სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ეს არის შედეგი იმისა, რომ არავინ აკონტროლებს ამ ქვეყნაში არც ფასს და არც მუშაობის ხარისხს"
    თამარ მუკბანიანი
    30.04.2019

     წლიდან წლამდე დღესასწაულებზე მოსახლეობის ხარჯი იზრდება. წელს, სააღდგომო სუფრა საშუალოდ 100 ლარით მეტი დაჯდა, ვიდრე შარშან. მოქალაქეები ამბობენ, რომ ყველა დღესასწაულზე ფასები უფრო და უფრო მატულობს, ცხოვრება გაძვირდა, ხელფასები კი უცვლელი დარჩა.

    დღესასწაულები საქართველოში დიდწილად გასტრონომიასთანაა დაკავშირებული. ქართული ტრადიცული სუფრის ყველა კომპონენტი და ნაირსახეობა, როგორც წესი, ამ დროსაა დემონსტრირებული ოჯახებში. ის ფაქტი, რომ აღდგომის მეორე დღეს, დიდ ორშაბათს საფლავზე გასვლის ტრადიცია არსებობს, საკვების ხარჯს, ფაქტობრივად, აორმაგებს.

    აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. გარდა იმისა, რომ ყველა ოჯახში სამზადისია და გაძვირებულ სურსათთან გამკლავება უწევთ, ამას ემატება სხვადასხვა დამატებითი ხარჯი იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ქალაქგარეთ გამგზავრება აუცილებელია. გაძვირებული საწვავის გარდა, მათ, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრა, მძღოლები ერთიორად გაზრდილ თანხას სთხოვდნენ.

    მართალია, თვალსა და ხელს შუა მომატებულმა ფასებმა ზოგს ყველაფრის ხალისი დაუკარგა, მაგრამ უმეტესობამ მაინც მოახერხა, სააღდგომო სუფრა განსხვავებული ჰქონოდა. ცხადია, დავინტერესდით, სააღდგომო სუფრა წელს რამდენად გაძვირდა. ყველასათვის ცნობილია, რომ განსაკუთრებით ბოლო 2 თვეში სამომხმარებლო ბაზარზე დიდი სიძვირეა.

    ამჟამად სოფლის კვერცხი 40-50 თეთრი ღირს, ხოლო ქარხნული კვერცხის მინიმალური ფასი სულ რამდენიმე კვირის წინ თუ 20-22 თეთრი იყო, ახლა 26 თეთრზე ნაკლებად მისი ყიდვა შეუძლებელია, მაქსიმალური ფასი კი 38 თეთრს აღწევს. გაძვირებულია საქონლის ხორცი. თუ წლის ანალოგიურ პერიოდში ფასი 14 ლარს შეადგენდა, ახლა მისი ყიდვა 16 ლარზე ნაკლებად შეუძლებელია. ცხვრის ხორცი 16-17 ლარიდან 20 ლარამდე გაძვირდა.

    ფასი მომატებულია რძის ნაწარმის ყველა სახეობაზე. გასული წლის ბოლოდან დაიწყო პურისა და ფქვილის ფასის მატებაც, რამაც ყველა პურპროდუქტი გააძვირდა. ნებისმიერი სახის ბოსტნეულის ღირებულება 0,5-1 ლარით გაიზარდა.

    თუ, ვთქვათ, ერთი კილოგრამი ხახვი, ბოლოკი ან ქინძი 2-3 ლარი ღირდა, წინასააღდგომო დღეებში 4 ლარზე ნაკლებად ვერსად იყიდიდით. სტაფილო - 2 ლარი, ბადრიჯანი - 4 ლარი, კომბოსტო - 2 ლარი, ხოლო კარტოფილი 1,5 ლარი ღირს.

    აყველაზე დიდი ეკონომიის შემთხვევაშიც კი, ოჯახებს, მინიმუმ, 100 ლარით მეტი ხარჯის გაწევა უწევდათ. ტენდენცია 2014 წლის შემდეგ შეუქცევადად მატებისკენაა. სწორედ 2013 წლის დღესასწაულები იყო ერთადერთი გამონაკლისი, როცა წინა წლებთან შედარებით, ფასებმა იკლო და 2007 წლის ნიშნულამდე დავიდა.

    გვანცა იობიძე წყალტუბოს რაიონიდანაა. იგი ამბობს, რომ ყველა გაძვირება გადაფარა ტრანსპორტის ფასმა. "მარშრუტკები", რომელთა ბილეთის ფასი 10 ლარს არ აჭარბებს, 20 ლარსაც კი ითხოვდნენ.

    "სააღდგომოდ რომ ფასი ასე თუ ისე იმატებს, რაღაცნაირად შევეჩვიეთ კიდეც, მაგრამ რაც წელს დიდუბის ავტოსადგურზე ხდებოდა, უნამუსობა და ამათან უკონტროლობაა. ქუთაისი-თბილისის მიკროავტობუსის ღირებულება 10 ლარია. სწორედ ამ ტრანსპორტით ვსარგებლობ ხოლმე, როცა შინ, წყალტუბოში მივდივარ. წითელი პარასკევიდან მოყოლებული, "ოკრიბაში" მძღოლები 20-25 ლარსაც კი მისახელებდნენ მგზავრობის ფასს. ბოლოს ერთ-ერთმა 15 ლარი რომ მითხრა, სიხარულით ჩავჯექი. არ ვიცი, წამოსვლისასაც იგივე იქნება თუ არა, მაგრამ ეს არის შედეგი იმისა, რომ არავინ აკონტროლებს ამ ქვეყნაში არც ფასს და არც მუშაობის ხარისხს", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" გვანცა იობიძემ.

    გარდა საკვები პროდუქტებისა, ქვეყანაში გაზრდილია მომსახურების ტარიფებიც და რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ კვლავ მატების ტენდენცია აქვს საწვავის ფასსაც. ამ ყველაფერმა კი, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია მომხმარებლის ბიუჯეტზე.

    სურსათის მნიშვნელოვან გაძვირებაზე საუბრობს "ბიზნეს-რეზონანსთან" თამრიკო გოგოხია. მისი თქმით, სააღდგომო ხარჯი დაახლოებით 250 ლარით გაეზარდა.

    "უკვე მეცინება ხოლმე... ყოველ დღესასწალზე ვამბობ, რომ ასეთი სიძვირე არ ყოფილა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აღქმა. როცა ვითვლი, შარშან რა დამიჯდა და წელს რა მიჯდება, ცუდად ვხდები. სამეგრელოდან ვარ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც ყოველთვის იქ ვატარებ, შესაბამისად, ტრანსპორტირების ხარჯიც მემატება.

    მოგეხსენებათ, დასავლეთში სუფრისა და მიცვალებულის პატივისცემის ტრადიციაც განსხვავებულია. კვირას რომ ნორმალური სუფრა გვქონოდა და ისე გავიხსნილეთ, ორშაბათს კი - კარგი საკურთხი, 250 ლარით მეტი დავხარჯე ჯამურად ყველაფერში. მიუხედავად ამისა, ისეთი სუფრა მაინც არ მქონდა, როგორიც შარშან. ეს არის ფაქტი და არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე ან როდემდე უნდა გავუძლოთ იმ ფონზე, როცა შემოსავალი არ იზრდება", - აღნიშნა თამრიკო გოგოხიამ.

    სადღესასწაულო გაძვირების შედეგ, როგორც წესი, ფასებს კლების ტენდენცია აქვს, თუმცა პირვანდელ ნიშნულს მაინც არ უბრუნდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved