სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    კომპანიები მინიმალურ პაკეტებს იძენენ და როცა შემთხვევა დადგება, ოჯახს იმდენად ცოტა თანხა ერგება, უხერხულია, მას კომპენსაცია ეწოდოს
    მარი გოცირიძე
    16.04.2019

    შრომის უსაფრთხოების დაზღვევა დასაქმებულების ინტერესებს ვერ იცავს. კანონმდებლობაში უკვე იმდენად ბევრი ხარვეზი დაგროვდა, რომ სახელმწიფოს თითქმის თავიდან უწევს კანონპროექტზე მუშაობა, რომ საბოლოოდ დაკორექტირდეს და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.

    პირველი სექტემბრიდან საქართველოში შრომის დაცვის შესახებ ახალი კანონმდებლობა ამოქმედდება, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის პირობებს. მართალია, ამ ტიპის დაზღვევა რეალურად 1-ლი იანვრიდან მოქმედებს, მაგრამ ხარვეზების გამო მან დამსაქმებლები და სადაზღვევო კომპანიები ძალიან კრიტიკულად განაწყო.

    როგორც ჩანს, კანონმდებლობის ხარვეზი მთავრობამაც გააცნობიერა და უბედური შემთხვევის დაზღვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება 1-ლი სექტემბრიდან შევა.

    აყველაზე მეტი კრიტიკა უკავშირდება სადაზღვევო პაკეტებს, რომლებიც იმდენად დაბალანაზღაურებადია, რომ ოჯახებს რისკებისაგან ვერ აზღვევს, მინიმალური კომპენსაციის გამო კი დაზარალებული ოჯახები შეიძლება, კიდევ უფრო გაღარიბდნენ.

    როგორც სადაზღვევო კომპანიებში განმარტავენ, კომპენსაცია არ არის ღირსეული და ვერ აგვარებს პრობლემას, რის წინაშეც ოჯახი მარჩენალის დაკარგვის შემდეგ შეიძლება, აღმოჩნდეს.

    მაგალითისათვის, კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგში" ამ ეტაპზე დაზღვეულია 1 300 კომპანია და აქედან 90%-ს მინიმალური პაკეტი აქვს შეძენილი, რაც ნიშნავს, რომ უბედური შემთხვევის გამო დაზარალებული ან მისი ოჯახი მიიღებენ ასევე მინიმალურ კომპენსაციას, რომელიც მათ ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს.

    როგორც "ჯიპიაი ჰოლდინგის" ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი ბესიკ ფესტვენიძე აცხადებს, უბედური შემთხვევის დადგომის დროს კანონი, ფაქტობრივად, ვერ მუშაობს. მისი შეფასებით, კანონმა უნდა დააწესოს მინიმალური ზღვარი უბედური შემთხვევისაგან დაზღვევის პაკეტზე, რაც იქნება ღირსეული და აიძულებს კომპანიებს, შეიძინონ ისეთი პაკეტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულს მნიშვნელოვან თანხას აუნაზღაურებს და ოჯახებს გაღარიბებისაგან დაიცავს.

    "დღესდღეობით დაზღვევის თანხის ლიმიტი ცოტა გაურკვეველია და დამოკიდებულია იმაზე, თითოეულ კომპანიას რა პირობები აქვს ბაზრისათვის შეთავაზებული. ერთიანი პირობები არ არსებობს. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული კონსულტაციებში, სამთავრობო გუნდთან ერთად და ევროპული გამოცდილებიდან გამომდინარე, პირობების დაზუსტებასა და გაუმჯობესებას ვითხოვდით. მართალია, გამოთქმული შენიშვნები გაიზიარეს, მაგრამ კანონმდებლობაში ჯერჯერობით არ აისახა.

    რამდენადაც ცნობილია, მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და პირობები საბოლოოდ დაზუსტდება, რათა დამსაქმებელს მინიმალური პაკეტების შეძენის საშუალება არ მიეცეს. ყველა ცდილობს, ხარჯი არ გასწიოს, თანაც ძალიან მცირე თანხაზეა საუბარი. მაგალითად, ერთი საშუალო კომპანია წელიწადში 322 ლარს გვიხდის ყველა თანამშრომლის დაზღვევაზე. როცა შემთხვევა დადგება, 5000 ლარი იმდენად ცოტა თანხაა, რომ უხერხულია, კომპენსაცია დაარქვა. ერთია ტრაგედია, რომ გარდაიცვალა ადამიანი და მეორეა ფაქტი, რომ ოჯახი მარჩენალის გარეშე რჩება და კიდევ უფრო მძიმდება მისი სოციალური მდგომარეობა.

    ჩვენ ვითხოვდით, რომ კომპენსაციამ შეადგინოს მინუმუმ 5-10 წლის ხელფასის ოდენობის თანხა და განისაზღვროს 60 ათასი ლარით, ხოლო ინვალიდობის შემთხვევაში, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანს ხელფასის მიღების შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რაც ღირსეული კომპენსაცია იქნება", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ბესიკ ფესტვენიძე.

    კომპანიების პათოსს იზიარებენ სადაზღვევო ასოციაციაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ კომპანიების მიერ იაფად შეძენილი დაზღვევის პაკეტი სინამდვილეში თითქმის არაფერს ფარავს და ოჯახებს რისკისაგან ვერ იცავს. ამიტომ ერთიანი სტანდარტი დაწესდეს, რომელიც თანხის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს.

    "თავის დროზე მთავრობამ არ მოითხოვა კონკრეტული პროდუქტის აღწერილობა და კანონს არ დაურთო. შესაბამისად, მეწარმეების უმეტესობამ ფორმალურად შეასრულა ეს ვალდებულება, ფაქტობრივად, არაფრის დამფარველი პროდუქტები ძალიან იაფად იყიდეს. წელს რამე უბედური შემთხვევა რომ მოხდეს საწარმოებში, დაზღვევას, თუნდაც ნაყიდი იყოს, ეფექტი არ ექნება.

    მალე მთავრობა დაადგენს, რა შემთხვევაში რა ტიპის დაფარვა უნდა ჰქონდეთ: სიკვდილის, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვის შემთხვევაში და სხვა. ეს ყველაფერი იქნება გაწერილი, გამოვა ნორმატიული აქტის სახით და შემმოწმებელი არა მარტო ნახავს, შეძენილი აქვს თუ არა მეწარმეს დაზღვევა, არამედ გაეცნობა შინაარსსაც, რამდენად შესაბამისობაშია კანონთან. ველდოებით, რომ ხარვეზი გამოსწორდება", - ამბობს ხეჩინაშვილი.

    უბედური შემთხვევის დაზღვევის პაკეტში, ტარიფების გარდა, ყურადღებას იქცევს ბრალეულობასთან დაკავშირებული საკითხიც. ჯანდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, რომ ბრალეულობის ფაქტორი საერთოდ შეიძლება, მოიხსნას.

    ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ადასტურებს, რომ სექტემბრამდე უნდა განისაზღვროს დაზღვევის ლიმიტის ზღვარი, რითაც ბიზნესი დააზღვევს თანამშრომლებს. კვლევა დაწყებულია და გაწერილი იქნება ყველა პირობა, რომლებიც უნდა უზრუნველყოს ბიზნესმა.

    "კანონმდებლობა საბოლოოდ რეალურად მორგებული იქნება საქართველოს პირობებზე, მაგრამ, ამავდროულად, საერთაშორისო ევროპულ პრაქტიკასაც გავითვალისწინებთ. რაც შეეხება ბრალეულობის საკითხს, ფაქტია, რომ ნებისმიერი ასეთი შემთხვევა დამსაქმებლის ან დასაქმებულის დაუდევრობით ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ბრალეულობის გარეშე მიიღოს სარგებელი და ვფიქრობთ, რისკები ამ მიმართულებითაც იქნება დაზღვეული. 1-ლი სექტემბრიდან საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შევა და განისაზღვრება მინიმალური ლიმიტები", - აცხადებს ფერაძე.

    სადაზღვევო ინდუსტრია მოლოდინშია, რომ ხარვეზი გამოსწორდება და მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების მწარმოებლებს უბედური შემთხვევის დაზღვევის ვალდებულება გაუჩნდათ, რაც დაზღვეულებს ღირსეული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

    პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძეც აცხადებს, რომ აუცილებელია ისეთი კომპენსაცია გაიცეს, რომელიც იქნება ადეკვატური და ხელს შეუწყობს მკურნალობის ხარჯის დაფარვასა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენას ოჯახისთვის.

    "მეორე მხრივ, დაზღვევის ლიმიტი არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ ბიზნესს მძიმე ტვირთად დააწვეს. ოქროს შუალედის დაჭერაა აუცილებელი. რამდენადაც ვიცი, გარკვეული შეთანხმება მიღწეულია. ვადა კანონში ამასთან დაკავშირებით განსაზღვრულია. კანონის აღსრულებაზე კონტროლი აქვს შრომის ინსპექციას, ხოლო დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმაც თავიანთი ვალდებულებები უნდა შეასრულონ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ზოიძემ.

    (ბიზნესპრესი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved