სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სატაქსო რეგულაციის გამო, თეთრი ფერის ავტომობილებზე მოთხოვნა უკვე გაიზარდა
    თეო გუდავაძე
    18.07.2019

     სატაქსო რეეგულაციებმა და მოთხოვნამ, რომ ტაქსები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. თეთრ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა და ფასიც გაზარდა. ტაქსის მძღოლები, ფიქრობენ, რომ იმპორტიორები ახალი რეგულაციებით მანიპულირებენ და თავიანთ სასიკეთოდ იყენებენ.

    მოთხოვნა დაახლოებით 1 თვეში კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება და თეთრი ფერის ავტომობილების ფასიც უფრო მოიმატებს. 

    ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ვისაც ახლა არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა და შედარებით დაბალ ფასად ვერ ასწრებს, ავტომობილის შეძენას სექტემვბრისთვის კიდევ უფრო გაუჭირდება იმ თანხის გაღება, რა ფასიც ექნება თეთრ ჰიბრიდულ ავტომობილს. ანზორ შამუგია „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ნამდვილად შეიმჩნევა ცვლილება ფასში და დილერები სათავისთოდ იყენებენ ახალ რეგულაციას. 

    "მესმის, რომ ფინანსური მოგება ყველასთვის საინტერესოა, მაგრამ ავტომობილების ჩამომყვანები არანირად ითვალისწინებენ ჩვენ მდგომარეობას, ახლა შავი "პრიუსი" მყავს, რომელიც ალბათ 3500 დოლარად თუ გაიყიდება, არ არის კარგ მდგომარეობაში. ამ ფასად კი მე ნამდვილად ვერ შევძლებ ახალი ავტომობილის შეძენას, განსაკუთრებით მაშინ თუ თეთრ მანქანებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა. არც გადაღებვა ღირს იაფი და ვინც ჩემს მდგომარეობაშია რა უნდა ვქნათ არ ვიცით.  

    გამოდის, რომ ჩვენს სასიკეთოდ არც ერთი  რეგულაცია არ ამოქმედებულა, ჯერჯერობით არ მგონია თეთრი ჰიბრიდები დეფიციტური იყოს, რომ ამას დააბრალონ ფასის მატება. დრო რომ გავა და მოთხოვნა გაიზრდება, რა ფასი დაედება წარმოდგენაც არ მინდა. ტაქსის მძღოლებს კი იმის საშუალება ნამდვილად არ გვაქვს ყოველთვე ახალ-ახალი რეგულაციები ვასრულოთ. ყველანაირი დანაზოგი გაქრა ჩემი და ჩემნაირების ბიუჯეტიდან და ეს ახალი ავტომობილები საიდან უნდა მოვიყვანოთ კაცმა არ იცის", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ანზორ შამუგიამ.

    შეგახსენებთ, რომ თბილისში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. იმ მძღოლებს კი ვისი ავტომობილიც სხვა ფერისაა, მოუწევთ ახალი ავტომობილის შეძენა ან ავტომობილის გადაღებვა. აქედან ორივე გარკვეულ ხარჯთანაა დაკავშირებული, ამიტომ ფასთან დაკავშირებით ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 

    ტაქსის მძღოლი გიორგი მეტრეველი ამბობს, რომ მანქანის გადაღებვის ფასი მისთვის მიუწვდომელია, ხოლო ავტომობილის ჩამომყვანების მიდგომა ამ საკკითხის მიმართ კი - მიუღებელი: 

    "ჯერჯერობით სრულად ინფორმირებულები არ არინ კერძო პირები, ვისაც ეს მანქანები ჩამოჰყავთ. ვფიქრობ, არადეკვატურად გაზრდიან თეთრი ჰიბრიდების ფასს, რადგან იციან, რომ ტაქსის მძღოლების ერთადერთი  თავის სარჩენი წყარო ეს არის. ასევე გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ ჰიბრიდებზე იქნება მოთხოვნა, რადგან ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ეკონომიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენად იაფი შესანახია მანქანა ამით განისაზღვრება ჩვენი მოგებაც. შესაბამისად, ყველა ცდილობს, რომ შეიძინოს ჰიბრიდი. ახლა ფერიც განისაზღვრა და შეუძლებელია, რომ ფასები არ გაიზარდოს. იმ კონკრეტულ მომენტში მეც, რაც არ უნდა დამიჯდეს, თუნდაც გადაღებვა და თუნდაც ახალი მანქანის შეძენა, სხვა გზა არ მექნება და მომიწევს ის თანხა გადავიხადო, რასაც დააწესებს ბაზარი. ეს იციან გადამყიდველებმა და ავტომობილის ჩამომყვანებმა და თავიანთ სასიკეთოდ იყენებენ ამ კანონებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი მეტრეველმა. 

    იმპორტიორი ჯაბა სხირტლაძე ადასტურებს, რომ უკვე შეინიშნება თეთრ ჰიბრიდებზე მოთხოვნის ზრდა. 

    "ვფიქრობ, ადამიანები აქედანვე იჭერენ თადარიგს. მე მყავდა ცოტა ხნის წინათ მყიდველი, რომელმაც მითხრა, რომ ეშინოდა ჰიბრიდების გაძვირების გამო და ამიტომ ნასესხები ფულით შეიძინა ავტომობილი. ჯერჯერობით დიდი ტალღა არ არის, თუმცა აგვისტოს ბოლოდან ვვარაუდობ, რომ ფასების ცვლილებაც მოხდება და მოთხოვნაც მკვეთრად გაიზრდება თეთრ ჰიბრიდებზე", - აღნიშნა იმპორტიორმა "რეზონანსთან" საუბრისას. 

    განსხვავებული პოზიცია აქვს იმპორტიორ ზვიად ზიზიაშვილს, რომელიც ასევე ავტომობილების შემოყვანითაა დაკავებული. მისი თქმით, ჯერჯერობით არ შეუმჩნევია არც მოთხოვნის ზრდა და შესაბამისად, მის კომპანიაშიც ფასიც უცვლელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×