სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    27.04.2019

     სამომხმარებლო სესხების კლება საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარს დაეტყო. ყველა დასახელების ტექნიკის იმპორტიც და რეალიზაციაც შემცირებულია. ოფიაციალური სტატისტიკით, იმპორტმა ამ მიმართულებით 2019 წლის პირველ კვარტალში 20%-იანი კლება განიცადა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მართალია, ამაზე განვადებასთან დაკავშირებით შეზღუდვამ იმოქმედა, მაგრამ სპეციალისტების შეფასებით, ეს არ შეძლება ბაზრისთვის ნაგატიურ ფაქტორად შეფასდეს, რადგან საბოლოო ჯამში, მოსახლეობას ამით სასესხო ტვირთი შეუმსუბუქდება.

    კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 43,8 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა შემოვიდა. ცალკეული დასახელების პროდუქტიდან შემცირებულია სარეცხი მანქანების, გაზქურების, ტელევიზორების, მობილური ტელეფონების და სხვა ტექნიკის იმპორტი.

    იმის გამო, რომ ბაზარზე რეალიზებული ტექნიკის დიდი ნაწილი იმპორტულია, აღნიშნული კლება, შესაძლოა, ბაზრის შემცირებაზე მიანიშნებდეს.

    სავაჭრო სექტორის წარმომადგენლები იმპორტის კლებას უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ საბანკო რეგულაციების გამო სერიოზული დანაკარგი განიცადეს. თუმცა ფინანსისტები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ საგარეო სავაჭრო ბალანსზე იმპორტს კლება დადებითად აისახება და ქვეყნის ეკონომიკაზეც კარგად იმოქმედებს.

    ასე ფიქრობს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, რომლის შეფასებითაც, გაყდვების შემცირება არ ფიქსირდება იმ დონეზე, რომ მან მაღაზიებს პრობლემა შეუქმნას.

    "ტექნიკის რეალიზაციის კლებას მხოლოდ საბანკო რეგულაციებს ვერ დავაბრალებთ. მართალია, სამომხმარებლო სესხების მოცულობა ბოლო პერიოდის განმავლობაში შემცირებულია, მაგრამ იანვარ-თებერვალში გარკვეული ზრდაც შეინიშნებოდა. ცხადია, რეგულაციები სამომხმარებლო სესხებს შემცირებისკენ მიმართული გამიზნული ქმედებაა და ეს სწორიცაა. სავაჭრო ბალანსს თუ შევხედავთ, ყველაზე უარყოფითი ფაქტორი იმპორტის მაღალი დონეა და ეს შეიძლება სამომავლოდ ცოტათი დაბალანსდეს კიდეც. ამ თვალსაზრისით, ტექნიკის იმპორტის შემცირება ტრაგედია ნამდვილად არ არის", - ამბობს ბაირახტარი და დასძენს, რომ ტექნიკის მაღაზიების გარკვეულ ნაწილს პრობლემა ისედაც ჰქონდა და ამ მხრივ რეგულაციების გავლენა ერთადერთი უარყოფითი ფაქტორი არ ყოფილა.

    "მუდმივად ვისმენთ, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციამ მაღაზიებს პრობლემა შეუქმნა, მაგრამ მთლად ასე არაა. ერთ-ერთ ცნობილ ქსელში არსებულ მდგომარეობაზე თუ ვსაუბრობთ, მას სხვა მნიშვნელოვანი პრობლემაც ჰქონდა, თუმცა, განვადებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ ეს პროცესი დააჩქარა. მთლიანობაში, გაყიდვები ნამდვილად შემცირებულია და ასეც უნდა ყოფილიყო. თუმცა შორს ვარ აზრისგან, რომ ამან კრიზისი გამოიწვია. ეკონომიკურ ჭრილში თუ განვიხილავთ, რეგულაცებს პოზიტიური შედეგი ახლავს, რადგან ბანკები სესხების ძირითადი ნაწილი ბიზნესის დაკრედიტებისკენ მიმართავენ. შეიძლება, ამან დროის რაღაც პერიოდში პრობლემა გამოიწვია, მაგრამ გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკისთვის პოზიტიური ეფექტი აქვს", - განუცხადა "რეზონანსს" პაატა ბაირახტარმა.

    ფინანსისტის პოზიცია მიუღებელია სავაჭრო სექტორის წარმომადგენელთათვის. ისინი მიიჩნევენ, რომ პრობლემა სწორედ საბანკო რეგულაციების გამო აქვთ, რადგან კლიენტებს განვადებები არ უმტკიცდებათ.

    მართალია, ზოგიერთ ქსელში შიდა განვადებების შემოღებაზეც დაიწყეს ფიქრი, მაგრამ რეალურად ეს იდეა ვერ განხორციელდა. "ტექნო ბუმის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ შიდა განვადება დიდ რესურსს მოითხოვს და კომპანიების უმეტესობას დღეს ამის შესაძლებლობა არ აქვს.

    "საბანკო რეგულაციებმა საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩაგვაყენა. მძიმე პერიოდს გავდივართ, რადგან რეალიზაცია, წინა წლიდან მოყოლებული, შეგვიმცირდა და ეს ტენდენცია გრძელდება. შიდა განვადებაზე ამ ეტაპზეც ვფიქრობთ, მაგრამ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს. შესაბამისად, ტექნიკის რეალიზაცია თითქმის განახევრებულია. ვცდლობთ, ინტერნეტ-გაყიდვები უფრო მეტად გავაფართოვოთ და გავააქტუროთ, რაც მდგომარეობას სასიკეთოდ შეცვლის. ვიმედოვნებთ, რომ პრობლემა დაიძლევა", - ამბობს ანზორ ქოქოლაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×