სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "უკვე პროგნოზიც შეუძლებელი გახდა, იმდენად უმართავი სიტუაციაა"
    მარი ჩიტაია
    12.07.2019

     ლარის კურსმა უძრავი ქონების ბაზარიც შეარყია.  დეველოპერების თქმით, რეალიზაცია შემცირდა და მომავალში კიდევ დაიკლებს. მართალია, ცვლილება ზაფხულის სეზონმაც განაპირობა, მაგრამ ლარის გაუფასურებამ ყველა სხვა ფაქტორი გადაფარა. გაყიდვის კლებასთან ერთად შესაძლოა, უძრავი ქონების ფასიც შემცირდეს. ბაზარზე იმდენად მძიმე სიტუაციაა, რომ პროგნოზის გაკეთებაც უჭირთ.

    კომპანია "არსის" დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ ბინის შეძენის რეალიზაცია ისედაც შემცირებული იყო და ვითარება შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.

    "საქართველოში ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი, რომ ლარის გაუფასურება კონკრეტულ პირებს ან მიმდინარე შიდა და გარე ფაქტორებს დააბრალონ. ვერ წარმომიდგენია, რა სიბრიყვეც არ უნდა თქვას ჟურნალისტმა, ამან კურსის გაუფასურება გამოიწვიოს. ეს თუ მართლა ხდება, გამოდის, რომ ჩვენ ეკონომიკა არ გვაქვს. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება. განცდა მაქვს, რომ მთავრობაც და ეროვნული ბანკიც ჩასაფრებული არიან, რაღაც მოხდეს, რასაც შემდეგში ლარის გაუფასურებას დააბრალებენ.

    უძრავი ქონების ბაზარი დამოკიდებულია სტაბილურობაზე, ადამიანი მაშინ ფიქრობს ბინის ყიდვას, როცა თავს კარგად გრძნობს. როცა ცუდი სიტუაციაა, ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი და სწორედ ეს მდგომარეობაა. პრობლემა ფულის გამო კი არა, განწყობის გამო გვაქვს. 3 წელია, რაც მუდმივად უფასურდება ლარი და ახლა `რუსთავი 2~-ის ფაქტორს დააბრალეს. ამ დროს უკრაინის ეროვნული ვალუტა ლართან შედარებით, 20%-ით გამყარდა. ბინის ყიდვა ცხადია, შესაძლებლობაზეა დამოკიდებული, მაგრამ განწყობაც დიდ როლს თამაშობს. დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, ღირს თუ არა ამ ქვეყანაში დარჩენა და ბავშვების გაზრდა, ასეთი მძიმე ვითარებაა.

    ნახევარი მილიარდის ზარალი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომით ფასდება? მშპ შემცირდა, ამას რამ შეიძლება უშველოს? აბსოლუტურად ვერაფერს ვვარაუდობ, უკვე პროგნოზიც შეუძლებელი გახდა, იმდენად უმართავი სიტუაციაა. ასეთ ფონზე არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ბაზარს რამე გამოაცოცხლებს. სამწუხაროდ, გაყიდვა შემცირდება, ეს მწარე რეალობაა, მაგრამ კონკრეტულად რამდენით, დღეს ამაზე საუბარი გამიჭირდება", - აცხადებს როსტომაშვილი.

    დეველოპერულ სექტორში გაყიდვების შემცირებას ვარაუდობს საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე. ის `კომერსანტთან~ აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურების შედეგად, დეველოპერული კომპანიების ბიუჯეტების 3.0-იან ნიშნულზე დაგეგმვა სწორი არ არის. მისი თქმით, ლარის პრობლემა არის სტაბილურობა და არა - რომელიღაც ნიშნული.

    "ლარი სჯობს, მყარად იყოს, პირობითად, 2.9-იან ნიშნულზე, ვიდრე 2.7-სა და 2.8-ს შორის მუდმივად თამაშობდეს. მნიშვნელოვანია სტაბილურობა და პროგნოზირებადობა, განსაკუთრებით - დეველოპმენტში, სადაც გრძელვადიანი გათვლებია და პროცესი საშუალოდ, 2-3-წლიან პერიოდს მოიცავს. ლარის 2.91-2.93-იანი კურსი, რაც გუშინ "ბლუმბერგზე" დაფიქსირდა, მგონია, რომ იყო პოლიტიკური პროცესებისგან გამოწვეული პანიკის შედეგი. პროგნოზების გაკეთება რთულია. შეიძლება, აიწიოს ან პირიქით, გამყარდეს.

    მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც კი იქმნება არასტაბილურობის განცდა, მცირდება ტრანზაქციები, განსაკუთრებით - საზაფხულო პერიოდში, თან ასეთი რყევების ფონზე ყველა შეეცდება, სექტემბრამდე მოიცადოს. შესაბამისად, გაყიდვები შემცირდება", - აცხადებს აბულაძე.

    დეველოპერების ნაწილი ვარაუდობს, რომ ბინების ღირებულებაც შემცირდება. სამშენებლო კომპანია "ზენიტის" წარმომადგენელ კიაზო აბესაძის თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე კომპლექსური პრობლემაა, რადგან, ფასებისა და გაყიდვების კლებასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობაც შემცირდება.

    "დღეს უძრავი ქონების ბაზარზე მრავალმხრივი პრობლემაა. ეს უკავშირდება ფასს, გაყიდვას, დასაქმებასა და სხვა, ლარის გაუფასურებამ ეს პროცესი შეუქცევადი გახადა. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ისეთი, რაც სიტუაციას უკეთესობისკენ შეაბრუნებს.  ვხედავთ, რომ ლარი დღითი დღე უფასურდება და ამის გამო არასტაბილურობის განცდაა, რამაც ხალხს მოტივაცია დაუკარგა.  ჯერჯერობით გამოსავალს ვერ ვხედავ. ძალიან ჭირს ბინების გაყიდვა, ფასს როგორმე ვინარჩუნებთ, მაგრამ მალე შეიძლება, კორექტირება კლების მიმართულებით გახდეს საჭირო", - ამბობს დეველოპერი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (13.07.2019)
    დაუწიეთ ფასებს,გააკეთეთ 5-7 წლიანი შიდა განვადებები და გაყიდით.თუ არადა,გქონდეთ ....


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×