სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    23.08.2019

     საქართველოში სარეკლამო ბიზნესისადმი ინტერესი შემცირდა. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სეზონური ცვლილებაა და მდგომარეობა შეიძლება შემოდგომიდან შეიცვალოს. ცხადია, გარკვეული გავლენა ბაზარზე პოლიტიკურმა პროცესმაც იქონია. არასაარჩევნო პერიოდში რეკლამის მიმართ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია და სარეკლამო ბაზარზე გარკვეულწილად ამანაც მოახდინა გავლენა.

    ტენდენცია შეიცვალა და სატელევიზიო რეკლამიდან ინტერესმა სოციალური ქსელებისკენ გადაინაცვლა, რაც წამყვან სატელევიზიო არხებსაც დაეტყოთ.

    საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი ,,რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა ონლაინ მედია, რომელთაც რეკლამის საშუალებით საკმაოდ კარგი შემოსავალი გაუჩნდათ.

    ოფიციალური მონაცემი, რომელიც სარეკლამო ბაზრის მდგომარეობას ასახავს, მიმდინარე წელს არ გამოქვეყნებულა. თუმცა, დაკვირვება აჩვენებს, რომ ტენდენცია იცვლება და სარეკლამო აქტივობა ტელევიზიებში მცირდება, რის მიზეზადაც ელდარ პირმისაშვილი ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

    ,,არჩევნები არ არის და რა თქმა უნდა, სარეკლამო ბაზარი ტელევიზიებისა და რიგითი მედიისთვისაც შემცირდა. სერიოზულად უჭირთ ბილბორდებს, რომელბზეც ყველაზე მეტი მოთხოვნა სწორედ არჩევნების პერიოდშია. დღეს ამ მიმართულებით აქტივობა არ იგრძნობა. როგორც წესი, არჩევნების შემდეგ სარეკლამო ბაზარზე კომპანიებიც და ტელევიზიებიც უკეთ გრძნობენ თავს. ახლა საარჩევნო პერიოდი არ არის და სარეკლამო ბაზარზეც პრობლემა შეიმჩნევა. დაკვირვება ცხადყოფს, რომ კომპანიებისთვის ყველაზე წამყვანი არ არის ტელევიზია, როგორც ასე ადრე ხდებოდა, რადგან რეკლამამ სოციალურ ქსელებშიც გადაინაცვლა. თუმცა, ერთია ტელევიზია და მეორე სოციალურ ქსელში რეკლამირება, რაც გლობალური ტენდენციაა. კომპანიების დანახარჯები სოციალურ ქსელებში გაზრდილია. განვითარდა ასევე ონლაინ მედია, რომელთაც ბოლო დროს საკმაოდ კარგი შემოსავალი გაუჩნდათ", - აღნიშნავს პირმისაშვილი.

    მისი თქმით, აქტივობამ იკლო პრესის მიმართულებითაც, რაც ზოგადად გლობალური პრობლემაა და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

    ,,პრესა საქართველოში დიდად არ არის აქტუალური, საქართველოში მას შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს და არის სულ პოლიტიკური ან მოდაზე ორიენტირებული. ჟურნალები, გაზეთთან შედარებით, უკეთ მუშაობენ, თუმცა იდეალური მდგომარეობა არც ამ მხრივ არის. ონლაინი უფრო მოცვადი გახდა. მომხმარებელი აქტიურად მაინც სოციალური ქსელებისკენ იხრება. ასე მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ანალოგიური მდგომარეობაა გლობალური მასშტაბითაც, რადგან ონლაინ მედიამ და სოციალურმა ქსელებმა წინა პლანზე წამოიწიეს", - ამბობს პირმისაშვილი და დასძენს, რომ სარეკლამო ბაზარზე გარკვეული გავლენა აქციებმა და რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებმაც მოახდინეს.

    ,,ვერ გავექცევით ფაქტს, რომ სარეკლამო ბიზნესზე რუსთავი2-თან დაკავშირებულმა პროცესმაც იმოქმედა. როდესაც საინფორმაციო ბადე აირია, ამან სარეკლამო ბაზარზეც დატოვა ნეგატიური კვალი. აქციებიდან გამომდინარე, რეკლამა ვერ გადიოდა ჩვეული ინტენსივობით ან გადიოდა სხვა დროში, დაუგეგმავი ეთერიდან გამომდინარე. ცხადია, ყურებადი იყო აქციები, მაგრამ მოლოდინი, რასაც რეკლამის შემკვეთი ელოდა, შეიცვალა. შეკვეთილი სიუჟეტები დაგვიანებით, ზაფხულის პერიოდში გავიდა, რამაც საბოლოოდ უარყოფითი ეფექტი შექმნა ", - განუცხადა ,,რეზონანსს" ელდარ პირმისაშვილმა.

    საკომუნიკაციო სფეროს სპეციალისტთა ერთი ნაწილი იმაზეც ფიქრობს, რომ საინფორმაციო და სარეკლამო აქტივობა აუცილებლად წამოიწევს და ამ მხრივ ბაზარზე ძირეული ცვლილებების შეტანა სწორედ სახელისუფლო გუნდს მოუწევს.

    ,,ჯერჯერობით სიწყნარეა ბაზარზე, მაგრამ სარეკლამო კამპანია გააქტიურდება და გახდება ფართო მასებისთვის ინფორმაციის მიმღები საშუალება. ყველაზე მარტივი გამოსავალია, რომ ჭორის ნაცვლად, მიაწოდო ინფორმაცია, რისთვისაც სარეკლამო პროცესი ფართო მასშტაბით გავრცელდება. საინფორმაციო და სარეკლამო აქტივობამ უნდა წამოიწიოს და ხელისუფლებამ სარეკლამო ბაზარი გახსნას", - აცხადებენ ისინი.

    ექსპერტი რამაზ ცხადაძე სარეკლამო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ რეკლამის მიმართ ინტერესი, კომერციული ორგანიზაციების გარდა, შეჩერდა. მისი თქმით, პოლიტიკური რეკლამისგან ბაზარი ჯერჯერობით თავისუფალია. თუმცა, ასე დიდხანს არ გასტანს.

    ,,ბაზარზე თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ საბანკო სექტორისა და ფარმაცეფტული კომპანიების რეკლამები წინა პლანზეა. რაც შეეხება ზოგადად სარეკლამო ბაზარს, არანაირი აქტივობა არ იგრძნობა. თუმცა, შემოდგომიდან მდგომარეობა გამოცოცხლდება. ხოლო უკვე მომდევნო წლიდან სარეკლამო სფეროში წამყვანი პოლიტიკური რეკლამა იქნება. სავარაუდოდ, ამ განხრით მოიმატებს რეკლამის ღირებულება და გაიზრდება სატელევიზიო მიმართულება. ისევე როგორც წინა წლებში, ტელევიზია საქართველოს მოსახლეობისთვის მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ და სარეკლამო ბაზრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორად რჩება, თუმცა დიდია ინტერესი სოციალური მედიის მიმართაც, რაც ტემპს შეინარჩუნებს და შესაძლოა, უფრო მეტადაც განვითარდეს", - ამბობს ექსპერტი.

    ფრაზა: ელდარ პირმისაშვილი: ,,დაკვირვება ცხადყოფს, რომ კომპანიებისთვის ყველაზე წამყვანი არ არის ტელევიზია, როგორც ასე ადრე ხდებოდა, რადგან რეკლამამ სოციალურ ქსელებშიც გადაინაცვლა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×