციაა, არ მეგულება ოჯახი, რომელსაც ოჯახის წევრი თუ არა, ძალიან ახლობელი მაინც ემიგრანტი არ ჰყავს.

    ამ ყველაფერს იწვევს ფასადური ცვლელებები და ბოლო წლებში ერთგვარ გასართობად, აზარტად ქცეული რეგულაციები, რომელიც მუდმივად იზრდება და ხელს უშლის ბიზნესს. ბოლო 7 წლისა და ბოლო 10 თვის მანძილზეც ერთი და იგივე საკითხი დგას, ეს არის პრობლემის შეუმჩნევლობა, იგნორი და ლოზუნგებით საუბარი", - აცხადებს ჯანდიერი "ბინზეს-რეზონანსთან".

    მუდმივად ვიქნებით მოჯადოებულ წრეში, სანამ ქვეყანა რეალური სექტორის განვითარებაზე არ იქნება ორიენტირებული. ასეთია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოს ზურაბ კუკულაძის მოსაზება. ეკონომისტის აზრით, ცვლილებებს მარტოოდენ გვარების შეცვლა ვერ გამოიწვევს.

    "ქვეყანაში გვაქვს ფინანსური სისტემა, რომელიც არც კვირიკაშვილისა და არც ბახტაძის დროს აწყობილა და საერთოდ, არც ამ ხელისუფლების დროს. ცხოვრების დონის გაუარესება დაიწყო დაახლოებით 2005-06 წლიდან, როცა ეკონომიკაში ფინანსების მიწოდების ერთადერთ საშუალებად საბანკო სისტემა გადაიქცა. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მოდელი, როცა ეკონომიკური განვითარება მოკლევადიანი ეფექტების გამოყენებით ხდებოდა. რეალურად ეკონომიკის განვითარება საბანკო სისტემას გადააბარეს, ხოლო კერძო ინტერესი ყოველთვის მოკლევადიანია.

    წლების განმავლობაში, ძირითადად იმპორტი ფინანსდება და ახლაც ასე ხდება. ნორმალური ეკონომიკა რომ გვქონდეს, ფულიც აქ უნდა დარჩეს და პროდუქტიც. ეს დამოკიდებულება თუ არ შეიცვლება, შედეგს ვერასდროს ვიგრძნობთ და სიტუაციის შეცვლა შეუძლებელი გახდება.

    კვირიკაშვილის მთავრობას არ ესმოდა, რომ კერძო ინტერესი ეკონომიკას ვერ დაძრავდა. წარმოუდგენელია, საფინანსო ბიზნესმა ეკონომიკა განავითაროს. არსად, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება. ბიზნესმა შეიძლება, ქვეყანას გარკვეული მომსახურება შესთავაზოს, მაგრამ ამაზე შორს არ მიდის.

    მუდმივად ვიქნებით მოჯადოებულ წრეში, სანამ ქვეყანა რეალური სექტორის განვითარებაზე არ იქნება ორიენტირებული", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას კუკულაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved