სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რაღაც სასწაულით ვარსებობთ. ასე თუ გაგრძელდა, ფაბრიკა ვერ გაუძლებს, დახურვა მოგვიწევს"
    მარი ჩიტაია
    23.07.2019

     ლარის არანორმალურად დაცემული კურსი უკვე ადგილობრივ წარმოებასაც პრობლემას უქმნის. სავალუტო კრიზისის გამო ბოლო თვეების განმავლობაში მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ საფრთხე აბსოლუტურად ყველა ბიზნესს შეეხო. ფაქტია, რომ ლარის რყევა არა მარტო იმპორტული პროდუქციის ფასსზრდის, არამედ ადგილობრივ წარმოებასაც უთხრის ძირს, რადგან ისიც უმეტესად იმპორტულ ნედლეულზეა დამოკიდებული. 

    გარდა ამისა, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შესამჩნევად დაეცა, რაც რეალიზაციაზეც ცუდად აისახება. მით უმეტეს, რომ მწარმოებლები ადგილობრივი პროდუქციის შესაძლო გაძვირებაზე უკვე ალაპარაკდნენ.

    ქართველი ბიზნესმენები ამბობენ, რომ ლარის კურსმა წარმოებას განვითარების ყველა შანსი მოუსპო და ამ ეტაპზე მხოლოდ თვითგადარეჩანისთვის უწევთ ბრძოლა.

    კომპანია ,,ზედაზენის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი პირდაპირ ამბობს, რომ კომპანიაში ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და სამომავლოდ მეტ პრობლემას ელის.

    ,,ლარის კურსი საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის. რა მიმართულებაც არ უნდა ავიღოთ, ყველგან ერთი და იგივე ვითარებაა. ბიზნესი მძიმე ფინანსურ-ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დადგა. არ არსებობს ისეთი სეგმენტი, რომელიც ლარის გაუფასურების მავნე გავლენას გადაურჩა. 

    ნედლეულის ფასმა მოიმატა და ძვირდება აბსოლუტურად ყველაფერი, რის პარალელულარადაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაეცა. ამან კატასტროფული ვითარება შექმნა როგორც გაყიდვასთან დაკავშირებით, ასევე წარმოებაშიც, განვითარებაზე კი საუბარიც ზედმეტია. ზუსტი მონაცემი, თუ რამდენით შეგვიმცირდა რეალიზაცია, ამ ეტაპზე არ მოგვეპოვება, მაგრამ კლება სახეზეა. გაუარესებულია ფინანსური ვითარება, ასეთ დროს სტაბილურობაზე საუბარი გვიჭირს", - ამბობს "რეზონანსთან" ჩოჩელი. 

    მისი თქმით, პრობლემა მოსალოდნელია რუსეთის ბაზარზეც, ამიტომ მნიშვნელოვანია ქართულმა ბიზნესმა დროულად მოახდინოს ალტერანტიული ბაზრების ათვისება. 

    „რუსეთზე ჩვენი ექსპორტის მხოლოდ 5% მოდის. თავიდანვე არ აგვიღია ორიენტირი, რომ რუსეთი ყოფილიყო წამყვანი ბაზარი ჩვენთვის, მაგრამ ეს არსებულ რთულ ვითარებას ვერ აბალანსებს“, - ამბობს ბიზნესმენი.

    პროდუქტის გაძვირებას ვარაუდობს კომპანია ,,პატარძეულის" დირექტორი

    ოთარ მუჩიაშვილი, რომლის თქმითაც, ლარი თუ არ დასტაბილურდა, შესაძლოა, ქარხანა დაიხუროს კიდეც.

    ,,პრობლემის მეტი რა გვაქვს. ლარის კურსმა ბიზნესი დაანგრია და განვითარების ყველა შანსი მოსპო. ნედლეული რუსეთიდან ჩამოგვქონდა, იქაც პრობლემა გაჩნდა და პროდუქტი შეზღუდული რაოდენობით აღწევს ფაბრიკამდე. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მდგომარეობის გამოსწორება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ დადებით შედეგს ვერ ვაღწევთ. 

    ამ მძიმე პირობების მიუხედავად, პროდუქტი არ გაგვიძვირებია, მაგრამ უკიდურესად გაგვიჭირდა, რაღაც სასწაულით ვარსებობთ. ასე თუ გაგრძელდა, ფაბრიკა ვერ გაუძლებს, დახურვა მოგვიწევს, უკვე კატასტროფის ზღვარზე ვართ", - ამბობს "რეზონანსთან" მეწარმე.  

    კომპანია „საქკაბელის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ედიშერ მამალაძე კი ადასტურებს, რომ უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამო ფასები აიწევს. იმ გარემოს გათვალისწინებით, რაც ლარის რყევების გამო ქვეყანაში ხდება, ბიზნესის წარმოება და განვითარება საკმაოდ რთულია.

    „ჩვენი წარმოება ადგილობრივია, თუმცა ნედლეულის ნაწილი მაინც იმპორტირებულია და მისი ღირებულება პროდუქციის ფასში აუცილებლად აისახება. ლარის არასტაბილურობა ჩვენს წარმოებას არ აფერხებს, თუმცა მომავალში, ინვესტიციის ჩადების თვალსაზრისით, კონკრეტული პროექტის ბიუჯეტირება გადასახედი იქნება. შექმნილი სიტუაცია გამოიწვევს ინფლაციას, ფასების ზრდას და ა.შ. ახლა შეიძლება იმ დოზით არაა გაძვირებული, თუმცა უახლოეს მომავალში ლარის ასეთი დევალვაცია აუცილებლად აისახება ფასებზე. ჩვენ მაინც იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, ბალანსი იმპორტის სასარგებლოდაა, ექსპორტი ბევრი არ გვაქვს, შესაბამისად, გავლენა უარყოფითი იქნება“, – აცხადებს მამალაძე. 

    ასეთი მდგომარეობის ფონზე ბიზნესმენები ეროვნული ბანკის ფუნქციის გადახედვის საჭიროებაზეც საუბრობენ.

    ,,ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს და ღრმად და სერიოზულად აუხსნას არა მარტო ბიზნესს, არამედ მთელ სახელმწიფოს, რა გეგმები აქვთ და სად ხედავს მარეგულირებელი თავის საჭიროებას.

    თუ არ ერევა გამყარებაში და მარტო აფიქსირებს რა ხდება ბაზარზე, მაშინ მისი ფუნქციაც უნდა გადაიხედოს.  

    ფაქტია, ეროვნულ ბანკში გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელიც ჩვენ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, ეს ვიღაცამ უნდა ახსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე გაგრძელება წარმოუდგენელია“, – აცხადებს "კომერასნტთან" „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია, რომლის შეფასებითაც, ლარის დღევანდელი სიტუაცია ყველაფერს აყენებს ურთულეს სიტუაციაში, მათ შორის ადგილობრივ წარმოებას და ასე გაგრძელება წარმოუდგენელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    დათუნია   (23.07.2019)
    ხალხზე ვინ ფიქრობს? მოსწრებაზე არიან. იციან რომ 2020 წელს არჩევნების შემდეგ კაცმა არ იცის რა მოხდება და ლარის მასას ხელოვნურად ზრდიან, მიდის კუპონიზაცია


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×