სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ძალიან ცუდ დღეში არიან. ამიტომ სჯობს, დაბრუნდნენ სამშობლოში და დანაზოგით რამე საქმე წამოიწყონ"
    მარი ჩიტაია
    16.04.2019

     საზღვარგარეთ სამუშაოს მაძიებელთათვის გეოგრაფიული არეალი შაგრენის ტყავივით დაპატარავდა. ევროპაში ქართველი არალეგალები მასობრივად იდევნებიან, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც დასაქმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მწირი ანაზღაურების გამო, მუშაობა აზრს კარგავს. შეიძლება ითქვას, რომ არც გამოსავალი ჩანს. სამშობლოში თუ შორეულ ემიგრაციაში, ყველა გაძლებაზეა, მაგრამ ცალკე პრობლემაა ის, რომ ამ ადამიანების გაჭირვებით ნაშოვნი ფული სამშობლოში უყაირათოდ იხარჯება.

    ბოლო რამდენიმე წელია, ქართველები ვეღარ მიდიან ევროპაში ან თუ მიდიან, მალევე აძევებენ. შესაბამისად, ვერც სამუშაოს იწყებენ. დასაქმების პერსპექტივა ევროპისაკენ თითქმის აღარ არის. თურქეთში კრიზისია, არალეგალებისათვის რთული ვითარებაა რუსეთსა და უკრაინაში. ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე ოკუპირებულ აფხაზეთში წასვლასაც რისკავდა, მაგრამ იქ ახლა კიდევ უფრო ჭირს, ვიდრე ოდესმე. ფაქტობრივად ისეთი ვითარებაა, რომ პერსპექტივა, საითკენ შეიძლება შეიცვალოს ქართველი მიგრანტების წასვლის მარშრუტი, არ ჩანს.

    ფინანსური კრიზისის გამო ყველაზე მეტად ჩვენს თანამემამულეებს რუსეთში, უკრაინაში, საბერძნეთსა და თურქეთში უჭირთ. ამ ქვეყნებში მათ დასაქმების პრობლემას ადგილობრივების მხრიდან უნდობლობაც უქმნით. რაც შეეხება ისრაელს, გერმანიას, ესპანეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანას, იქ საქართველოდან ჩასულთა დასაქმება ბოლო დროს წარმოუდგენლად გართულდა, რადგან არალეგალი მიგრანტები მასობრივად იდევნებიან.

    მიგრაციის ცენტრის დირექტორ გიორგი გოგიშვილის ინფორმაციით, ქართველ ემიგრანტებს პრობლემა აქვთ ყველგან, სადაც არალეგალურად უწევთ ცხოვრება, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, ფინანსური კრიზისის გამო, ლეგალურად მცხოვრებლებსაც არანაკლებ უჭირთ.

    "დღეს საქართველოდან მიგრაციაში წასულ ქართველებს დასაქმების პრობლემა ყველგან აქვთ. არანაირი ტენდენცია არ იკვეთება გარდა იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ და ამისთვის საფუძველი შეამზადონ. ბევრი დარჩენას მაინც ახერხებს იმ იმედით, რომ იქნებ უკეთესი გამოჩნდეს. ამასობაში გამძლეობის პიკზე უწევთ ყოფნა, მათ მიერ წვალებით ნაშოვნი ფული კი სამშობლოში არასწორად იხარჯება.

    დღეს ეს ადამიანები ძალიან ცუდ დღეში არიან. ზოგადად, რიგ ქვეყნებს არალეგალებთან დაკავშირებით ზომები გამკაცრებული აქვთ. თურქეთში ქართველებზე ძალიან დიდი დევნა იყო, ეს ისტერია ცოტათი ჩაცხრა, მაგრამ ქვეყნის შიგნით პრობლემებია და ეს ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობაზეც აისახება. იშვიათი შემთხვევის გარდა, დასაქმება უჭირთ. იქ მაინც უფრო სეზონური სამუშაოა და მისი მოძებნაც არ არის მარტივი.

    გერმანიაში კი დასაქმება არალეგალებისათვის უკვე წარმოუდგენელია. პრობლემაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" გოგიშვილი და დასძენს, რომ ქართველების შრომის ანაზღაურება თითქმის ყველგან შემცირდა.

    "ფინანსურმა პრობლემამ, რაც ბევრ სახელმწიფოს თავს დაატყდა, სამუშაო ადგილები გააქრო. მართალია, უჭირთ რუსეთშიც, მაგრამ ცხოვრება იქ შედარებით მარტივია, რადგან ჩვენები ამ ქვეყანას კარგად იცნობენ, იციან ენაც და იქ ცხოვრება, ფინანსური პრობლემის ფონზეც, უადვილდებათ. იგივე შემიძლია ვთქვა უკრაინაზეც, თუმცა, პოლიტიკური დაძაბულობის გამო, ამ ქვეყნის ზოგიერთ პროვინიციაში ქართველების დარჩენა უკვე საკმაოდ რთულია.

    ამიტომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუკი ემიგრანტები საქართველოში დაბრუნდებიან და უცხოეთში გაკეთებული დანაზოგით რამე საქმეს წამოიწყებენ. ეს შეიძლება იყოს ბიზნესი ან პროფესიულად გადამზადდნენ და ა.შ. ამ მხრივ დღეს საქართველოში საკმაოდ დიდი არჩევანია", - ამბობს გოგიშვილი.

    მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, ქართველები სამშობლოში დაბრუნებას მაინც არ ჩქარობენ და ქვეყნიდან ქვეყანაში ხეტიალს არჩევენ. სოხუმიდან დევნილი პედაგოგი ლია მაქაცარია მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობს. ამბობს, რომ ბოლო 2 წელიწადში ხელფასი გაუნახევრდა, მაგრამ უკან დაბრუნებაზე მაინც არ უფიქრია.

    "ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი რესტორნებშია დასაქმებული, უმეტესობა კი ვაჭრობით ირჩენს თავს. ბოლო პერიოდში ქართველებისათვის დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაჩნდა, მაგრამ ხელფასი შეუმცირდათ. ვისაც შრომის ანაზღაურება დოლარში აქვს, პრობლემა არ შექმნია, მაგრამ ასეთი ადამიანი აქ თითზე ჩამოსათვლელია.

    თავის დროზე აფხაზეთიდან რუსული პასპორტით გადმოვედი. ეს დოკუმენტი მხოლოდ ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას მაძლევს, რაც არ უნდა ვცადო, სხვაგან ვერ გადავალ, აქ დარჩენა კი თანდათან აზრს კარგავს. თვეში 300 დოლარამდე ვაგზავნიდი, ახლა 150 დოლარს ძლივს ვაკოწიწებ. სიმართლე გითხრათ, რუსეთში ყოფნა, მორალურადაც და ფიზიკურადაც, ძალიან მიჭირს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს", - ამბობს მოსკოვში მცხოვრები ქართველი.

    თურქეთში ერთადერთი ქალაქი სტამბულია, სადაც ემიგრანტები შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, მაგრამ შრომის ანაზღაურების მხრივ იქაც პრობლემაა. დასაქმება განსაკუთრებით უჭირთ მათ, ვისაც ენის ბარიერი აქვთ.

    თბილისელი ცირა ცირეკიძე ანტალიაში ცხოვრობს. მას ხელფასი კარგა ხანია, შეუმცირდა და ოჯახს ძველებურად ვერ ეხმარება.

    "ოჯახში მოხუცის მომვლელად ვმუშაობ, საოჯახო საქმეებშიც ვეხმარები. თვეში 600 დოლარს მიხდიდნენ, მაგრამ ბოლო 2 წელია, 450 დოლარს ვიღებ. ჩემი ახლობლები სტამბულში ცხოვრობენ. იმის გამო, რომ ენა კარგად იციან, ადვილად დასაქმდნენ, ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობენ და კარგადაც უხდიან. მათ გაუმართლათ, რადგან სტამბულში დასაქმება მარტივი არ არის, შუამავლის გარეშე წარმოუდგენელია კიდეც, მით უმეტეს, ქართველებს ადგილობრივები არ ენდობიან. ისინი ძველებურად არც ოჯახებში მოსამსახურეებად აჰყავთ, ხოლო დამოუკიდებლად კომპანიებში დასაქმება საერთოდაც წარმოუდგენელია", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ცირეკიძე.

    მართალია, ქართველებისათვის საცხოვრებლად გერმანია (ამერიკის შემდეგ) ერთ-ერთი საოცნებო ქვეყანაა, მაგრამ, როგორც ვახსენეთ, იქ არალეგალურად ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდა. რადგან არ გააჩნიათ საჭირო საბუთები, ელემენტარული პირობების შექმნას ვერ ახერხებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით უჭირთ მამაკაცებს, რომლებიც კრიმინალური საქმიანობისათვის არიან განწირული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Fatma kamadadze   (16.04.2019)
    Rom patijeben am xalxs dabrundito, ra saxsrebit unda dabrundes adamianma, rodesaz mtel xelfass koveltve ojaxs ugzavnis, ra danazogzea laparaki, imis magivrad rom rame daexmaron, dasakmebis sfero gamonaxon ufrodaufro izireba kvekana sigatakesi aravis kveknis dardi arakvs, axalgazrda deda, romelmaz sami zlis da meore 11 tvis svilebi avadmkofi dedamtilis imedad datova da farmazevti moxuzis mosavlelad musaobs rom girao mainz aigos radgan svidsuliani ojaxi orotaxsi gacirvebasi zxovrobs, kmari umusevari, dabrundito, ra imedit abrunebt gamagebinet


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×