სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საქართველოში კლინიკები სოკოებივით მრავლდება, ქყვეყანაში უკონტროლო ვითარებაა
    მარი ჩიტაია
    22.07.2019

     კლინიკების რაოდენობა ქვეყანაში კატასტროფულად მატულობს. ამით ბიზნესი უდიდეს სარგებელს იღებს, მაგრამ არამიზნობრივი ხარჯის გამო ქვეყნის ბიუჯეტი ზარალდება. 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოში 258 კლინიკაა, რითაც ქვეყანა საშუალო ევროპულ დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი კლინიკა რეალურად არავის სჭირდება, ისინი მაინც სოკოებივით მრავლდება. არსებული კლინიკები 95% კერძოა, რაც სისტემის მართვას თითქმის შეუძლებელს ხდის. 

    შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინინისტროს 2018 წლის მონაცემით, საქართველოს ტერიტორიაზე კლინიკების რიცხვი 258-ს აღწევს, აქედან 117 თბილისში, 141 კი – რეგიონებშია. მრავალპროფილური საავადმყოფოებიდან 107 რეგიონებშია, ხოლო 78 – თბილისში. რაც შეეხება მონოპროფილურ კლინიკებს, მათი ჯამური რაოდენობა 73-ია.

    როგორც საერთაშორისო ფონდ `კურაციოს~ მიერ ჩატარებულ კვლევაში (ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი) აღნიშნულია, თბილისში, სადაც მოსახლეობის 30% ცხოვრობს, პაციენტებს 15 000-მდე ექიმი ემსახურება, ქვეყნის დანარჩენ ნაწილს, ანუ მოსახლეობის 70%-ს, სულ 8 000 ექიმი.

    თბილისში ორ ექიმზე ერთი ექთანი მოდის მაშინ, როდესაც ევროპაში ორი ექთანი ერთ ექიმს ეხმარება, შესაბამისად, მომსახურების ხარისხიც იქ უკეთესია. 100 000 მოსახლეზე საქართველოში 462 ექიმი მოდის, როდესაც ევროპულ ქვეყნებში ეს რიცხვი 327–ია.

    როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ კლინიკების ხარჯის დიდი ნაწილი არამიზნობრივია. ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, "ჭარბკლინიკიანობა" საბოლოოდ ხელს უწყობს ხარისხის ვარდნას, რადგან სახელმწიფოს ჯანდაცვის პროექტებისთვის ფული არ ყოფნის და არც აქვს ბერკეტი, რომ ვითარება გააკონტროლოს. 

    "ბოლო 5-6 წლის ჯანდაცვის სქემა, როგორიც ჩამოყალიბდა, ბევრს უბიძგებს, რომ მეტი კლინიკა გახსნან და მეტი ფული ,,გამოსწოვონ" სახელმწიფოს. ამიტომ კლინიკების გახსნა მომგებიან ბიზნესად იქცა. მარტო 2016 წლის განმავლობაში 60-მდე ახალი სამედიცინო ობიექტი ამოქმედდა, რომელიც ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ მაინც გაიხსნა. ამას თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც აცხადებდნენ და აღშფოთებული იყვნენ, მაგრამ ლიცენზია სწორედ მთავრობამ გასცა. 

    ფაქტია, რომ ამდენი კლინიკა საქართველოს არ სჭირდება და არც ამდენ საწოლ ადგილს საჭიროებს. საქართველოს კლინიკებში არსებული საწოლი ადგილების 40% სრულად დააკმაყოფილებდა მოთხოვნას, მაგრამ ამას არავინ ითვალისწინებს. რეალურად რაშია საქმე? ეს ახალი გზაა ბიზნესისთვის, რომ დიდი სარგებელი მიიღოს სახელმწიფოს ხარჯზე. ამას ვერაფერს ვუპირისპირებთ, რადგან ასეთი მოდელი აქვს ჯანდაცვას. ამ დროს თანხები არ ჰყოფნით, ბევრი არამიზანობრივი ხარჯია. 

    ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში 300%-ით მოიმატა გადაუდებელმა ოპერაციებმა. ასეთი რამ არ ხდება, თუ ქვეყანა არ იბომბება და დაჭრილები არ ყრია ქუჩაში. შეიძლება 10-15%-იანი ცვლილება იყოს, მაგრამ არა 300%-იანი. საბოლოოდ ეს ხელს უწყობს ხარისხის ვარდნას, ჯანდაცვის პროექტებისთვის ფული არ ყოფნით და არ აქვთ ბერკეტი, რომ ვითარება გააკონტროლონ. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო თვითონ არის მონოპოლისტი ამ დარგში - გადამხდელიც, მაკონტროლებელიც და ა.შ. ასე სწრაფად პრობლემა ვერ გადაწყდება, ამის მცდელობაც კი არ ჩანს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩიხლაძე და დასძენს, რომ ისეთი მოდელის შექმნაა აუცილებელი, რომელიც "ჭარბკლინიკიანობით" გამოწვეულ რისკს მინიმუმამდე დაიყვანს. 

    ,,იყო შემთხვევები, რომ სამოთახიან ბინაში ხსნიდნენ რეანიმაციებს, ავტოფარეხის ფართებს ითვისებდნენ და სხვა. ბუნებრივია, კლინიკებს ხსნიან იმიტომ, რომ მეტი ფული გააკეთონ ჯანდაცვის პროგრამის ხარჯზე. სისტემა უბიძგებს ადამიანებსაც ხშირად მიმართონ ექიმებს. ჭარბი დიაგნოსტიკა, პოლიგრამაზია და რეკლამა, რომელიც არანაირად არ კონტროდლება და განაწყობს ადამიანს, უფრო მეტად იყოს დამოკიდებული სამედიცინო სფეროზე. ჯანდაცვა ბიზნესი გახდა და დარგი მთლიანი დერეგულირებულია, ეს რაღაცნაირად უნდა დაბალანსდეს", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. 

    სამედიცინო დაწესებულებებში მომხმარებელთა ზრდის ერთ-ერთი მიზეზიც ისაა, რომ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, მაგრამ ექიმებსა და წამლებზე დამოკიდებულება უკვე კარგი ნამდვილად არ არის. კლინიკები და აფთიაქები სოკოებივით მატულობს და რაც არის, იქაც ხალხის მომსახურებას ვერ აუდიან. 

    სამედიცინო სფეროს სპეციალისტი, ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს” დამფუძნებელი მარინა ბერაძე ექიმებზე მოსახლეობის დამოკიდებულების ზრდას ქვეყანაში ჯანდაცვის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს. 

    ,,ეკოლოგია, გარემო პირობები, არასრულფასოვანი კვება და სხვა ნამდვილად არის მიზეზი, რის გამოც ხალხი დაავადებულია, მაგრამ არც იმ დონეზე, რომ მუდმივად კლინიკებში ისხდნენ. ეს პრობლემა სხვა ქვეყნებშიც შეიძლება იყოს, მაგრამ რაც საქართველოში ხდება, მერწმუნეთ, ანალოგს ვერსად იპოვით. მოქალაქეების უდიდესი რაოდენობა სისტემატურად დადის საავადმყოფოებში და ფაქტობრივად, მიჯაჭვულია წამლებს. 

    ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია მოსახლეობის გამოჯანმრთელება და ჯანდაცვის სისტემა ამას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ საპირისპირო შედეგს ვიღებთ: დაავადებულთა რაოდენობა იზრდება და მერე მოგვწონს თავი, რომ ბევრ ადამიანს ვეხმარებით გამოჯანმრთელებაში, მათ შორის, ოპერაციების დაფინანსებაში~, - ამბობს ბერიძე და დასძენს, რომ საბოლოო ჯამში, იკვეთება კერძო სექტორისა და ბიზნესის ინტერესი, როგორსაც სამედიცინო სფერო წარმოადგენს. 

    ,,ცხადია, სახელმწიფოს ინტერესები ნაკლებად არის გათვალისწინებული. მეტიც, კლინიკების რაოდენობა და მათ მიმართ მოთხოვნა იზრდება სწორედ იმის გამო, რომ მედიკამენტებს არასწორად იღებენ. არც ერთი ორგანიზაცია არ არის საქართველოში, რომელიც პაციენტის მიერ მიღებული წამლების გვერდით მოვლენებს იკვლევს. ბაზარზე სტიქიური ვითარებაა და ამის პარალელურად მოსახლეობა სულ უფრო დამოკიდებული ხდება კლინიკებსა და აფთიაქებზე. ყოველ ნაბიჯზეა სამედიცინო დაწესებულებები, ერთი ან სხვადასხვა ფირმის დასახელები, რაც კატასტროფაა”, - აცხადებს ბერაძე. 

    სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ სოციოლოგებიც, რომლთა შეფასებითაც, ჯანდაცვა დღეს განხილულია როგორც ბიზნესი და არა როგორც სოციალური სერვისი. 

    ,,კლინიკებზე მოთხოვნა ჯანდაცვის პროგრამებმა გაზარდეს. ადრე ხალხი ექიმთან ვერ მიდიოდნენ, რადგან საშუალება არ ჰქონდათ. დღეს სრულიად შეიცვალა ყველაფერი. მოქალაქეები კლინიკებს მუდმივად მიმართავენ. ფაქტობრივად, ყოველი 10 ადამიანიდან 9 ექიმზეა დამოკიდებული. ასეა დიდ ქალაქებში, რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში ცოტა სხვა სიტუაციაა და მიმართვიანობა, შესაძლოა, ცოტათი ნაკლებიც იყოს. 

    აშკარად არის ჯანმრთელობის პრობლემა ქვეყანაში. ადრე ერთი ან თუნდაც ნახევარი საუკუნის წინ, ზოგი ადამიანი ექიმთან არც კი იყო ნამყოფი. არც ეს არის ნორმალური მოვლენა, თუმცა, რაც ხდება, ეს საერთოდ არ ჯდება ნორმაში. ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს აქვთ ექიმთან ვიზიტის საბაბი - შეცვლილია გარემო, ცუდად იკვებებიან, არის სტრესი და სხვა სოციალური ფაქტორი, რაც ჯანმრთელობაზე აისახება. საქართველოში გახსნილია კლინიკები, როგორც საწარმოები. ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული”, - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" პროფესორი პაატა აროშიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×