სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    16.08.2019

     საარსებო მინიმუმი კიდევ ერთხელ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ფასების სიდიდით წელს ზაფხულის სეზონი აშკარად გამორჩეულია, საარსებო მინიმუმი შემცირდა. სპეციალისტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ დათვლის მეთოდოლოგიაში აშკარად პრობლემაა, ახლა კი ამას უკვე მთავრობაც აღიარებს. პრემიერმა ბახტაძემ დაადასტურა, რომ საარსებო მინიმუმი საკმარისი არ არის.

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გათვლით, 2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 0.9 ლარით შემცირდა.

    ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187.2 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ივნისში ეს მაჩვენებელი 188.1 ლარი იყო.

    2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 15.7 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის ივლისში ეს მონაცემი 171.5 ლარს შეადგენდა.

    `საქსტატის~ მონაცემებით, ივნისთან შედარებით, ივლისში 0.8 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 165.8 ლარი შეადგინა, 1.6 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 313.9 ლარი გახდა.

    პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უკვე გარკვევით უპასუხა. 

    იგი მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, დეტალური პასუხი "საქსტატმა" უნდა გასცეს. 

    ,,წინა სტატისტიკის გამოქვეყნების დროსაც განვაცხადეთ, რომ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც "საქსტატი" ითვლის ამ ყველაფერს. ამაზე "საქსტატმა" უნდა გასცეს დეტალური პასუხი. ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა.

    ექსპერტების შეფასებით, ფასების პიკური ზრდის ფონზე საარსებო მინიმუმის შემცირება გაუგებარია. ასე ფიქრობს ეკონომისტი გივი მომცელიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ მეთოდოლოგია უნდა შეიცვალოს.

    ,,წინა თვესთან შედარებით საარსებო მინიმუმის ცვლა სეზონური ფაქტორით არის განპირობებული. იმის ფონზე, რომ საკმაოდ ძვირი ზაფხული გვაქვს, საარსებო მინიმუმის კლება ცოტა არ იყოს, არასერიოზულად მეჩვენება. დღეს ყველა აღიარებს, რომ არასკმარისი საარსებო მინიმუმი გვაქვს და მეთოდოლოგია გადასახედია. არსებობს საექსპერტო შეფასებები, მეცნიერთა დასკვნები და უამრავი სხვა კვლევა, რაც ადასტურებს, რომ შეიძლება საარსებო მინიმუმის არსებული მაჩვენებლები გავზარდოთ, მინიმუმ, 60-80%-ით და რეალურ დონეს მივუახლოვოთ. არსებული სტატისტიკა რეალობას ნამდვილად დაშორებულია. 

    არის კიდევ ერთი საკითხი, მაჩვენებელი შეიცვალა, მაგრამ ამით რა შედეგის მიღება გვინდა, არავინ საუბრობს. შეიძლება, ვიღაცისთვის საარსებო მინიმუმის შეცვლა პოპულისტური განცხადებების კეთების საფუძველი გახდეს, მაგრამ მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. უფრო მგონია, რომ გაანგარიშების სტრატეგია გადაისინჯება, კამპანია არაერთხელ დაწყებულა და დღემდე ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება”, - ამბობს "რეზონანსთან" სტატისტიკოსი.

    კიდევ უფრო პრინციპული პოზიცია აქვს ,,ახალი ეკონომიკური სკოლის” დამფუძნებელ პაატა შეშელიძეს, რომელიც საარსებო მინიმუმის დაანგარიშების თანამედროვე მეთოდს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს.

    ,,საარსებო მინიმუმი, ფაქტობრივად, არაფერს არ ემსახურება, რაში სჭირდებათ, ვერ გავიგე. ამას არ ეყრდნობა არც ერთი სხვა გადაწყვეტილება. მასზე არც პენსიაა მიბმული, არც სოციალური შემწეობა, არც სახელფასო დანამატი და არც სხვა რამ. მოკლედ, ეს გათვლა ყველანაირ საბიუჯეტო პროცესს აბსოლუტურად მოკლებულია. ამიტომ მისი განხილვის აზრსაც ვერ ვხედავ. ციფრები რეალურად არაფერს ამბობს და არც არავის სჭირდება. სრულიად უაზრო, არაფრის მომცემი მონაცემებია და მისგან არანაირი შედეგი არ გვაქვს", - განუცხადა "რეზონანსს" შეშელიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    კარგით რა   (17.08.2019)
    ასეთი უვიცის როგორც გივია მომცემლიძეა რა ინტერვიუებს იღებთ? მთელი ცხოვრება ორ სიტყვას ვერ აბავს და უმაღლესიც სხვისგან გადაწერილი ნაშრომებით დაამთავრა. სირცხვილია.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×