სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ საერთაშორისო ბაზრებზე არასტაბილურობა გამოიწვია
    მარი ჩიტაია
    30.04.2019

     უცხოურ ბაზრებზე ნავთობის ფასმა ცოტათი დაიკლო, თუმცა ჯერჯერობით კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნედლი ნავთობის ღირებულებამ 57 დოლარიდან 72 დოლარამდე მოიმატა. სულ ცოტა ხნის წინ ეს მაჩვენებელი 75 დოლარს აღწევდა. ფასზე გარკვეული გავლენა ირანის ფაქტორმა მოახდინა, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობამ, რამაც ბაზარზე არასტაბილურობა გამოიწვია.

    თეირანის მუქარამ, რომ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს, ნავთობის ფასებზე საგრძნობლად იმოქმედა. ანალიტიკოსების შეფასებით, ირანმა ეს ნაბიჯი რომ გადადგას, ნავთობპროდუქტების გაძვირება გარდაუვალია.

    უცხოურ ბაზრებზე ტენდენცია ისედაც არასახარბიელო იყო. გაჩნდა მოლოდინი, რომ ფასი 80 დოლარს მიაღწევდა, თუმცა ვითარება მცირედით შეიცვალა და, გაძვირების ნაცვლად, ნავთობი 3 დოლარით გაიაფდა.

    საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აგრძელებს ნავთობის ბაზრის მონიტორინგსა და კონსულტაციებს ოპეკ-ის წევრ ქვეყნებთან, მსხვილ მწარმოებლებთან და ასევე მომხმარებლებთან ურთიერთობას. იგი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოს, რათა ბაზარი საკმარისი ნავთობით უზრუნველყოს. ორგანიზაციის ცნობით, ირანიდან აპრილში, მარტთან შედარებით, ნავთობის ექსპორტი შემცირდა 300 ათასი ბარელით დღე-ღამეში, ანუ 1,1 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.

    რაც შეეხება ოპეკ-ის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანას - საუდის არაბეთს, მარტში ყოველდღიური მოპოვება შემცირდა 9,8 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში. ეს 1 მილიონით უფრო ნაკლებია 2018 წლის ნოემბერთან შედარებით.

    როგორც ცნობილია, 2 მაისს იმ ქვეყნებს, რომელთაც ამერიკამ ირანიდან ნავთობის იმპორტზე დროებითი შეღავათები დაუწესა და სასანქციო სიაში არ მოაქცია, ირანული ნავთობის ყიდვის ვადა ეწურებათ. დონალდ ტრამპმა, უკვე ოფიციალური ანგარიშის თანახმად, გადაწყვიტა, ირანის ნავთობის იმპორტიორ რამდენიმე ქვეყანაზე დაშვებული გამონაკლისი აღარ გაახანგრძლივოს.

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განმარტებით, ვაშინგტონი იქამდე გაზრდის ზეწოლას და შემოიღებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ, სანამ მას მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასვამს.

    ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თეირანი მსგავსი მუქარით გამოდის, ჯერ კიდევ დეკემბერში ირანის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ირანის ნავთობის ექსპორტს დაბლოკავდა, სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტირება საერთოდ არ მოხდებოდა.

    ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე არასტაბილურობაა, რის გამოც ფასთან დაკავშირებით პროგნოზის კეთება რეალურად წარმოუდგენელია და ვითარება შეიძლება, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. მათი განცხადებით, ირანის მუქარის გარდა, არის კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე უარყოფითად მოქმედებს.

    ბიზნესის ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი აღნიშნავს, რომ ირანის იზოლაცია და ნავთობის ფასის მატება პოზიტიურად აისახება აშშ-ის ფიქალის ნავთობის მწარმოებლებზე. მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა გამონაკლისების გაუქმების შესახებ, კომპანიებმა ტეხასში, ოკლაჰომასა და კალიფორნიაში მილიარდიანი სარგებელი მიიღეს.

    "ახლო აღმოსავლეთიდან ნედლი ნავთობის მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე ჰორმუზის სრუტის საშუალებით ხდება. ამ სრუტეს აკონტროლებს ირანი და მისი მუქარა პრაქტიკულად უნდა გავიგოთ, როგორც მიწოდების შემცირება. ჯერჯერობით ეს მაინც მუქარაა და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თეირანი ამ ნაბიჯს გადადგამს, რადგან ამით ნავთობის ფასი კატასტროფულად მოიმატებს. რა მაჩვენებლით შეიძლება გაძვირდეს, ამის პროგნოზს რეალურად ვერავინ გააკეთებს. ნებისმიერი ასეთი განცხადება მოქმედებს ფასზეც და ეს გამოჩნდა კიდეც - ირანთან დაკავშირებული ვითარების გამო ნავთობი საგრძნობლად გაძვირდა, თუმცა ბოლო დღეებში ფასმა გეზი კლებისკენ აიღო.

    გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ვენესუალასა და ლიბიასთან დაკავშირებული პრობლემაც აისახება ფასზე. მთლიანობაში, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს, რომ ნავთობის ფასი ბოლო პერიოდში არასტაბილურია. მთავარია, მწარმოებლებმა ირანის ნავთობის კომპენსირება მოახდინონ. უახლოეს პერიოდში საფასო დინამიკა გამოჩნდება გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

    ოპეკ-ის წევრი ქვეყნების შემდგომი შეკრება ივნისში იგეგმება. საუდის არაბეთი აპირებს მოპოვების გაზრდას. მიუხედავად ამისა, ვენესუელაზე დაწესებული სანქციების გამო, ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ მიწოდება არაადეკვატური იქნება, რაც შესაბამისად გამორიცხავს ფასების მნიშვნელოვან კლებას უახლოეს მომავალში", - აღნიშნავს ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი.

    რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საწვავის ფასი გაიზარდა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 7-10 თეთრით ერთ ლიტრზე. განსაკუთრებით ასეთი ტენდენცია გამოიკვეთა აპრილის დასაწყისიდან.

    "წინასწარ პროგნოზი რთულია, თუმცა ესკალაცია ყოველთვის არის მაპროვოცირებელი, რომ ნავთობის ფასი სწრაფად მატულობს. პროცესი დროში თუ გაიწელება, არაფერია გამორიცხული, მაგრამ ტრენდი შეიძლება შეიცვალოს, რისი მოწმეც სულ ახლახან გავხდით. მოლოდინის მიუხედავად, რომ ფასები გაიზრდებოდა, პირიქით მოხდა და გეზი მან კლებისკენ აიღო.

    ჩვენ არაერთხელ ვართ მოწმე, როცა გეოპოლიტიკური პროცესების გამო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, ნავთობის ფასი არაპროგნოზირებად და მაღალ მაჩვენებლებს აღწევს. დაძაბულობა სახეზეა, რამაც ფასების მატება გამოიწვია. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ბოლო 2 კვირაში ფასები საქართველოშიც საშუალოდ 7-10 თეთრით არის გაზრდილი, ფასის ზრდა ყველა ოპერატორ კომპანიას - როგორც ბრენდირებულს, ისე არაბრენდირებულს, შეეხო.

    ეს გამოწვეულია იმით, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის მომატებული ფასი "პლატცის" მიხედვით როგორც ბენზინის, ასევე დიზელის შემთხვევაში. როგორი იქნება საბოლოოდ ადგილობრივი ბაზრისთვის გლობალური პროცესის გავლენა, ვარაუდი ჯერჯერობით მიჭირს", - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

    (ბიზნესბრესი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved