სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ერთ წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ თითქმის 9 მილიარდით მოიმატა, რასაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საგანგაშოს უწოდებს
    რეზონანსი
    03.10.2019

     "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა თითქმის 13 მილიარდით ლარით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საეჭვო ბაზრის უმნიშვნელო რეგულირებას და რეკლამის კანონის შემოღებას დაპირება ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა, ბაზარი დღემდე დერეგულირებული და მიშვებულია. სპეციალისტების გარდა, უკვე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც მიუთითებს, რომ ბაზრის ამ მაშტაბის ზრდა გარკვეულ ეჭვებს აღძრავს.

    2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5,060 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

    საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის მონაცემებით, ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა:

    - 2008 წელს - 70.7 მლნ ლარი

    - 2009 წელს - 74.3 მლნ ლარი

    - 2010 წელს - 112.7 მლნ ლარი

    - 2011 წელს - 366. 3 მლნ ლარი

    - 2012 წელს - 996.0 მლნ ლარი

    - 2013 წელს - 1, 213 მლრდ ლარი

    - 2014 წელს - 2, 032 მლრდ ლარი

    - 2015 წელს - 3,890 მლრდ ლარი

    - 2016 წელს - 4, 036 მლრდ ლარი

    - 2017 წელს - 5,060 მლრდ ლარი

    - 2018 წელს - 13,806 მლრდ ლარი

    ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგს აქვს (43,2%)

    ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავრობის ბრალი ძალიან დიდია სათამაშო ბიზნესის პოპულარიზაციაში. სფეროში არსებულ დანაშაულებებზე თვალის დახუჭვაც ხშირად ხდება. 

    "რეგულაციების აბსოლუტური განულება იწვევს იმ სურათს, რაც დღეს ბაზარზეა ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით. არ ვიცი რა  მთავრობა უნდა იყო ან რა პარლამენტი უნდა გყავდეს, რომ ასე მშვიდად ხედავდე შენი შვილების თაობა აზარტული თამაშების გავლენის ქვეშ ექცევიან და იღუპებიან. არადა მსოფლიომ აღიარა, რომ ნარკოტიკული დამოკიდებულების მსგავია ლუდომანია. 

    ამ ტიპის ბიზნესის საქმიანობის მთავარი ასპექტი არის ფულის გათეთრება და დარწმუნებული ვარ, რომ მანდ ფული ნამდვილად თეთრდება. ამას ამბობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოში კი ხმას არავინ იღებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ბოლო დასკვნაში თქვა, რომ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ 5 წელიწადში ამ მასშტაბის ზრდის მიუხედავად, კანონდარღვევის ერთი ფაქტიც კი არ აღმოჩნდა. ბუნებაში არ არსებობს ასეთი ნახტომისებური მატება იყოს და არ იყოს არც ერთი კანონდარღვევის შემთხვევა. ესე იგი სპეციალურად თვალს ხუჭავენ, რაც ვერაფრით ვერ დავადგინეთ ვერც მე და ვერც ჩემმა თანამოაზრეებმა. 

    ვინ ლობირებს ამ ბიზნესს? ფაქტია ასეთი რამ ამ ხელისუფლების სირცხვილია, ხოლო ყველა ხელისუფლების სირცხვილია, რომ ქალაქის ცენტრში გვაქვს კაზინოები ამ ფონზე კი ადამიანები თავს იკლავენ, უბედურდებიან და ოჯახებს და ქონებას კარგავენ ჩვენ კი ამ დროს ვდგავართ და ტაქსებს ვარეგულირებთ", - აღნიშნა `რეზონანსთან~ მერაბ ჯანიაშვილმა.

    სათამაშო ბიზნესიდან სარგებელი მხოლოდ ბიზნესმენებს რჩებათ და ამით არაფერი ემატება ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას. აფბა-ს  ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ 1 წელიწადში 8 მილიარდით ბრუნვის გაზრდა არის ძალიან საშიში ტენდენციაა და ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ზარალდება ეკონომიკა. 

    "ამ სექტორში მოხვედრილი თანხები ეკონომიკაში ვეღარ ხვდება და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ჯიბეში მიედინება. ასეთი ზრდა მაინც ცხადყოფს, იმას რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება სათამაშო ბიზნესში. ამას ხელს უწყობს რეკლამაც, რომელიც ყოველდღე გვხვდება სხვადასხვა სივრცეში და ეს არასრულწლოვნებზეც დიდ გავლენას ახდენს. ბიზნესი არის სრულიად დაურეგულირებელი. არასრულწლოვნებს წესით ხელი არც კი უნდა მიუწვდებოდეთ, თუმცა რატომღაც ეს ასე არ არის. 

    ბუნებრივია ფულის გათეთრების რისკიც იზრდება, რადგან არანირი შეზღუდვა არ არსებობს. ჩვეულებრივ შპს-ებად არიან დარეგისტრირებულები ეს კომპანიები და შემოსავლების სამსახური ვერაფერს ახერხებს და იქ მოძრავი თანხები არის ბუნდოვანი. ამ ბიზნესს, რომ რეგულაციები სჭირდება ამაზე თავად ხელისუფლების წარმომადგგენლებიც საუბრობენ მუდმივად, თუმცა არც ერთი ნაბიჯი ამ დრომდე არ გადადგმულა. რეგისტრაციის პირობები აუცილებლად არის გასამკაცრებელი და არასრულწლოვნებს წვდომა მაქსიმალურად უნდა შეეზღუდოთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" კაპანაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გორგასალი   (06.10.2019)
    მართალია ქვეყანაში სადაც კაზინოებს ამდიდრებენ,ქვეყანა წინ ვ ერ წავა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×