სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    23.08.2019

     საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების გამო ხეები მასიურად ხმება. შესაბამისად, ჭრები გააქტიურდა. საფრთხეშია როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი კულტურები, რამდენიმე ჯიშის ხე კი განადგურების ზღვარზეა. სპეციალისტების შეფასებით, ხეების ხმობა, დიდწილად, კლიმატური პირობებით არის გამოწვეული, ხშირ შემთხვევაში კი, ადამიანის დაუდევრობას უკავშირდება. კერძოდ, ხეების გაჩეხვამ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში აბსოლუტურად უკონტროლო ხდებოდა, ტყის რესურსი მნიშვნელოვნად დააზარალა. საფრთხე იმდენად მასშტაბურია, რომ უახლოეს რამდენიმე წელში მოსახლეობა, შესაძლოა, სათბობი შეშის გარეშე დარჩეს.

    მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა თბილისსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც მასიურად მიმდინარეობს წაბლის, მუხის, ფიჭვის, ნეკერჩხლის, კვიპაროსის, ტუიას (შემოტანილი სახეობაა) ხმობა, ხოლო ასწლოვანი და მეტი ასაკის ბზა მასიურად არი განადგურებული, ეს პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო.

    თბილისის მერიის ინფორმაციით, რომელიც ,,კომერსანტს" განუცხადეს, დედაქალაქში ხეების ახალი დაავადებაა გავრცელებული.

    უწყების განცხადებით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ სათანადო ფიტოსანიტრიული ღონისძიებები ტარდება, რის შედეგადაც ცხენის წაბლების ხმობა თავიდან იქნება აცილებული.

    „გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანიის მიერ მიმდინარე წლის აგვისტოს პირველ ნახევარში ჩატარდა დედაქალაქის სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩებზე 150 ერთეული ცხენის წაბლის ხე-მცენარეების ფიტოსანიტარული შესწავლა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცხენის წაბლზე გავრცელებულია მუხის ერთფეროვანი ჩრჩილი, ასევე ცხენის წაბლის ფოთლების ჭკნობა ზოგიერთ შემთხვევაში გამოწვეულია მაღალი ტემპერატურით. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ( აპრილის თვეში) სხვადასხვა ხე- მცენარესთან ერთად, ფიტოსანიტარული დასკვნის შესაბამისად შეწამლული იქნა ცხენის წაბლის ხე-მცენარეები. სექტემბრის დასაწყისში, ფიტო სანიტარული კვლევის საფუძველზე, განზრახულია ცხენის წაბლის ხე- მცენარეების განმეორებით შეწამვლა",- განმარტავენ უწყებაში.

    როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სანიტარული ჭრები უნდა გააქტიურდეს და, საბოლოოდ, დაავადებული ხე ახლით ჩანაცვლდეს, რაც ასევე გარკვეული სტანდარტის დაცვას მოიოთხოვს.

    მათი თქმით, მდგომარეობა მძიმეა, რადგან წლების განმავლობაში ტყის მოვლა-შენახვის მიმართულებით ღონისძიებები შეჩერებული იყო. ამან გამოიწვია მავნებლების მომრავლება, რასაც კლიმატური ცვლილებაც დაემატა და საფრთხე მასშტაბური გახდა.

    ტყის რესურსის გადასარჩენად პერმანენტული ღონისძიებები მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე წელია, მთავრობა გააქტიურდა და ტყის გადასარჩენად ძალისხმევად არ ზოგავენ, თუმცა მწავენ საფართან დაკავშირებით ქვეყანაში დიდი პრობლემაა.

    გარემოსდამცველების ინფორმაციით, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი საფრთხე და ხეების ხმობის პროცესს მთელი შემართებით ებრძვის ევროპაც, სადაც ასევე წიწვოვანი ხეების დაავადებები არის გავრცელებული.

    სპეციალისტების თქმით, აღნიშნული მავნებლების პოპულაციის მკვეთრი მატება კლიმატურ ცვლილებებთან და მწერებისათვის დამახასიათებელ პერიოდულ რიცხოვნობის ზრდასთანაა დაკავშირებული.

    გარემოსდამცველ ნინო ჩხობაძის თქმით, დაავადება სწრაფად ვრცელდება ასაკოვან ხეებზე, რადგან სუსტი იმუნიტეტის გამო ბრძოლა ხეს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ძალიან უჭირს.

    ,,ხეების ხმობასთან დაკავშირებით პრობლემა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვაქვს. განსაკუთრებით წიწვოვანებია ამორტიზებული ანუ შესაბამისი ასაკი აქვთ, რის გამოც დაავადება იოლად მოერიათ. ბევრ შემთხვევაში ხეების ხმობის მიზეზი გლობალური დათბობაა. ამ დროს ხდება დაავადების გამოვლენა და სხვადასხვა სოკოვანი ავადმყოფობით აფეთქება. მასიური პრობლემაა არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშიც. ეს პროცესი თითქმის ყველგან შეინიშნება, წიწვოვანების ხმობა მთელ ევროპაში ხდება. მთავარი ამოცანაა, რაღაცნაირად შევინარჩუნოთ ენდემური სახეობები, რომლებიც გადაშენების პირასაა. ასე თუ გაგრძელდება, საქართველოს აღარც კი ექნება შეშის სათბობად გამოყენების შესაძლებლობა. ეს არ არის რეკომენდირებული, ამიტომ თუ ჩვენ სწორად გავაკეთებთ ენერგოეფექტურ ღონისძიებებს, მარტო შეშაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. გაზიფიცირება მიდის მთელ საქართველოში. ქალაქ თბილისს გააჩნია ადაპტაციის გეგმები კლიმატურ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ენერგო ეფექტურობასთან მიმართებაში მომზადდა. თუმცა მცენარის საფართან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა, რაც არსებულ გეგმას აუცილებლად უნდა დაემატოს. მარტო თბოიზოლაცია და ენერგოეფექტურობა არ არის საკმარისი, მწვანე ნარგავების გაშენება მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა არის გასააქტიურებელი", - განუცხადა ,,რეზონანსს" ნინო ჩხობაძემ.

    როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე მეტად წიწვოვანი ხეები ნადგურდება, რის ფაქტებიც საქართველოს რამდენიმე რეგიონშია, განსაკუთრებით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.

    მემცენარეობის სფეროს სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ზენაიშვილი განმარტავს, რომ პრობლემა გლობალურმა დათბობამ გამოიწვია.

    ,,პრობლემაა ყველგან, დაწყებული დასავლეთ საქართველოთი, ხეების დაავადებამ მოიცვა მთლიანად აჭარა, გურია და სამეგრელო. ენდემური სახეობის კოლხური ბზა, ფაქტობრივად არ გვხვდება, მასიურად განადგურდა იგი გურიაში, ჩოხატაურში სოფელ სურების მიდამოებში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოშიც, ლაგოდეხის ნაკრძალში, ყვარლის და ახმეტის მთაგორიანი ადგილებში რამდენიმე დასახელების ხე მასიურად ხმება. მიზეზი სხვადასხვაა, მაგალითად, ფიჭვზე ცუდად მაღალი ტემპერატურა მოქმედებს, ხოლო ბზას და წაბლს დაავადება ანადგურებს. კვიპაროსი, განტოტვილი და პირამიდულიც, კლიმატური ცვლილების გამო ხმება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ყველაზე მეტად აღმოსავლური ნაძვი არის დაზიანებული. ანალოგიური პრობლემაა ხაშურის რაიონში, სურამსა და ბორჯომის ხეობაში", - განმარტავს ზენაიშვილი.

    მისი შეფასებით, უნდა მოხდეს ისეთი ჯიშების გამოყვანა, რომელიც გვალვაგამძლეობით გამოირჩევა და კლიმატურ ცვლილებას ადვილად იტანს. ასეთი, მისი თქმით, არის შავი ფიჭვი, რომელიც +50 გრადუსსაც უძლებს.

    სპეციალისტების განმარტებით, სულ მცირე 15 წელია საჭირო იმისთვის, რომ გამხმარი ხეების ახალი ნერგებით ჩანაცვლების შემდეგ, მოშიშვლებული ტერიტორია კვლავ ტყედ იქცეს. 2-3 მეტრის სიმაღლის ნერგების დარგვას კი, დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×