სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სასურველია, დიზელის სტანდარტის გაუმჯობესების პარალელურად, შემუშავდეს რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზეც"
    მარი გოცირიძე
    22.07.2019

     მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში დიზელის საწვავის იმპორტი 10-12%-ით შემცირდა, ხოლო ბენზინის იმპორტში დინამიკა პოზიტიურია. კონკრეტული მიზეზი, რამ გამოიწვია ქვეყანაში დიზელის საწვავის იმპორტის შემცირება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსაც, თუმცა იმპორტის კლებას დიზელის საწვავის თურქეთში გადინებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ დიზელის იმპორტის კლების გამო სახელმწიფო ბიუჯეტმა რამდენიმე ათეული მილიონით იზარალა.

    მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი აფქტორი, რაც დიზელის საწვავის იმპორტსა და მოხმარებაზე უარყოფითად მოქმედებს, არის სატრანსპორტო საშუალებებით თურქეთის მიმართულებით საწვავის გატანა, რაც სავსებით ლეგალურად ხდება. ბოლო პერიოდის განმავლობაში იქ ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, თუმცა დიზელის ფასთაშორის სხვაობა ქვეყნებს შორის არ არის იმ მოცულობის, რაც აქამდე იყო.

    რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემით, 2019 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  494,3 ათასი ტონა, რაც 22,5  ათასი ტონით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (516,8 ათასი ტონა).

    მათ შორის, 2019 წლის 6 თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  259,7  ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3,0 ათასი ტონით, ანუ 1.2%-ით),  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 234,6  ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 25,5 ათასი ტონით, ანუ 10.9%-ით).

    კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-ივნისის თვეებში ბენზინის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარის" მარკის ბენზინი - 172,3  ათასი ტონა, ანუ 66,3%;  "პრემიუმის" მარკის  ბენზინი - 82,6 ათასი ტონა, ანუ 31,8%, "სუპერის" მარკის  ბენზინი - 4,8 ათასი ტონა, ანუ 1,8%.

    ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, საქართველოდან დიზელის საწვავის გადინება თურქეთის მიმართულებით მისაღებმა ფასმა განაპირობა.

    ,,დიზელის საწვავის კლება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, ერთ-ერთია დიზელის საწვავის გადინება თურქეთის მიმართულებით, რაც სავსებით ლეგალურად ხდება. ე.წ. სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის, ავტობუსებით გადააქვთ. ამის მიზეზი ფასია, რომელიც თურქეთში არსებულ ტარიფებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებია. ბოლო პერიოდში, თურქული ვალუტის კურსიდან გამომდინარე, ფასი იქაც შემცირდა, თუმცა საქართველოში დიზელი შედარებით ნაკლები ღირს. ვერ ვიტყვით, რომ ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა, თუმცა გადინებას ხელი შეუწყო და იმპორტის კლებაზე იმოქმედა. საქართველოში სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებებით და მასზე დამონტაჟებული ავზებით ხდება დიზელის შემოტანა. 

    მიმდინარე ეტაპზე იმის გამო, რომ სამშენებლო სექტორი გარკვეული დოზით შემცირებულია, ესეც განაპირობებს კლებას. თუმცა პარალელურად საგზაო-სამუშაოების და სატრანზიტო გადაზიდვების მაჩვენებლები მატულობს. მთლიანობაში, ქვეყნის ეკონომიკაში ბევრი დადებითი ძვრაა, მაგრამ არის უარყოფითი სიტუაციაც, რაც იმპორტზე ადეკვატურად აისახება. ამან საბოლოოდ დიზელის საწვავის 10-12%-იანი კლება გამოიწვია. 

    საქართველოში ქარხნული ავზებით საწვავის შემოტანაზე შეზღუდვა არ არის თურქეთისგან განსხვავებით, საიდანაც 550 ლიტრაზე მეტ საწვავის გატანა აკრძალულია. ჩვენს შემთხვევაში, დაბრკოლება არ არის და შეუძლიათ გაიტანონ იმდენი, რის საშუალებასაც ავზის მოცულობა იძლევა. შემცირებული იმპორტი ნიშნავს, რომ გარანტირებული სტაბილური შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტს აკლდება. ამ შემთხვევაში, ეს არის რამდენიმე ათეული მილიონი, რამდენითაც ბიუჯეტმა იზარალა დიზელის იმპორტის კლების გამო", - აღნიშნა მთვრალაშვილმა. 

    რაც შეეხება იმპორტს ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი მომწოდებელი ტრადიციულად რუსეთია. კერძოდ, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 151,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,7%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 130,2 ათასი ტონა (26,3%),  აზერბაიჯანი - 97,0 ათასი ტონა (19,6%),  ბულგარეთი  - 47,0 ათასი ტონა (9,5%), თურქმენეთი - 42,6 ათასი ტონა (8,6%);  საბერძნეთი -  25,1 ათასი ტონა (5,1%) და სხვ.

    ,,პროდუქტი აღურიცხავად შემოდის ირანიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ლარსის გამშვები პუნქტის გავლით აღწევს. ირანში დიზელის ფასი არის ძალიან დაბალი, საშუალოდ 10-15 თეთრი, ასევე აზერბაიჯანსა და რუსეთშიც, სადაც ჩვენთან შედარებით, ძალიან იაფი ღირს", - განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".

    მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავთან დაკავშირებით ხარისხის სტანდარტი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. თუმცა ამის პარალელურად საავტომობილო პარკის განახლება ვერ მოხერხდა. 

    განსაკუთრებით ცუდი ვითარება გვაქვს დიზელის საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით. ესენი არის ძირითადად ასაკოვანი სატრანსპორტო საშუალებები და იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე ეკოლოგიური სტანდარტი და შეუზღუდავად ხორციელდება მოძველებული, შეიძლება ითქვას, ჩამოწერილი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი. 

    ,,ასაკოვანი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება განვიხილოთ როგორც გარემოს მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი. ამიტომ სასურველი იქნება, რომ დიზელის საწვავის სტანდარტის გაუმჯობესების პარალელურად, ასევე შემუშავდეს გარკვეული რეგულაციები  სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე, ვინაიდან სხვა შემთხვევაში გარემოს გაუმჯობესების კუთხით ვითარება არ შეიცვლება. 

    აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვეროპის და არა მარტო ევროპის ქვეყნებში საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად ვითარდებოდა სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური სტანდარტი. ზოგიერთ ქვეყანაში, სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური სტანდარტი საწვავის ხარისხობრივ სტანდარტს ასწრებდა კიდეც", - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×