სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    23.08.2019

     უამინდობის გამო ზღვისპირა კურორტებზე ტურისტების აქტიურობა შენელდა. ხშირი წვიმების გამო დამსვენებლების ნაწილმა ჯავშნები გააუქმა, რაც სეზონს საგრძნობლად დაეტყო. ბათუმში მდებარე სასტუმროებში აცხადებენ, რომ წინა წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა განახევრებულია. ანალოგიური მდგომარეობაა ანაკლიასა და განმუხურში, სადაც სეზონზე უამინდობამ ნეგატიურად მოქმედებს და ხალხს ბინების გაქირავება უჭირს.

    სასტუმროს მფლობელების თქმით, უამინდობასთან ერთად, სეზონზე პოლიტიკური სიტუაციაც მოქმედებს, კერძოდ, რუსეთის მიერ დაწესებული ტურისტული ემბარგო, რის გამოც კურორტსა რუსი დამსვენებლები დააკლდა.

    შავიზღვისპირეთში მდებარე სასტუმროების წარმომადგენების ინფორმაციით, ერთ თვეში ასეულობით ტურისტმა გააუქმა შეკვეთა და კურორტები შიდა დამსვენებლების ამარა დარჩნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივაც მძიმე ვითარებაა და სასტუმროები მასიურად ცარიელია. ფაქტია, რომ ქვეყანა ტურისტულ შოკს განიცდის.

    მართალია, საქართველოს რუსი ტურისტები დააკლდა, მაგრამ სიმცირე სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებზეც შეეხო, ზღვისპირა რეგიონებში უჩვეულო სიხალვათეა.

    ბათუმში მდებარე სასტუმრო ,,ოთოს" წარმომადგენელი მაიკო ბერიძე ,,რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ უამინდობისა და პოლიტიკური სიტუაციის გამო ჯავშნებს აუქმებენ.

    ,,ქვეყნის ტურისტული სექტორი კრიზისში მოექცა. ფაქტობრივად, შოკია, ამაზე უარესი მდგომარეობა რაღა უნდა იყოს, ბათუმის სანაპიროები დაცარიელდა. შემცირებაზე საუბარი არ არის, საერთოდ განულდება ჯავშნები, უმძიმესი ვითარება გველის. მიუხედავად რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვისა, აქა-იქ მაინც შემოდიოდნენ დამსვენებლები, ახლა შიდა ტურისტების ამარა ვართ და მათი რაოდენობაც 5%-ს არ აღემატება, შარშანდელთან შედარებით კატასტროფული კლებაა. ცხადია, დამსვენებლების განწყობაზე ამინდიც მოქმედებს. ამ მიზეზით ადგილობრივმა ტურისტებმაც გააუქმეს შეკვეთები, ცუდ დღეში აღმოვჩნდით. რუსები თითქმის არ არიან, ძირითადად სომხები, ირანელები და ქართველები ისვენებენ. შარშანდელ სეზონთან შედარებაც კი გვიჭირს. ზოგ სასტუმროში დამსვენებლების რაოდენობა განახევრებულია, ჩვენს შემთხვევაში, 70-80%-იანი ჩავარდნა გვაქვს. საოჯახო ტიპის სასტუმროა, 12 ნომერი გვაქვს და სრულად დატვირთული ერთი დღეს არ ყოფილა. ვინც ისევენებს, ძირითადად ის ხალხია, რომელსაც შავიზღვისპირეთში ბინები აქვს ნაყიდი, სხვა კატეგორიის დამსვენებელს იშვიათად ნახავთ", - აღნიშნა მაიკო ბერიძემ.

    ქობულეთში ზაზა შავაძე ორსართულიან კერძო სახლს აქირავებს. ეს მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. ზაზა შავაძის თქმით, კურორტზე დამსვენებლების სიმცირეა.

    ,,მდგომარეობა აშკარად გაუარესებულია. შარშან და შარშანწინ ვალების გასტუმრობეას მოვუნდით. საკმაოდ დიდი ხარჯი გავწიეთ, რომ კომფორტული გარემო შეგვექმნა. სეზონის დასაწყისში რუსი ტურისტები დავკარგეთ, ახლა ამინდი გვიტევს, თუ კვირაში 2 დღე 5 დღე წვიმს, ზღვაზე გასვლის საშუალება არ აქვს ხალხს და ან ნაადრევად მიდის ან ჯავშანს აუქმებს, ძალიან ცუდი სეზონია", - ამბობს შავაძე.

    ხშირი წვიმებია ანაკლიასა და განმუხურშიც, რამაც ტურისტები დააფრთხო. ხალხი იმაზე წუხს, რომ ბინები ვერ ქირავდება.

    ადგილობრივების ინფორმაციით, მათი ძირითადი შემოსავალი ტურისტული სეზონისას დამსვენებლების მომსახურებიდან აღებული თანხაა. აქ, მოსახლეობა ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროებს აქირავებს. სერვისებიც და ფასებიც განსხვავებულია: კვების გარეშე ერთი საწოლი 20-25 ლარი ღირს, ხოლო კვებით 30 ლარიდან ზევით.

    ტურისტებს შორის ბევრი ახლომდებარე რაიონების მკვიდრია, რომლებიც დილით ჩადიან და ღამით უკან ბრუნდებიან.

    ,,შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები აქვს თუ არა, სახლს ყველა აქირავებს. დამსვენებელს, რომელსაც ცოტა ფული აქვს, 15 ლარადაც შეუძლია ოთახის დაქირავება და ამ ფასად მომსახურების პირობებზე ნაკლებად ფიქრობს. მთელი ზაფხული წვიმს და ხალხი დიდი ხნით ვერ ჩერდება. წლევანდელ სეზონზე გამომუშავებული თანხით ბანკის ვალებსაც ვერ გადავიხდით", - ამბიბს ზამირა გამსახურდია, ანაკლიის მკვიდრი.

    განსხვავებული ვითარებაა მთის კურორტებზე, სადაც ამინდი დამსვენებლების მოსაზიდად ხელისშემშლელი არ არის და ხალხი სეზონით მასიურად კმაყოფილია.

    სვანეთში, სასტუმრო ,,ლილეოს" წარმომადგენელი ტარიელ ნიგურიანი ამბობს, რომ წელს კურორტზე ევროპელი ტურისტების უჩვეულო სიმრავლეა. მისი თქმით, რუსი ტურისტების დეფიციტს სეზონისთვის პრობლემა არ შეუქმნია.

    ,,ხალხმრავლობაა, რუს ტურისტებს თუ არ ჩავთვლით, არ ყოფილა ფაქტი, რომ ვინმეს ჯავშანი გაეუქმებინოს. ხალხი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოდის, განსაკუთრებით ევროპელები აქტიურობენ. ბევრია გერმანელი, ჰოლანდიელი და პოლონელი ტურისტი, უკრაინელებიც არ ჩამორჩებიან. რაც შეეხება რუს დამსვენებლებს, იშვიათად ნახავთ, ზოგი საავტომობილო გზით ახერხებს შემოსვალს, მაგრამ კურორტზე ასეთი ძალიან ცოტაა. მომსახურების საფასური არ შეცვლილა, მუდმივად ვცდილობთ ხარისხის ამაღლებას, ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ეს სეზონსაც დაეტყო. გარდა ამისა, კარგი ამინდებია, რაც დასვენებისთვის სასიამოვნო განწყობას ქმნის", - ამბობს ნიგურიანი ,,რეზონანსთან" საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ბათუმელი   (25.08.2019)
    ჩიტაიავ,სუფთა ავანტიურისტი ხარ,შეცდომაში შეგყავს მკითხვეილი ისეთ კადრს აქვეყნებ,თითქოს ცარიელია პლიაჟები,ეს ადგილი არის ნავთობგადამაუშავებელი ქარხნის პირდაპირ და სანაპირო გაჟღენთილია ნავთობპროდუქტების ნარჩენებით,ამიტომ ზღვის სანაპიროს ამ მონაკვთში, არასოდეს არ ისვენებდა არც საქართველოს და არც უცხოელი დამსვენებელი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×