სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მზღვეველები პარლამენტს ელოდებიან, სადაც ამ საკითხის განხილვის ვადა ჩანიშნულიც კი არ არის
    მარი ჩიტაია
    14.05.2019

     ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის ვადა, შეიძლება გადაიწიოს. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილებისთვის მზად არიან, მაგრამ პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ არჩევნების გამო შეყოვნდნენ და ჯერჯერობით ამ საკითხის განხილვის ვადა ჩანიშნულიც არ არის. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ ეს პროცესი გაჭიანურდეს.წესით, ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა ძალაში 1-ლი ივლისიდან უნდა შევიდეს, მაგრამ საამისო არაფერი ეტყობა. 

    დაზღვევის მიმართ საზოგადოების ინტერესი კი თანდათან იზრდება, ამას მოწმობს ისიც, რომ დაზღვეული მანქანების რაოდენობა მატულობს, თუმცა ბაზარი განვითარებას მხოლოდ ახლა იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთ წელიწადში დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 8,3%-ით გაიზარდა, რეალურად დაზღვეული მანქანების წილი მთლიან ავტოპარკში არის ძალიან მცირე. კერძოდ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული. გასულ წელს ავტომანქანის დაზღვევის 75 863 პოლისია გაცემული, რაც 2017 წელთან შედარებით 5 821 პოლისით მეტია.

    პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრის გელა მიქაძის ინფორმაციით, საპარლამენტო განხილვები არჩევნების შემდეგ გაიმართება, რის შესახებაც გადაწყვეტილებას პარლამენტი მომდევნო კვირას მიიღებს.

    "არჩევნებს ველოდებით, რის შემდეგაც პარლამენტი ავტოდაზღვევბის საკითხს განიხილავს. ვერ გეტყვით, ვადებთან დაკავშირებით რა შეიძლება შეიცვალოს, ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ გვაქვს. სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გვეცოდინება. ამ ეტაპზე არჩევნების გარდა, სხვა შემაფერხებელი გარემოება არ არის", - განუცხადა "რეზონანსს" დეპუტატმა. 

    სავალდებულოი ავტოდაზღვევა გახლდათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც რამდენიმე თვის წინ თბილისში გამართულ დაზღვევის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს.

    "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე აცხადებდა, რომ სავალდებულო სამოქალაქო დაზღვევა მოქალაქეებს შესაძლებლობას იძლევა რისკები მინიმალურად შეამცირონ და ნებისმიერ პრობლემას იოლად გაუმკლავდნენ. 

    "ბაზარი ბოლო წლებში, საკმაოდ სტაბილურად ვითარდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის მაინც შეზღუდვებია. მაგალითისთვის, საქართველოში რეგისტრირებული 1,3 მილიონი მანქანიდან სულ 70 ათასია დაზღვეული, რაც მიუთითებს, რომ დიდი პოტენციალია ბაზარზე, მაგრამ მომხმარებლისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება არის საჭირო. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკაში ძალიან მცირე წილი უჭირავს დაზღვევას, მაგრამ ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს. სადაზღვევო ინდუსტრიას სწორი განვითარების პირობებში თავისუფლად შეუძლია რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმება", - განაცხადა ლომაძემ.

    გადაიწევს თუ არა სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღების ვადა, უცნობია სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილისთვისაც. მისი თქმით, ინდუსტრია ცვლილებისთვის მზადაა, მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდება.

    "საქართველოში ავტომობილის სავალდებულო სამოქალაქო დაზღვევა შემოდის და მაღალი ინტერესიც ამით არის გამოწვეული. ცვლილება აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების თვალსაზრისით. გაჩნდა რეალური იმედი, რომ სადაზღვევო ურთიერთობები განვითარდება, მეტი და მეტი ხალხი შევა სადაზღვევო კომუნიკაციებში და ისწავლის დაზღვევით სარგებლობას. 

    მთლიანად პარლამენტის გადაწყვეტილებაზე ვართ დამოკიდებული. ჯერ არ ვიცით, ამ საკითხს როდის განიხილავენ, ფაქტია, რომ არჩევნებს ელოდებიან. დიდი ინტერესით ველოდებით, რომ დროულად იქნას ზომები მიღებული და დაანონსებული ვადა არ დაირღვეს. 15 წლის თავზე, როგორც იქნა სავალდებულო დაზღვევის ამბავი დაიძრა საქართველოში, ანუ მთავრობამ დაინახა, როგორც მთელმა მსოფლიომ, რომ ამით შეიძლება იმ რისკების მართვა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ახლა მთავარია კანონმდებლობა, რეალობის ადეკვატური გახდეს. ჩვენს კულტურასა და ტრადიციაში დაზღვევა არ ზის, წინაპრებისგან არ გვისწავლია, ამიტომ სიახლის მისაღებად მოთმინება გვმართებს. 

    ცხადია, არსებობს ობიექტური მიზეზიც, დაზღვევა რთული, არატრადიციული პროდუქტია და სჭირდება ლოკომოტივი, რომელიც აქამდე საქართველოში ფაქტობრივად არ იყო, ახლა იწყება, მათ შორის სავალდებულო დაზღვევით სუბსიდირებული პროგრამები და სხვა. მოთმინება გვინდა და უნდა გვესმოდეს, რომ სადღაც 4-5 წელიწადი დაგვჭირდება, რომ ეს სიტუაცია დალაგდეს და ბაზარი განვითარდეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" დევი ხეჩინაშვილმა.

    რაც შეეხება ავტოდაზღვევის ტარიფებს, იგი კომპანიების მიხედვით სხვადასხვა იქნება, თუმცა დაზღვევის დროს ყურადღება ისეთ საკითხებზე მახვილდება, როგორებიცაა: ავტომობილის საბაზრო ღირებულება, მანქანის გამოშვების თარიღი, მძღოლის მართვის გამოცდილება, ავტომობილის კლასი (სპორტული მანქანები მაღალი რისკის მატარებლებლად მიიჩნევიან და შესაბამისად, მათი დაზღვევა უფრო ძვირი ჯდება), ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. თუ მძღოლი იშვიათად ახდენს ავარიებს, მისი მანქანის დაზღვევა უფრო იაფი ეღირება, ვიდრე იმ ადამიანის, რომელსაც ხშირად მოსდის ავტოსაგზაო შემთხვევა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved