სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პენსიონერები იძულებული არიან სესხი აიღონ მხოლოდ ერთი ბანკის მიერ შეთავაზებული კაბალური პირობით
    მარიკა გოგოხია
    10.06.2019

     საქართველოში სოციალურად მოწყვლადი ფენა - პენსიონერები, სოციალურად დაუცველი პირები და დევნილები "ლიბერთი ბანკის" მძარცველური პოლიტიკის გამო ზარალდებიან. იმის გამო, რომ მათ ექსკლუზიურად ერთი ბანკი ემსახურება, სესხების აღება კაბალური პირობებით უწევთ. საბოლოო ჯამში, ბანკის მოგება მატულობს, ხოლო ადამიანები კიდევ უფრო ღატაკდებიან. 

    ფინანსურ და პოლიტიკურ წრეებში ხშირად არის პროტესტი, რომ „ლიბერთი ბანკი“, ძირითადად, პენსიონერების ძარცვაზეა გადასული და სწორედ მათ ხარჯზე ახერხებს მაღალი მოგების მიღებას. ალბათ, აქედან მომდინარეობს ის ფაქტიც, რომ ბანკი არ ასაჯაროებს ინფორმაციას თუ რამდენი პენსიონერი სარგებლობს საპენსიო სესხით და რა პირობებით ხდება პენსიის წინასწარ აღება.

    აღსანიშნავია, რომ მომგებიანი ბანკების რეიტინგში "ლიბერთი ბანკი" მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ 2018 წლის საანგარიშო პერიოდში 52 მილიონ ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 917 მილიონ 721 ათას 344 ლარი იყო.

    საპენსიო სესხებთან დაკავშირებით კვლევები ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ჩაატარა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე ამბობს, ბანკისგან საპენსიო სესხენთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მიიღო. იმის დასადგენად, თუ რამდენი პენსიონერი და დევნილი სარგებლობს სესხით, "ლიბერთის" რამდენიმე თვის წინ "ბიზნეს-რეზონანსმაც" მიმართა, თუმცა კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.  

    სულ ახლახან კი საპენიო სესხებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და მასშტაბური აქციები დაანონსა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ. მისი ინფორმაციით, 400 ათას პენსიონერს აღებული აქვს პენსიით უზრუნველყოფილი კრედიტი. პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოში დღეს კატასტროფული ეკონომიკური სიტუაციაა და ეს ვითარება აისახება ყველაზე მეტად დაუცველ კატეგორიებზე პენსიონერებზე, რომლებსაც "ლიბერთი ბანკი" ძარცვავს.

    "უმძიმესი ეკონომიკური სიტუაციაა აისახება ყველაზე მეტად დაუცველ კატეგორიებზე პენსიონერებზე და ბავშვებზე. როდესაც ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება გეგონება პენსიონერები ან პენსიის გაცემა ხელისუფლების ან საზოგადეობის კეთილი ნებააა. 

    400 ათას პენსიონერს აქვს აღებული პენსიით უზრუნველყოფილი სესხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისედაც მწირი პენსია პენსიონერს არც სურსათზე ჰყოფნის, არც - მედიკამენტებზე და არც ის დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში, ძალიან ბევრ პატარა ქალაქებსა და სოფლებში პენსიონერების პენსიაზე ხანდახან მთელი ოჯახია ჩამოკიდებული", - განაცხადა ვაშაძემ.

    რაც შეეხება დევნილებს, არაოფიციალური ინფორმაციით, 240 ათასი დევნილი მუდმივად კრედიტზეა დამოკიდებული. რაც ყველაზე მძიმეა, ამ თანხის მისაღებად ათობით ათას ადამიანს ბანკის კაპალურ პირობებთან უწევთ დათანხმება და ხშირად ამის გამო რამდენიმე თვის თანხას კარგავს.

    ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ "ლიბერთი ბანკი" პენსიონერებზე სესხებს 35%-იანი სარგებლით გასცემს, რაც ამ ადამიანების მდგომარეობას უკიდურესად ამძიმებს. იგი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მკაცრი ზომებია მისაღები, რომ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისთვის სესხის მიღების პირობები გამარტივდეს და შეღავათიანი განაკვეთი დაუწესდეს.

    "საქართველოში "ლიბერთი ბანკი" ერთადერთია, რომელიც ემსახურება როგორც პენსიონერებს, ასევე დევნილებს და სოციალურად დაუცველებს, რეალურად ამ ბანკის მეშვეობით ხდება შემწეობის თანხის და პენსიის მიღება. რადგან ისინი ფლობენ ექსკლუზივს, სხვა ბანკების საშუალებით მსგავსი მომსახურების გაწევა წარმოუდგენელია. შესაბამისად, "ლიბერთის" აქვს შესაძლებლობა, საკუთარი თამაშის წესებით ისარგებლოს და დააწესოს განაკვეთები, რომელიც კონკურენციას მოკლებულია. თუკი იპოთეკური და სხვა სესხების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთები დგინდება კონკურენციის შედეგად, პენსიონერები იძულებული არიან სესხი აიღონ მხოლოდ ერთი ბანკის მიერ შეთავაზებული პირობით. 

    ბანკი ზუსტ ინფორმაციას მალავს ამ კატეგორიის სესხების შესახებ, ამიტომ დიდი ინტერესის მიუხედავად, ჩვენ ეს ვერ დავადგინეთ. თუმცა მედიაში პენსიონერებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის 35%-ზე მეტი საპროცენტო განაკვეთი საპენსიო სესხებზე, რაც აბსურდია. სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 12-15%-ის ფარგლებშია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შეიძლება შეგვხვდეს 20%-იანი სესხი. ამიტომ "ლიბერთის" ქმედება მიუღებელია და ეროვნული ბანკის და სხვა სტრუქტურების მხრიდან რეაგირება აუცილებელია", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" კაპანაძემ და დასძინა, რომ სესხის გაცემისას, გარკვეული ზღვარი ასაკიდან გამომდინარე უნდა დაწესდეს.

    "სახელმწიფოს არ აქვს ბერკეტი აიძულოს ბანკი და ზომები მიიღოს, მაგრამ სებ-ს შეუძლია, რომ გადახედოს მაინც მანკიერ პრაქტიკას და რეაგირება მოახდინოს. პენსიონერების შემთხვევაში, სჯობს, საპროცენტო განაკვეთები ასაკიდან გამომდინარე დაწესდეს. პენსია ერიცხება ყველა ადამიანს და ბანკს ამ თანხის ამოღება არ უჭირს. ჩვენ არ ვიცით, პენსიიდან და დევნილების შემწეობიდან რა თანხას იღებს ბანკი მოგების სახით, თუმცა დიდი მოგების ნაწილი ამ კატეგორიის სესხებიდან შესდის. ინფორმაციის უქონლობის გამო ამ მაჩვენებლების განსაზღვრა ძალიან გაგვიჭირდება", - ამბობს გიორგი კაპანაძე. 

    ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ სოციალურად მოწყვლადი ფენა ავანსად სესხის აღაბას სამომავლოდ კიდევ უფრო მოუხშირებს, რადგან ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ყოფითი ტვირთი ჯერჯერობით ვერ შემსუბუქდება. პერსპექტივა, დევნილების შემთხვევაში, არც დასაქმების მიმართულებით არსებობს.

    "ბანკი, ერთი შეხედვით, არ არღვევს კანონს და არც იძულებით გასცემს სესხს. ადამიანები თვითონ მიდიან ასეთ გადაწყვეტილებამდე, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ. წინმსწრებად თანხის მიღების შემთხვევაში პენსიონერებს უწევთ მოცდა ვალდებულების დაფარვამდე და ამ პერიოდის განმავლობაში ისინი უფრო დიდ გაჭირვებაში შეიძლება აღმოჩნდნენ. ადამიანი, რომელიც ყოველთვე ელოდება ფულს, ცხადია, რომ სერიოზულ ზარალამდე მიდის. თანაც, მას ბანკისთვის გარკვეული სარგებლის გადახდა უწევს და მისი მდგომარეობა სინამდვილეში კიდევ უფრო მძიმდება. 

    ეს სესხი იხარჯება მედიკამენტებში, კომუნალურ მომსახურებაზე და საკვებისთვის, ანუ სოციალურ ხარჯებში. აშკარაა, რომ ბანკი ყოველთვის იღებს თანხას და საკმაოდ მაღალი სარგებლითაც, ხოლო მსესხებელი ყოველთვის ზარალდება. სამწუხაროდ, ცხოვრების პირობები არ უმჯობესდება, ფასები მუდმივად იქზრდება. დევნილები, საკმაოდ მიზერულ შემოსავალზე არიან დამოკიდებული და ჯერჯერობით არც დასაქმების პერსპექტივა ჩანს. პენსიონერების შემოსავალი კი წამლების შესაძენადაც არასაკმარისია, საკვების ხარჯის გაწევა კი უფრო და უფრო უჭირთ. დღეს ეს ხალხი საკმაოდ მძიმე ვითარებაშია", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ექსპერტი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (11.06.2019)
    ლიბერტი ბანკი ყვლეფს პენსიონერებს და დევნილებს, 60%ს ართმევს სესხში და დროზე ადრე გასტუმრების საშუალებას არ იძლევა, პროცენტი რომ არ დააკლდეს.

    2019   (11.06.2019)
    რომელ ქველმოქმედებაზეა ლაპარაკი, როდესაც მიზერული 71$-პენსია ვიღაცეებს, რომ ეამაყებათ, ხოლო ევროპულ ქვეყნებში, საშუალოდ 1200$-მდეა, წაღლეტვის ძალიან ეფექტური საშუალება ხდება, ვინაიდან 2$-ად ქათმის გამოკვება ჭირს, აქ კიდევ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელსაც პენსიონერი ჰქვია და სესხზე, რომ მიდგება საქმე და გინდა რაღაც ნაწილი სესხზე გაუშვა, ნურას უკაცრავად 2-3თვიანს კი არ მოგცემენ, არამედ გეტყვიან, უნდა აიღო წელიწადნახევრით, ნაკლები არ შეიძლებაო და წინასწარ ჩამოგაჭრიან თანხას ყოველგვარი განმარტებების გარეშე...ლიბერთი ბანკის გარდა სხვა ბანკებს, რატომ არ უნდა ჰქონდეთ უფლება, გასცენ პენსიები და შესაბამისად სესხები, აბსოლუტურად გაუგებარია, მაგრამ იმასაც ამბობენ, ეს ბანკი ბიძინასიაო და თუ ეს ასეა, უნდა იცოდეს ხალხმა, ვინ ქველმოქმედია და ვინ ყაჩაღი...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×