სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსახლეობის დაბალი აქტივობის გამო, პროცესი იმდენჯერ გადავადდა, ყველას თვლა აერია
    მარი ჩიტაია
    12.06.2019

     მიწის რეგისტრაციის რეფორმა სრული კრახის წინაშეა. რეგისტრაციის პროცესმა აჩვენა, რომ საკუთრებაში გადაფორმებას მოსახლეობის დიდი ნაწილი შეღავათიანი რეფორმის ფარგლებშიც ვერ ახერხებს. 2019 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით, გამარტივებული პროცედურებით წარმატებით დარეგისტრირდა 300 000 ჰექტარზე მეტი. ეს საერთო ფართობების მხოლოდ 9%-ია და სამწლიანი რეფორმის შედეგი მხოლოდ ესაა. 

    მიუხედავად იმისა, რომ უფასო რეგისტრაციის პროცესი რამდენიმეჯერ გახანგძლივდა, მოსახლეობა დაწესებული შეღავათით არ სარგებლობს. ეს ხდება იმის გამო, რომ ერთი შეხედვით "მარტივი პროცედურა" სინამდვილეში სულაც არ არის ასეთი და მოქალაქეებს მათ მიერ განკარგვადი მიწების საკუთრებაში გადასაცემად რეალურად საკმაოდ რთული პროცედურების გავლა უწევთ, რაც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ ხარჯთანაც არის დაკავშირებული. 

    ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და ტყის ფონდის გარდა, დარეგისტრირებას ქვეყანაში ექვემდებარება სულ 3 399 666 ჰა ფართობი. აქედან 90-იანი წლების შემდეგ რეფორმის დაწყებამდე პერიოდში უკვე იყო რეგისტრირებული მიწის 35,6%, რასაც რეფორმის ფარგლებში დარეგისტრირებული მიწის ფართობებს თუ დავამატებთ, მათი მოცულობა, მთლიანობაში, შესაძლოა, 50%-იც არ იყოს. 

    ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ რეფორმა ქაოსურად მიმდინარეობს. ამიტომ გახდა საჭირო ამ პროცესის მრავალგზის გახანგძლივება. უკვე ცნობილია, რომ სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

    როგორც სასოფლო-სამეურნეო სფეროს სპეციალისტი ანზორ მესხიშვილი "რეზონანსთან" აღნიშნავს, სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 3 მლნ ჰა დასარეგისტრირებელია, რაც ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. რეგისტრაციის დაბალ ტემპს იგი ბიუროკრატიულ ბარიერს უკავშირებს და ამბობს, რომ მიწის რეგისტრაცია სინამდვილეში საკმაოდ რთულ პროცედურებს მოიცავს, რომლის გასამკლავებლადაც ქართველი გლეხების ნაწილს არც ფინანსური სახსრები აქვთ და არც შესაბამის ინფორმაციას ფლობენ.

    "მიწების რეგისტრაცია 100%-ით 1998 წელს განახორციელეს, უკვე მეხუთედ მიმდინარეობს ეს პროცესი, თუმცა "სიმარტივის" მიღმა რეალურად ბევრი სირთულეა. კანონის მიღებამდე, როდესაც რეგისტრაციის მოთხოვნით დოკუმენტაცია შეჰქონდათ საჯარო რეესტრში, გადაწყვეტილებას მომდევნო 4 დღეში  იღებდნენ. ამ ვადაში მოქალაქეს ან დაურეგისტრირებდნენ მიწას ან უარს იტყოდნენ. ცხადია, რეგისტრაცია შესაძლებელი იყო დაჩქარებული წესითაც, რაც დამატებით თანხის გადახდას მოითხოვდა. 

    ახლა ეს დოკუმენტაცია მრავალ ეტაპს გადის, მათ გარკვეულ ნაწილს უგზავნიან მუნიციპალიტეტებს, აღსრულების ბიუროს და სხვა, რის გამოც 4 დღის ნაცვლად, რეგისტრაცია ზოგ შემთხვევაში, 4 თვესაც კი გრძელდება. გამოდის, რომ პროცესურა გართულებულია, თუმცა კანონმა ბევრი კარგიც გააკეთა. მიწის აზომვით სამუშაოებს რაც შეეხება, უფასო მხოლოდ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე იყო, თუმცა აქაც მოხდა გარკვეული გაუგებრობა და ხალხს თანხის გადახდა ამ შემთხვევაშიც მოუხდა. 52 მლნ გერმანული მარკა და 12 მლნ აშშ დოლარი იყო გამოყოფილი, სესხი აიღო სახელმწიფომ, რომ მიწების რეგისტრაცია მოეხდინათ, ეს ფული დაიხარჯა, მაგრამ საქმე ვერ გაკეთდა. 

    ცალკე პრობლემაა ისიც, რომ მიწები არ აღირიცხება დანიშნულების, კატეგორიების და მესაკუთრეობის მიხედვით. მიკვირს, როგორ მუშაობს სახელმწიფო, როდესაც არ იციან რამდენი ვენახია, რამდენი ციტრუსი, რამდენი ჩაი და სხვა. ვერ მივაღწიეთ, რომ რომ მიწის ბალანსი კეთდებოდეს ყოველწლიურად, როგორც 2004 წლამდე კეთდებოდა. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი გაუქმდა და ამის შემდეგ მიწაზე ინფორმაცია უცნობი დარჩა", - განუცხადა "რეზონანსს" ანზორ მესხიშვილმა. 

    ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი მათე გარდავა ამბობს, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ძირეული ცვლილებებია განსახორციელებელი, რომ მიწა იშვიათი გამონაკლისის გარდა, მასობრივად გადავიდეს კერძო საკუთრებაში. 

    "მიწა უნდა გახდეს ჩვენი მოქალაქეების საკუთრება, მისი უმეტეს ნაწილი. დღეს თუ ხვალ, ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს. რეფორმა ვერ გახდა წარმატებული, მაგრამ როგორადაც არ უნდა გაგრძელდეს ის, ვერ მოგვცემს შედეგს, თუ სისტემური მიდგომა არ ექნება ქვეყანაში. დღესდღეობით მიწების 50%-ზე მეტი დღესაც რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში ეს პრობლემა საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი", - აცხადებს "რეზონანსთან" გარდავა.

    მისი აზრით, ყველაზე მარტივი გზაა, რომ მთავრობამ დაურეგისტრირებელი მიწების პრივატიზება სამომავლოდაც უფასოდ მოახდინოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved