სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რა ელოდება ეროვნულ ვალუტას წლის მეორე ნახევარში
    თამარ მუკბანიანი
    26.04.2019

     ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის პროგნოზით, წლის მეორე ნახევრიდან ლარი უნდა გამყარდეს. მსგავსი მოლოდინის საფუძველს ვერ ხედავენ სხვა ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სპეციალისტები. ანალიტიკოსების აზრით, ლარი დოლარის მიმართ 2.70-2.80 შორის იტრიალებს მესამე კვარტალის დასასრულიდან წლის ბოლომდე.

    მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების ერთგვარი ტრადიცია გაზაფხულიდან ლარის გამყარების დაწყება იყო, წელს ეროვნული ვალუტა არც ევროს და არც აშშ დოლარის მიმართ არ გამყარებულა. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი კი ლარის გამყარებას წლის მეორე ნახევრიდან ელოდება. მათი ანალიზით, 2019 წელს, შესაძლოა, დაკრედიტების ზრდის ტემპი შემცირდეს, თუმცა სოლიდური ფისკალური ხარჯი მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორი იქნება.

    ამ პოზიციას არ იზიარებენ საექსპერტო წრეებში. მათი შეხედულებით, ლარის უცვლელი კურსი მხოლოდ მესამე კვარტალის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი წლის ბოლომდე ვარდნას დაიწყებს და 2.70-2.80-იან ნიშნულს შორის იმერყევებს.

    "თიბისი ბანკის" მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარმოადგინა ძირითადი მაჩვენებლების, დინამიკისა და პროგნოზების შესახებ. მიმოხილვის მიხედვით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საგარეო შემოდინებები 2019 წელს ზომიერად ძლიერი იქნება. საერთაშორისო პროგნოზების შესაბამისად, ამ მხრივ წლის მეორე ნახევარი შედარებით მეტი აქტიურობით დახასიათდება. მართალია, დაკრედიტების მხრივ შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა სოლიდური ფისკალური ხარჯი მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორი იქნება. რაც შეეხება გაცვლით კურსს, საბაზო სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია ლარის გამყარება, განსაკუთრებით აშშ დოლარის მიმართ.

    "მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს, შესაძლოა, დაკრედიტების ზრდის ტემპი შემცირდეს, შარშანდელისგან განსხვავებით, 2019 ძლიერი ფისკალური სტიმულის წელი იქნება. რაც შეეხება გაცვლით კურსს, რთულია მისი პროგნოზი, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ვფიქრობთ, საბაზო სცენარით, ლარი გამყარდება და უფრო მეტად დოლარის მიმართ, ვიდრე ევროსი", - აღნიშნა ნადარაიამ.

    განსხვავებულია "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოს ნიკა შენგელიას ხედვა. მისი აზრით, ეროვნული ვალუტა არათუ გამყარდება, ამ ნიშნულზეც ვერ შენარჩუნდება და წლის მეორე ნახევრიდან გაუფასურებას დაიწყებს.

    "დღევანდელი მდგმარეობით, არ არსებობს არავითარი მონაცემი, რომ წლის მეორე ნახევრიდან ლარი გამყარდეს. ამის რესურსს ვერ ვხედავთ. ზუსტი პროგნოზი მაინც ნაადრევი მგონია. მაისის ბოლოდან მეტად იქნება რეალობის დანახვა შესაძლებელი. ჩვენ ვიქრობთ, რომ ნოემბრიდან მივიღებთ 2.70-2.80-იან შუალედს.

    მესამე კვარტალში დაიწყება გაუფასურება. რაც შეეხება მეორე კვარტალს, შედარებით სტაბილური იქნება და, მაქსიმუმ, 2.75-ს მიაღწიოს," - აცხადებს შენგელია.

    ლარის გამყარებას არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ელოდებიან. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ლარის კურისის პროგნოზირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

    "ვერავითარ პროგნოზს ვერ გამოვთქვამთ. შეგვიძლია მხოლოდ წინა წლების ტენდენციიდან გამომდინარე ვისაუბროთ, ანუ იმაზე, რა კანონზომიერებამ იმუშავა აქამდე. პროცესი თუ ანალოგიურად წარიმართა, წელსაც ზაფხულში უნდა ველოდოთ შედარებით გამყარებას, წლის ბოლოს კი, როგორც წესი, გაუფასურებას. საპირისპიროს მკაფიო მტკიცებულება ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს.

    როგორც წესი, არ და ვერ ვამბობთ ვალუტის კურსის კონკრეტულ პროგნოზს, რადგან ამან, შესაძლოა, გარკვეული მოლოდინი შექმნას ბაზარზე, შემდეგ კი პროცესის წარმმართველად იქცეს. რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია, არის ის, რომ საზოგადოებას კარგად ავუხსნათ - ვალუტის კურსის რყევა ნაკლებად შეეხებათ, თუ ვალდებულებებს იმ ვალუტაში აიღებენ, რომელშიც აქვთ შემოსავალი.

    ანალიტიკოსების პროგნოზი საბოლოოდ ძალიან ხშირად არ მართლდება. ვიმეორებ, წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია იმდენ ფაქტორზეა დამოკიდებული, რა ეღირება ლარი ამა თუ იმ ვალუტის მიმართ. ამიტომ რისკი უნდა დავაზღვიოთ," - აღნიშნა "რეზონანსთან" ბაკურაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved