სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მერიაში ამბობენ, რომ ფასი არ იცვლება, მათ მიერ დაქირავებულ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მგზავრობა 1 ლარამდე ძვირდება
    თამარ მუკბანიანი
    24.07.2019

     ერთიანი საბარათე სისტემა, ტრანსპორტის ფასის სავარაუდო მატება და რეგიონებიდან მხოლოდ თბილისის შემოსასვლელებამდე ჩამოყვანილი მგზავრები. ეს სიახლეები ელით მგზავრებს უახლოეს წელიწადნახევარში. 

    თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობს პოლიტიკის დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში ცვლილებები შევა. კვლევას ფრანგული კომპანია "სისტრა" აწარმოებს, რომლის წარმომადგენელი ასმათ აბესაძე ადასტურებს, რომ სხვა ცვლილებებთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთჯერადი მგზავრობის ფასის გაზრდაზე. შესაძლოა, მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1 ლარამდე გაიზარდოს.

    "მგზავრის გადაყვანა არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება, ეს არ ღირს 50 თეთრი, გაცილებით ძვირია. მაგრამ თბილისის მერიის მხრიდან სუბსიდირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველაფრის გათვალისწინებით მერიას არ შეუძლია დააწესოს ის ტარიფი, რომელიც მას მგზავრის მომსახურება რეალურად უჯდება. თუკი მგზავრობა ეღირება მაგალითად, ერთი ლარი, ამაში შევა მეტროც, მიკროავტობუსიც და ავტობუსიც. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მერიასა და მიკროავტობუსების კომპანიას შორის," - ამბობს აბესაძე.

    მისი თქმით, ერთჯერადი ტარიფის გადახდის შემდეგ საათნახევრის განმავლობაში მგზავრი შეძლებს, გადაჯდომებისას უფასოდ იმგზავროს. ამას გარდა, იგეგმება, გაბილეთიანების საერთო სისტემაში მოექცეს მიკროავტობუსებიც.

    შესაძლო გაძვირების ფაქრტს უარყოფს დედაქალაქის მერის მოადგილე. მაია ბითაძე აცხადებს, რომ იცვლება დედაქალაქში ტრანსპორტზე გადახდის სისტემა და არა ტარიფები. 

    „ტარიფი იქნება იმ ბილეთის შესაბამისი, რასაც მგზავრი აირჩევს. თუ მგზავრი გადაადგილდება მხოლოდ მეტროთი, გადაიხდის მხოლოდ მეტროს საფასურს. ახლა იწყება მუშაობა ინტეგრირებულ ტარიფზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მგზავრობისთვის, რამდენიმე ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაშიც, ერთხელ გადაიხდიან. ეს მოხდება ელექტრონულად. 

    ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას, შესაბამისად, თითოეული მოქალაქე, რასაც დღეს გაიღებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობისთვის, იმავეს გადაიხდის“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

    მერის მოადგილის ვრცელმა კომენტარმა მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე აქამდე ჰქონდა საზოგადოებას. მგზავრობის ფასის მატება რომ მოსალოდნელი იყო გადახდის ერთიან სისტემასთან დაკავშირებით, ამაზე უკვე წერდა ,,რეზონანსი”, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისათვის, ეს ერთადერთი ცვლილება არ იქნება. „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელი, ასმათ აბესაძე ამბობს, მგზავრობა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში უნდა დასრულდეს.

    „ჩვენი რეკომენდაციაა სხვა ქალაქებიდან შემოსულმა მგზავრმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალურად დადგენილ სადგურებზე დაასრულოს მგზავრობა და იქედან გააგრძელოს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისის მერიასთან უნდა იყოს შეთანხმებული მარშრუტი, სად ჩამოსვამს მძღოლი ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან თუ სხვა ქალაქიდან შემოსულ ხალხს. 

    მგზავრობა უნდა დასრულდეს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში. მგზავრმა კეთილი უნდა ინებოს, ჩამოვიდეს ამ სატრანსპორტო საშუალებიდან და გადმოჯდეს თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში. სატერმინალო სადგურები მეტროსთან იქნება მიბმული, მოეწყობა სერიოზული სამგზავრო ჰაბები“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" აბესაძემ.

    რეკომენდაციების ნაწილს საავტომობილო სფეროს სპეციალისტი,  ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის დამფუძნებელი, დავით მესხიშვილი აფასებს. მისი აზრით, რეკომენდაციები არ არის მორგებული ქართულ რეალობას. 

    "მგზავრობის მოსალოდნელი გაძვირება უკიდრურესად უაყოფითია. იმ ფონზე, როცა ევროპის ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტები ცდილობენ მგზავრობის წახალისებას, რაც პირველ რიგში, ფინანსური დანახარჯის შემცირებით გამოიხატება. ასე მიაღწია ყველამ საცობების განმუხტვას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. ამიტომ ეს არის ცალსახად ცუდი გადაწყვეტილება, თუმცა დიდი ხანია, ეს მოლოდინი არსებობს. 

    რაც შეეხება, კვლევის მეორე ნაწილს, ევროპის ბევრ ქალაქში ასეთი წესი არსებობს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შიგნით ქალაქში აღარ მოძრაობს, მგრამ ჩვენთან, სადაც სადგურები, არათუ განვითარებული ქვეყნების, საბჭოთა კავშირის სტანდარტებსაც კი ვეღარ აკმაყოფილებს და მათი უმრავლესობა თავიდან ასაშენებელია. 

    თბილისს არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მოემსახუროს  მგზავრებს. საბოლოო ჯამში, ეს რეკომენდაცია, როგორც მინიმუმ ნაადრევია და რამდენიმე წელი სჭირდება განხორციელებას”, - ამბობს "რეზონანსთან" მესხიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (29.07.2019)
    ხელფასებს რატომ არ გვიმატებთ, ყველაფერს რომ აძვირებთ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×