სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მშობლების დანატოვარი სიმდიდრე გვეხმარება, მაგრამ ვერაფერს შევმატებთ, გვექნება აბსოლუტური ჩამორჩენა"
    მარი ჩიტაია
    30.04.2019

     საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობას საერთოდ არ ეტყობა. ოფიციალური სტატისტიკითა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევითაც, მშპ-ის ზრდა ფიქსირდება, მაგრამ მისი გავლენა ხალხზე არ იგრძნობა. 5%-იანი ზრდის პირობებში დაგვჭირდება დაახლოებით 14 წელი, რომ გავიდეთ ევროპის საშუალო განვითარების ქვეყნის დონეზე.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის არსებული დონის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაახლოებით 15 წელიწადში მიაღწიოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ახლანდელ დონეს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან ცხოვრების დონე გაცილებით მეტი ხნით გვაშორებს. კონკრეტულად რამდენით, ამაზე სპეციალისტებს პასუხის გაცემა უჭირთ, რადგან ცხოვრების ხარისხი, მათი შეფასებით, იზომება არა მხოლოდ მიმდინარე შემოსავლებით, არამედ - დაგროვილი ქონებითაც, რა მაჩვენებლითაც ქვეყანაში საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის.

    სსფ-ის ანგარიშით, მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლები თითქმის თანაბარია, თუმცა, ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, მიზნობრივ მაჩვენებლამდე საქართველოს 15 წელი აშორებს, სომხეთს - 20 წელი, აზერბაიჯანს კი, თითქმის 50 წელი.

    აყველაზე ახლოს საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან ყაზახეთი და თურქმენეთი არიან, რომლებსაც მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა 10 წლამდე პერიოდში შეუძლიათ.

    სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის მშპ-ის ზრდის ტემპი უნდა გვქონდეს გაცილებით მაღალი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს აქვთ.

    "კეთილდღეობა მარტო ეკონომიკური ზრდის ტემპით არ იზომება. გასათვალისწინებელია ყველაფერი კომპლექსურად - გარემო პირობები, ეკოლოგია, უსაფრთხოება, მომავლის იმედი და სხვა. მატერიალური და არამატერიალური პირობები ერთად ადგენენ ისეთი ინდიკატორის შინაარსს, როგორიცაა ცხოვრების ხარისხი. არა მხოლოდ მშპ, ბევრი კომპონეტიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

    მშპ-ის თითო პროცენტით ზრდის შემთხვევაში, ჩვენი ჩამორჩენის დაძლევის მასშტაბი იქნება უფრო მაღალი. 5%-იანი ზრდის პირობებში დაგვჭირდება დაახლოებით 14 წელი, რომ ევროპის საშუალო ქვეყნის დონეზე გავიდეთ. ცხოვრების ხარისხი იზომება არა მხოლოდ მიმდინარე შემოსავლებით, არამედ - დაგროვილი ქონებითაც. აშშ-ს რომ შევადაროთ, იქ შემოსავლები მაღალია, მაგრამ დიდი ნაწილი მიდის ბინების იჯარაში ან სესხით შეძენილი ქონების დაფარვაში. ამერიკელების 65%, ანუ 2/3 ცხოვრობს ქირით ან ისეთ ბინებში, რომლებიც მათ საკუთრებაში ჯერ კიდევ არ აქვთ მიმდინარე სესხის გამო.

    ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა, საკუთრების კუთხით თუ შევაფასებთ, მთლად უიმედო არ არის. ჩვენ წინაპრების შრომის ხარჯზე შექმნილი დოვლათი გვაქვს მამაპაპისეული სახლების სახით და თუ მიმდინარე შემოსავლებით რაღაცას შევმატებთ, სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ჩამორჩენა არც ისე ფატალურია და უიმედო. ოპტიმიზმითაც უნდა შევხედოთ ჩვენს მდგომარეობას და ჩამორჩენა დავძლიოთ ეკონომიკური ზრდით და აქ სხვა პანაცეა, ჩანაცვლების თვალსაზრისით, არ არსებობს. შეგვიძლია ვისარგებლოთ მშობლების დანატოვარი სიმდიდრით, მაგრამ დოვლათს თუ არ დავამატებთ, გვექნება აბსოლუტური ჩამორჩენა", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" არჩვაძე.

     მისი შეფასებით, დიდი ვარდნის მიუხედავად, ტექნოლოგიური სიახლეებით საქართველო ახერხებს იმდენს, რომ ტექნიკური მიღწევების გამზიარებელი გახდეს, თუმცა ეს, ძირითადად, ციფრულ ტექნიკას ეხება. ეკონომიკაში არის ბევრი დარგი, რომლებიც ტექნოლოგიურ პროგრესს ჩამორჩება.

    "ევროპის ყველაზე სუსტი რგოლი - ბულგარეთი რომ ავიღოთ, ამ ქვეყანასთან ჩამორჩენა დაახლოებით 13-14 წელია, ესეც იმ შემთხვევაში, ამ ტემპით თუ წავალთ წინ, მაგრამ ბულგარეთიც ხომ დღევანდელ დონეზე ვერ გაჩერდება. ჩვენ გვინდა ბულგარეთზე გაცილებით მაღალი, საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე 1,5-2-ჯერ მაღალი ტემპი.

    აღსანიშნავია აგრეთვე, რომ შერეულ ფორმატში ვართ ჩამორჩენის მხრივ. მაგალითად, ინფორმაციული ტექნოლოგიებით, ციფრულ ტექნიკაზე მიწვდომით ისეთსავე დონეზე ვართ, როგორიც სხვა მოწინავე ქვეყნებში არიან. ინფორმაციული ტექნოლოგიებით წინ ვართ წასული, აქ ჩამორჩენაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ სხვაობა შემოსავლებში. დავუშვათ, ევროპულ ახალგაზრდებს რამდენად აქვთ ქვეყნებში მოგზაურობის საშუალება, შესაბამისი პრაქტიკული შესაძლებლობა და ამ მხრივ ჩვენს მოქალაქეებს რა საშუალება მოეპოვებათ, რამდენად იკმაყოფილებენ ისინი მოთხოვნილებებს.

    როგორც "ყველა გზა რომში", ისე მივდივართ მშპ-ის აბსოლუტურ მოცულობასა და მის განაწილებაზე. როგორი გაჭირვებაც არ უნდა ჰქონდეს ოჯახს, დღეს ქართველი ახალგაზრდა არ დაიკავებს ისეთ მობილურ ტელეფონს, როგორიც 90-იანი წლების ბოლოს ჰოლივუდის ვარსკვლავებს ჰქონდათ. ტექნიკური პროგრესი გლობალიზაციის ნაწილია და არც ჩვენ ჩამოვრჩებით.

    მეორე მხრივ, შრომის წარმოებას თუ გადავხედავთ, ტექნოლოგიები აგრარულ სექტორში გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ მოხმარების მხრივ ჩვენი მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა. ბოლო მონაცემის მიხედვით, 1,6 მლრდ ფულადი გზავნილი შემოდის ქვეყანაში და ეს ემსახურება სწორედ მიმდინარე მოთხოვნილებების უფრო მაღალ დონეზე დაკმაყოფილებას", - ამბობს სტატისტიკოსი.

    ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზრდის გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

    "ქვეყნის ეკონიმიკა და მოსახლეობა დღეს სხვადასხვა გზით მიდიან. ამიტომაა, რომ მშპ-ის ზრდა სოციალური ფონის გაუმჯობესებას ვერ განაპირობებს. ეს პროცესები ხალხის შემოსავლებზე ასე სწრაფად არ აისახება. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სიკეთე შეიძლება იგრძნონ რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერჯერობით ეს შეუძლებელია.

    ალბათ, 2020 წლის შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდება მოსახლეობისთვის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური გავლენა. რაც შეიძლება ამ მხრივ მოქმედებდეს სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ საქართველო ამ რეალობაში დღესდღეობით არ იმყოფება.

    მარტივი საქმე არ არის, როცა სოციალურ შემწეობას ნახევარი მილიონი ადამიანი იღებს. კარგია, რომ სახელმწიფო ეხმარება საკუთარ მოქალაქეებს, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი საჭიროება არ იდგეს. წარმოების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენ გვინდა რეალური სამუშაო ადგილები და არა - პოპულიზმი, რითაც ქვეყანა ვერასდროს წავა შორს", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჯგერენაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved