სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    2,70-ზე დაგეგმილი ბიუჯეტი ის ზღვარი აღმოჩნდა, რომელზეც მორგება კერძო სექტორს ძალიან გაუჭირდა
    თამარ მუკბანიანი
    16.04.2019

     ბიზნესმენები ეროვნული ბანკის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ისინი ამბობენ, რომ ლარი დოლართან მიმართებით 2.55-ზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს და დღევანდელი სავალალო კურსი სებ-ის ცუდი პოლიტიკის დამსახურებაა, რაც ბიზნესს ძალიან აზარალებს.

    2019 წლის ბიუჯეტი ფინანსთა სამინისტრომ 2,70-ზე დაგეგმა და კურსიც ამ არეალში მერყეობს მაშინ, როცა 2018 წელს მიზნობრივი მაჩვენებელი 2.50 იყო და მესამე კვარტალში გაუფასურება მხოლოდ საგარეო ფაქტორებს დაბრალდა.

    საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების პროგრამას დიდი ხანია, ატარებს. 2019 წლის იანვარ-თებერვალში სებ-მა 135 მილიონი დოლარი შეისყიდა. ამავდროულად, ცენტრალურმა ბანკმა რეზერვების შევსების ახალი სისტემაც აამოქმედა, რაც სავალუტო ოფციონების ყიდვას გულისხმობს. სებ-ის მიერ ფაქტობრივად გაყიდული ოფციონების ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ეს პროგრამაა კერძო სექტორის წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი.

    "რედიქსის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ინფლაციაზე უფრო მეტი საზრუნავი სებ-ისათვის ეროვნული ვალუტის მდგრადობის შენარჩუნება უნდა იყოს. სწორედ ასეთია ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის პოზიცია.

    "რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ინფლაციის დაჭერაა, მაგრამ საქართველოში ცოტა სხვა ვითარებაა. დასავლეთის უდიდეს ქვეყნებში მხოლოდ ინფლაცია არის უმნიშვნელოვანესი საზრუნავი, ჩვენთვის კი უმნიშვნელოვანესი ლარის კურსია. სავალუტო რყევები დიდი საფრთხეა ასეთი მცირე ეკონომიკისათვის.

    ლარის გაცვლითი რეჟიმის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშია. მე მათ ვაკრიტიკებ იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით აცურავებენ ლარს და ეს მხოლოდ გაუფასურების მიმართულებაა. მათი ინტერვენცია მარტო ვალუტის შესყიდვაა.

     მე არ ვამბობ, რომ ახლა 1 დოლარი 2 ლარი უნდა ღირდეს, მაგრამ ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ 2.55 ლარი უნდა იყოს. როდესაც საშუალებას გაძლევს შენი ეკონომიკა და ეს შედეგი გვქონდა გასული წლის მესამე კვარტალში (რაც მიმდინარე ანგარიშის დადებით ბალანსში გამოიხატა), ცოტა ნაყოფი ხომ უნდა მიიღოს ამისგან?

    დიდს არაფერს ვითხოვთ, ვამბობ, რომ ცოტა უნდა შემცირდეს კურსი. საცალო ბიზნესს უჭირს, საცალო ვაჭრობას უჭირს, უჭირთ მცირე ბიზნესმენებს, ვინც ადგილობრივ ბაზარზე არიან ორიენტირებული. ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის უმთავრესი და მათი მდგომარეობა მცირედით მაინც რომ გაუმჯობესდეს, აუცილებელია შედარებით უფრო დაბალი კურსი", - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

    ბიზნესი საქართველოში იშვიათად საუბრობს ხელისუფლების შეცდომებზე, თუმცა, როგორც ჩანს, 2.70-ზე დაგეგმილი ბიუჯეტი ის ზღვარი აღმოჩნდა, რომელზეც მორგება კერძო სექტორს ძალიან გაუჭირდა.

    დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ კურსი ნამდვილად არ არის მის ბუნებრივ ნიშნულზე, თუმცა ამაში ეროვნულ ბანკზე მეტად ხელისუფლების ბრალს ხედავს.

    "გამომდინარე იქიდან, როგორც დაიგეგმა ბიუჯეტი, არაფერია გასაოცარი იმაში, რა მდგომარეობაშიცაა ლარი დღეს. ბიზნესს, რასაკვირველია, ეს ძალიან უშლის ხელს, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როცა თითქმის მთლიანად ვართ იმპორტზე დამოკიდებული.

    ძალიან მართებული იყო ლაშა პაპაშვილის განმარტებები და აქცენტები და მადლობა მას ამისათვის. ნამდვილად დროა, ამაზე ვისაუბროთ და რამე შეიცვალოს. უბრალოდ, მე ეროვნულ ბანკზე აპელირება არ მგონია სწორი, ეს უფრო მთავრობის როლია. თუ მთავარი ბანკი რამეს არასწორად აკეთებს, სახელმწიფო იმისათვის გვყავს, რომ შეაცვლევინოს და ეს მხოლოდ კონკრეტული ბანკის (უწყების) საქმიანობას არ უნდა ეხებოდეს. ასე უნდა ხდებოდეს ქვეყნის ეკონომიკისათვის ყველაზე მნიშვნელოვან - ლარის კურსთან დაკავშირებითაც", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჭყონია.

    მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი კი პირდაპირ ამბობს, რომ ეროვნული ბანკი საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის და იტყუება მაღალფარდოვანი სიტყვებით, ეკონომიკური ტერმინებით აბრუებს ხალხს, რომ ყველაფერი კარგადაა.

    "ჩვენს ყველა სავაჭრო პარტნიორთან შედარებით ბევრად ცუდ მდგომარეობაში ვართ. რასაც იმპორტზე ვყიდულობთ, ანგარიშსწორება დოლარით ხდება და, შესაბამისად, ფასები ასე მერყეობს. ჩვენ ხომ წლის განმავლობაში ვანგარიშობთ, ვადგენთ ბიუჯეტს და ეს უკვე ფაქტობრივად შეუძლებელია. შარშანდელთან შედარებით 30 პუნქტითაა შეცვლილი ლარის კურსი, რაც ბიზნესასათვის დიდი დარტყმაა. ამას მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მიხედოს.

    ამის მერე გამოდის ეროვნული ბანკი, თვალებში ნაცარს გვაყრის და იტყუება მაღალფარდოვანი სიტყვებით, ეკონომიკური ტერმინებით გვაბრუებენ, რომ ყველაფერი კარგადაა.

    როცა მშნებლობაზე მუშა იღუპება, მე რომ გამოვიდე და დავიწყო, რომ ესაა საშენი მასალის ბრალი, ყველა სტანდარტი დაცულია და სახლი მაინც ჩამოინგრა, ადამიანი მაინც დავკარგეთ, ხომ უღირსი და არასერიოზული ვიქნები? ასე იქცევიან თავის საქმეში ისინიც. ჩვენ თუ ვაღიარებთ, აღიარონ მათაც, რომ ბევრი რამეა შესაცვლელი, გამოსასწორებელი და იზრუნონ ამაზე.

    რაც დღეს ხდება, ცალსახაა, რომ არის ეროვნული ბანკის ცუდი მუშაობის შედეგი", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" როსტომაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×